Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ კრემლის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ


როგორ უნდა დაუპირისპირდე კრემლის პროპაგანდას? - ასეთია შეკითხვა, რომლის გარშემოც სამშაბათს იმსჯელეს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში. ერთ-ერთი დასკვნაა (და ის სადავოდ არ ითვლება), რომ დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა დიდხანს გაგრძელდება. ამ ხანგრძლივ პროცესსა და მისთვის გამოყოფილ თანხებზე კომიტეტში გამოსვლისას ისაუბრა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ბენჯამინ ზიფმა.

სიმართლეზე კრემლის თავდასხმის გათვალისწინებით, ჩვენი საუკეთესო თავდაცვაა სანდო, დამაჯერებელი ინფორმაციის გავრცელება...
ბენჯამინ ზიფი

შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია საჭიროდ მიიჩნევს, გაიზარდოს დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო აქტივისტების დახმარება ქვეყნებში, რომლებიც ყველაზე მწვავედ განიცდიან რუსეთისაგან ზეწოლას, - განაცხადა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლისას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ბენჯამინ ზიფმა.

„2015 საფინანსო წელს სახელმწიფო დეპარტამენტმა და USAID-მა 66 მილიონი დოლარი გამოყვეს აშშ-ის საგარეო დახმარების დასაფინანსებლად, ევრაზიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის დასახმარებლად. აქედან 16 მილიონი დოლარი ხმარდება დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას. (...) ეს დაფინანსება ეხმარება ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც რუსეთის აგრესიის ზემოქმედებას განიცდიან, გააძლიერონ დემოკრატიული პრინციპები, შექმნან დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო საზოგადოება, რომლისთვისაც მიუღებელია კორუფცია“, - განაცხადა ბენჯამინ ზიფმა.

მომავალ საფინანსო წელს კი, ასევე ზიფის ინფორმაციით, პრეზიდენტი ბარაკ ობამა ითხოვს ზემოხსენებული სექტორის დაფინანსების 26%-ით გაზრდას, ანუ აშშ-ის ბიუჯეტიდან 83 მილიონი დოლარის გამოყოფას სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის დასახმარებლად ქვეყნებში, რომლებიც ყველაზე მეტად განიცდიან რუსეთის ზეწოლას. გაზრდილი ხარჯი და ძალისხმევა საჭიროდ არის მიჩნეული დეზინფორმაციის გამო, რომელსაც, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, კრემლი ავრცელებს.

ბენჯამინ ზიფი
ბენჯამინ ზიფი

„ყველას გვსმენია კრემლის გაუთავებელი მტკიცება, რომ რუსი ჯარისკაცები არ იმყოფებიან უკრაინაში, რომ უკრაინა დაშლის ზღვარზეა, რომ ამერიკელები - და არა კორუმპირებული ლიდერები - არიან ქვეყანაში უკმაყოფილების მიზეზი. ერთი მხრივ, იოლია დაამტკიცო ამ განცხადებებიდან ბევრის უსაფუძვლობა, მაგრამ მათი 24-საათიან რეჟიმში გავრცელების მცდელობა ეჭვის, დაბნეულობის და უნდობლობის დასათესად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ყველაზე ფუნდამენტურ ჭეშმარიტებებსაც კი. კრემლი ამ მცდელობებს აფინანსებს წელიწადში 1,4 მილიარდი დოლარის დახვეწილი პროპაგანდისტული აპარატით შინ და უცხოეთში და აცხადებს, რომ ხმას აწვდენს 600 მილიონ ადამიანს 130 ქვეყანაში, 30 ენაზე (...) სიმართლეზე კრემლის თავდასხმის გათვალისწინებით, ჩვენი საუკეთესო თავდაცვაა სანდო, დამაჯერებელი ინფორმაციის გავრცელება“, - ამბობს ბენჯამინ ზიფი და აღნიშნავს, რომ ეს სამუშაო - კრემლის პროპაგანდის და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა - შეუძლებელია იყოს მოკლევადიანი. ეს არის საშუალო და გრძელვადიანი ძალისხმევა, რათა ევროპისა და აზიის ქვეყნებში არ არსებობდეს ნოყიერი ნიადაგი კრემლის მესიჯების დამაჯერებლად მისაჩნევად.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა დეზინფორმაციასთან დაპირისპირების მაგალითებს შორის ახსენა ჩვენი რადიოს რუსულენოვანი პროექტი “ნამდვილი დრო“ - ყოველდღიური საინფორმაციო ტელეპროგრამა, რომელსაც ცხრა ქვეყანაში აჩვენებენ კომერციული, სატელიტური და საზოგადოებრივი მედიასაშუალებები. რუსეთში ამ პროგრამას ინტერნეტში უყურებს კვირაში ორ მილიონამდე ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG