Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საიდუმლო დოკუმენტები 9 აპრილის შესახებ


1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 27 წლის თავზე „საქართველოს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) აქვეყნებს ამერიკის შეერთებული შტატების საარქივო ფონდებში დაცულ საიდუმლო დოკუმენტებს.

დოკუმენტები ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის დირექტორატის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და მოსკოვში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ 1989 წლის აპრილში საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ მომზადებულ ანალიტიკურ ცნობებს მოიცავს და ეხება არა მარტო 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს, არამედ იმ პოლიტიკურ დაძაბულობასაც, რომლის პიკიც 9 აპრილის ტრაგედია იყო.

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ მიერ საგანგებოდ 9 აპრილის ტრაგედიის წლისთავთან დაკავშირებით გამოქვეყნებული მთლიანი მასალა 9 დოკუმენტისგან შედგება და 1989 წლის 6 აპრილიდან 27 მაისამდე პერიოდს მოიცავს. შინაარსობრივად ამერიკის შეერთებული შტატების საარქივო დოკუმენტებში განთავსებული მასალები შეეხება „პოლიტიკურ არეულობას საქართველოში აფხაზეთთან დაკავშირებით“, „აფხაზეთის პირველი მდივნის გადაყენებას და თბილისში დაწყებულ დემონსტრაციებს“, საპროტესტო აქციების ძალადობაში გადაზრდას, ეგრეთ წოდებულ დაძაბულ სიმშვიდეს და სხვა. მასალებს შორისაა „საუბარი ქართველ დისიდენტთან“ , რომელშიც ასახულია ლენინგრადში შეერთებული შტატების საკონსულოს ოფიცრის 1989 წლის 27 მაისს თბილისში ვიზიტის ამსახველი მოხსენება და გადმოცემულია საკონსულოს წარმომადგენელსა და ეროვნული მოძრაობის ლიდერ ზვიად გამსახურდიას შორის გამართული საუბრის შინაარსი. ზოგადად, დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და სპეცსამსახურები ინტენსიურად აკვირდებოდნენ საბჭოთა საქართველოში მიმდინარე პროცესებს, თუმცა ადგილზე ფაქტობრივ ინფორმაციაზე წვდომა ძირითადად საბჭოთა და საერთაშორისო პრესით გავრცელებული ცნობების საშუალებით ჰქონდათ. როგორც „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ გამგეობის თავმჯდომარე ლევან ავალიშვილი ამბობს, 9 აპრილთან დაკავშირებული საიდუმლო დოკუმენტები პირველად ქვეყნდება და წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, თუ როგორ იყო აღქმული საქართველო მიმოწერაში და რა ინფორმაციაზე დაყრდნობით კეთდებოდა ანალიზი:

ლევან ავალიშვილი
ლევან ავალიშვილი

“ძირითადად ის განწყობა, რომელიც შეიქმნა საქართველოსთან მიმართებაში, წარმოდგენა, მაგალითად, რომ მკვეთრად ნაციონალისტური მოძრაობა იყო ჩვენი ეროვნული მოძრაობა და მიმართული იყო, მაგალითად, ეთნიკური უმცირესობების წინააღმდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია, რომელზეც შემდგომ აეგო უკვე შეერთებული შტატების და, მათ შორის, ევროპული ქვეყნების დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერის კუთხით, დაყრდნობილი იყო სწორედ ინფორმაციის არქონაზე, საკმარისი ინფორმაციის არქონაზე“.

1989 წლის 8 აპრილს, მაგალითად, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და საიდუმლო სამსახურების სახელზე იგზავნება დაშიფრული ცნობა, რომელშიც საქართველოში არსებული პოლიტიკური მღელვარება ეთნიკური კონფლიქტის დასაწყისადაა შეფასებული. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თბილისში შემოვიდა ჯარის დამატებითი ნაწილები, რათა აკონტროლოს დაახლოებით 100 000 ადამიანისგან შემდგარი საპროტესტო აქცია, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით. ზემოთ მოყვანილი დოკუმენტიდან ჩანს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში აცნობიერებდნენ მოსალოდნელი კონფლიქტის დაწყების საფრთხეს და პარალელს ავლებდნენ მთიანი ყარაბაღის საკითხზე დაწყებულ სომხურ-აზერბაიჯანულ კონფლიქტთან.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანალიტიკოსები ამ პერიოდის საქართველოს შესახებ არსებულ ცნობებში ეროვნულ მოძრაობაში შემავალ პარტიებს სწორედ ქართველ ნაციონალისტებად მოიხსენიებენ. „სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარის ნოდარ ნათაძისთვის არც მაშინ და არც ახლა ამას უარყოფითი დატვირთვა არ აქვს, იმის მიუხედავად, რომ მისთვის ცნობილია, როგორ აფასებენ ტერმინს დიპლომატიურ წრეებში:

“ერთხელ მე ერთ დიპლომატს, საქართველოში აკრედიტებულს, ევროპელ დიპლომატს, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის, ვთხოვე კონსულტაცია. აი, მეთქი, ამ კონტექსტში, ამ დოკუმენტში მე მინდა ვიხმარო სიტყვა ნაციონალიზმი დადებითი მნიშვნელობით და როგორ იქნება ეს აღქმული. იმან მითხრა: ცალსახად უარყოფითად. ჩემი აზრით, ჩემი აზრით, ჩვენ ამას, აი, ამ მოვლენას უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა. ჩვენ უნდა ვთქვათ, ჩვენ ნაციონალისტები ვართ და ჩვენი ნაციონალიზმი არის განათლებული ნაციონალიზმი“.

როდესაც დისიდენტური მოძრაობის პერიოდი იყო, ჩვენ ყოველთვის გვქონდა კავშირები მეტ-ნაკლებად დასავლეთის წარმომადგენლებთან, პრესასთან და ვცდილობდით, რომ მათ სწორი ინფორმაციები ჰქონოდათ...
თამარ ჩხეიძე

ჩვენი მიზანია ეროვნული ნორმებისა და ინტერესების აღიარება და რეგულირება ზოგადი, კარგად გააზრებული ნორმებით, რასაც ვერავინ ვერ გვისაყვედურებს, შენიშნავს ნოდარ ნათაძე. 1989 წლის 7 აპრილით დათარიღებულ დოკუმენტში კი, მაგალითად, ანალიზის ავტორი წერს, რომ დემონსტრაციის ქართველ ლიდერებს შორის სოხუმში დაპირისპირება გასაპროტესტებელ საკითხზე შეუთანხმებლობამ გამოიწვია. კერძოდ, „რადიკალური“ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისა და ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის წარმომადგენლები მოითხოვდნენ, რომ მთელი ყურადღება საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის მოთხოვნაზე გადატანილიყო,“ რაციონალურად“ მოაზროვნე რუსთაველის საზოგადოებისა და ილია ჭავჭავაძის საზოგადოების პოზიციით კი, კონცენტრირება აფხაზეთის საკითხზე უნდა მომხდარიყო. ანალიზის თანახმად, ზომიერ პოლიტიკურ ძალად წარმოდგენილი ილია ჭავჭავაძის საზოგადოების თავმჯდომარე, თამარ ჩხეიძე, კითხვაზე, გრძნობდნენ თუ არა 1989 წლის აპრილის მოვლენებში დასავლეთის თვალს პოლიტიკური ლიდერები, გვპასუხობს:

“რა თქმა უნდა, გარკვეულწილად, ვგრძნობდით, რა თქმა უნდა, როგორ არა. 9 აპრილი ეს უკვე სხვა პერიოდია, ეგრეთ წოდებული „პერესტროიკის“ დაწყების შემდეგ. მანამდეც, „პერესტროიკამდეც“, როდესაც დისიდენტური მოძრაობის პერიოდი იყო, ჩვენ ყოველთვის გვქონდა კავშირები მეტ-ნაკლებად დასავლეთის წარმომადგენლებთან, პრესასთან და ვცდილობდით, რომ მათ სწორი ინფორმაციები ჰქონოდათ. მით უმეტეს, კომუნისტურ პერიოდში ეს ძალიან აქტიური იყო, იმიტომ რომ ოფიციალური წყაროებიდან ვერ მიიღებდნენ ამ ინფორმაციებს და ყოველთვის გვქონდა მათთან გაცვლა-გამოცვლა და გარკვეული შეხვედრები“.

1989 წლის 9 აპრილის მოვლენების ამსახველი საარქივო მასალები ნაწილია ამერიკის შეერთებული შტატების საარქივო ფონდებში საქართველოს შესახებ არსებული იმ დოკუმენტებისა, რომელიც „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ მოიპოვა. ორგანიზაციის თხოვნით, ამერიკის შეერთებული შტატების საარქივო ფონდებში დაცული საიდუმლო დოკუმენტები ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან არსებულმა „ეროვნული უსაფრთხოების არქივმა“ გამოითხოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG