Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზვიად ქორიძე შეწყალების კომისიის თავმჯდომარე გახდა


ზვიად ქორიძე
ზვიად ქორიძე

შეწყალების კომისიას ალექსანდრე ელისაშვილის ნაცვლად ჟურნალისტი ზვიად ქორიძე უხელმძღვანელებს, რომელიც გასული წლის ნოემბრიდან შეწყალების განახლებული კომისიის წევრი იყო. 4 ივლისს ზვიად ქორიძე ამ თანამდებობაზე ოფიციალურად საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა წარადგინა.

იმის გამო, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში შეწყალების კომისიას მისი ყოფილი ხელმძღვანელის, ალექსანდრე ელისაშვილის პოლიტიკაში წასვლის გამო დროებით ტაიმ-აუტი ჰქონდა აღებული, შეწყალების მოთხოვნით პატიმართა დახლოებით 1200 განსახილველი განცხადება დაგროვდა. სწორედ ამიტომ, კომისიას დაჩქარებული წესით მოუწევს მუშაობა. რამდენიმე სხდომა ზაფხულშივე გაიმართება, რომ უპასუხოდ არც ერთი პატიმრის თხოვნა არ დარჩეს, განაცხადა ზვიად ქორიძემ 4 ივლისს, როდესაც ის საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებას წარუდგინა:

„ვფიქრობ, ერთობლივი ძალისხმევით გავაგრძელებთ იმ პროცესს, რომელიც დავიწყეთ. შეწყალების პროცესის მიმართ საზოგადოებრივი ნდობა საგრძნობლად ამაღლდა. ეს პროცესი მოიცავდა ჰუმანურობისა და ტოლერანტული განწყობის ხელშეწყობას, რაც ჩაიდო კიდეც შეწყალების კომისიის ახალი სისტემის შექმნისას“.

შეწყალების კომისია მუშაობას განაახლებს უახლოეს დღეებში და იმუშავებს იმ პრინციპებით, რა პრინციპებითაც მუშაობდა. ჩვენი ძირითადი მიზანი კი არის შეწყალება...
გიორგი მარგველაშვილი

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ზვიად ქორიძის წარდგენისას კიდევ ერთხელ ჩამოთვალა ის პრინციპები, რომელთა გათვალისწინებითაც კომისიამ მომავალშიც უნდა იმუშაოს:

„შეწყალების კომისია მუშაობას განაახლებს უახლოეს დღეებში და იმუშავებს იმ პრინციპებით, რა პრინციპებითაც მუშაობდა. ჩვენი ძირითადი მიზანი კი არის შეწყალება, ლმობიერების გამოჩენა და ჰუმანური პრინციპების დანერგვა“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

თავად ზვიად ქორიძისათვის ამ თანამდებობაზე დანიშვნა მანამდე ნატვირთი ვალდებულების გაზრდას ნიშნავს. შეწყალების კომისიის ახალი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ შეწყალების აქტით სახელმწიფო მოქალაქეებს თავის ჰუმანურ ბუნებას აჩვენებს:

კომისიაში აქამდე უცნაური პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული: შეწყალების აქტის გამოცემა კონკრეტულ რელიგიურ ან რომელიმე სახელმწიფო დღესასწაულს უკავშირდებოდა. ალბათ, ბევრად სწორი იქნება სხვა ტიპის გრაფიკი შედგეს...
ზვიად ქორიძე

„ამიტომ მგონია, რომ შეწყალების აქტი დემოკრატიული განაცხადის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია და, სხვადასხვა ფაქტორებთან ერთდ, როდესაც დავთანხმდი ამ გადაწყვეტილებას, ესეც იყო, რომ ჩვენ შეწყალების პროცესი უნდა ვაქციოთ დემოკრატიზაციის პროცესის მნიშვნელოვან ნაწილად“.

რაც შეეხება ცვლილებებს, შესაძლოა შეიცვალოს შეწყალების აქტის გამოცემის კონკრეტულ დღესასწაულებთან დაკავშირების პრაქტიკა:

„კომისიაში აქამდე უცნაური პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული: შეწყალების აქტის გამოცემა კონკრეტულ რელიგიურ ან რომელიმე სახელმწიფო დღესასწაულს უკავშირდებოდა. ალბათ, ბევრად სწორი იქნება სხვა ტიპის გრაფიკი შედგეს, რაც ბევრად გააადვილებს იმას, რომ კომისიამ დროულად მიიღოს გადაწყვეტილება და ადამიანებს არ ჰქონდეთ განცდა, რომ მათ უსასრულოდ უნდა ელოდონ გადაწყვეტილების მიღებას მათი განცხადების საფუძველზე“.

შეწყალების კომისია საქართველოს პრეზიდენტმა გასული წლის ნოემბერში განაახლა. სწორედ მაშინ დაინიშნა ალექსანდრე ელისაშვილი კომისიის თავმჯდომარედ, თუმცა მას შემდეგ, რაც მან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საბურთალოს რაიონის მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრა გადაწყვიტა და გაიმარჯვა კიდეც, შეწყალების კომისია ორი თვის განმავლობაში ხელმძღვანელის გარეშე დარჩა.

ვფიქრობ, კომისიის მუშაობამ საზოგადოებაში ძალიან პოზიტიური მოლოდინი გააჩინა. საზოგადოებამ დაინახა, რომ ამ მხრივ მაინც შეიცვალა სახელმწიფოს პოლიტიკა და ის უფრო ჰუმანური გახდა...
ლია მუხაშავრია

აქვე გავიხსენოთ, რომ 2014 წლის მარტში შეიცვალა შეწყალების გამოყენების წესებიც. კომისიის მაშინდელი ხელმძღვანელი, ალექსანდრე ელისაშვილი, აცხადებდა, რომ დებულება უფრო ჰუმანური და სამართლიანი გახდა. ახალი წესების თანახმად, დღეს კომისია უფლებამოსილია განიხილოს უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ იმ პირთა საქმეები, რომელთაც საპატიმროში 25 წლიდან 15 წელი უკვე აქვთ მოხდილი.

2013 წელს განახლებული შეწყალების კომისიის მუშაობის შეფასებისას კომისიის კიდევ ერთი წევრი, ადვოკატი ლია მუხაშავრია, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ყურადღებას იმ შედეგებზე ამახვილებს, როლებიც ბოლო თვეებში გამოჩნდა:

„ვფიქრობ, კომისიის მუშაობამ საზოგადოებაში ძალიან პოზიტიური მოლოდინი გააჩინა. საზოგადოებამ დაინახა, რომ ამ მხრივ მაინც შეიცვალა სახელმწიფოს პოლიტიკა და ის უფრო ჰუმანური გახდა. ამაზე შეწყალებული პატიმრების რაოდენობაც მეტყველებს“.

ლია მუხაშავრიას ზვიად ქორიძის, ადრე გუნდის წევრის, ახლა უკვე გუნდის ხელმძღვანელად დანიშვნა იმედს აძლევს, რომ შეწყალების კომისია ელისაშვილის თავმჯდომარეობის დროს არჩეულ გზას არ გადაუხვევს.

დაბოლოს, გეტყვით იმასაც, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეწყალების კომისიის რეკომენდანციების საფუძველზე დღემდე შეწყალების სულ სამი აქტი გამოსცა და 200-ზე მეტი პატიმარი შეიწყალა.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG