Accessibility links

ტრამპი არ აპირებს რუსეთთან ურთიერთობის „გადატვირთვას“


დონალდ ტრამპი „ნიუ-იორკ ტაიმსის“ რედაქციაში გამართულ შეხვედრაზე

დონალდ ტრამპი „ნიუ-იორკ ტაიმსის“ რედაქციაში გამართულ შეხვედრაზე

აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, არ სურს ცნება „გადატვირთვის“ გამოყენება რუსეთთან ურთიერთობაზე საუბრისას, თუმცა ადასტურებს, რომ სურს კარგი ურთიერთობა ჰქონდეს მოსკოვთან. ეს პოზიცია მან გამოხატა 22 ნოემბერს გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსის“ რედაქციაში გამართულ შეხვედრაზე.

ამ შეხვედრის დროს დონალდ ტრამპს ჰკითხეს, აპირებს თუ არა რუსეთთან ურთიერთობის „გადატვირთვას“. შეგახსენებთ: ცნება „გადატვირთვა“ 2009 წელს გაჩნდა ამერიკა-რუსეთის ურთიერთობაში - გაჩნდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა გახდა. 2009 წლის 6 მარტს აშშ-ის მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს გადასცა სიმბოლური საჩუქარი: წითელი ღილაკი, წარწერით „გადატვირთვა“. მიზნად გამოცხადდა თანამშრომლობა ორივე მხარისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობის გაუმჯობესება 2008 წელს საქართველო-რუსეთის ომის გამო დაძაბულობის გამწვავების შემდეგ.

გადატვირთვის პოლიტიკის არაერთი კონკრეტული შედეგის - მათ შორის, ბირთვული არსენალის შემცირების შესახებ 2010 წელს ახალი ხელშეკრულების (ახალი „სტარტის“) გაფორმების - მიუხედავად, 2012 წელს უკვე ნათელი იყო, რომ გადატვირთვას აშშ-რუსეთის ურთიერთობა არსებითად არ გამოუსწორებია. 2014 წლიდან კი, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა მკვეთრად არის გაუარესებული.

ამ ფონზე, აშშ-ში წლევანდელი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპის არაერთმა განცხადებამ, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მიმართ აშკარად დადებით დამოკიდებულებას გამოხატავდა, ბევრს გაუჩინა შეკითხვა, პრეზიდენტის რანგში ტრამპი მოსკოვთან დაახლოებას, „გადატვირთვის“ გამეორებას ხომ არ შეეცდება.

თუმცა დონალდ ტრამპს, როგორც ირკვევა, არ სურს ამ ცნების გამოყენება.

„არ გამოვიყენებდი ამ ტერმინს იმის მერე, წინათ რაც მოხდა. ვფიქრობ, ძალიან გამიხარდება რუსეთთან კარგი ურთიერთობა და, ვფიქრობ, იმათაც გაუხარდებათ, თუ ჩვენთან კარგი ურთიერთობა ექნებათ. ეს ჩვენს, ორივეს ინტერესებშია“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა. მანვე „ნიუ-იორკ ტაიმსის“ გუნდთან შეხვედრისას გაიხსენა, რას ამბობდნენ აშშ-ში წინასაარჩევნო კამპანიის დროს პუტინის მიმართ ტრამპის დამოკიდებულებაზე:

„როცა კამპანიის დროს ამბობდნენ, დონალდ ტრამპს უყვარს პუტინი, პუტინს უყვარს დონალდ ტრამპიო, მე ვამბობდი, განა კარგი არ იქნებოდა (...), კარგი ურთიერთობა გვქონდეს რუსეთთან-მეთქი? კარგი არ იქნებოდა, ერთად ვებრძოლოთ „ისლამურ სახელმწიფოს“? - ეს სიტყვები წარმოთქვა დონალდ ტრამპმა, რის შემდეგაც გადატვირთვის პოლიტიკა აღარ უხსენებიათ „ნიუ-იორკ ტაიმსის“ რედაქციაში გამართულ შეხვედრაზე.

როგორ აპირებს დონალდ ტრამპი რუსეთთან კარგი ურთიერთობის დამყარებას, ეს კვლავაც არ არის ნათელი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG