Accessibility links

აშშ გადასინჯავს კურსს რუსეთთან მიმართებით


ბარაკ ობამა

ბარაკ ობამა

ამერიკელი კანონმდებლები მოითხოვენ ინფორმაციას პოლიტიკურ კურსზე, რომელსაც ამჟამად ამზადებენ ვაშინგტონში რუსეთთან მიმართებით, უკრაინაში კონფლიქტის ფონზე. აშშ და მისი მოკავშირეები, როგორც ცნობილია, რუსეთს ადანაშაულებენ აღმოსავლეთ უკრაინაში მებრძოლი სეპარატისტების მხარდაჭერაში. რა ცვლილებებია მოსალოდნელი თეთრი სახლის პოზიციაში და რა შეკითხვები აქვთ ამერიკელ კანონმდებლებს?

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართა თხოვნით, გააცნოს ინფორმაცია რუსეთთან ურთიერთობის საკითხში ვაშინგტონის კურსის გადასინჯვაზე, თუმცა საამისოდ შეხვედრა ჯერ არ დანიშნულა. ეს ინფორმაცია 2 თებერვალს მიაწოდა ჩვენს რადიოს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანაშემწემ. მისივე ცნობით, პოლიტიკური კურსის გადასინჯვაზე ინფორმაციის მოპოვებას ცდილობს შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტიც. „თუ ადმინისტრაცია რუსეთის საკითხში ჩვენი პოლიტიკის გადასინჯვაზე მუშაობს, კონგრესი ინფორმირებული უნდა იყოს ამ პროცესზეო“, განაცხადა თანაშემწემ, რომლის ვინაობასაც საჯაროდ არ ამხელენ.

ვაშინგტონის ადმინისტრაციის მაღალი რანგის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ასევე ანონიმურობის დაცვის თხოვნით, უთხრა ჩვენს რადიოს, რომ დაწყებულია რუსეთის საკითხში შეერთებული შტატების პოლიტიკის მასშტაბური გადასინჯვა გასული წლის განმავლობაში რუსეთის მადესტაბილიზებელი და კონტრპროდუქტიული ქმედებების გამო. ეს შეფასება, ოფიციალური პირის განმარტებით, ეხება, პირველ რიგში, უკრაინის მიმართ რუსეთის ქმედებას.

ამავე წყაროს ცნობით, პოლიტიკური კურსის გადასინჯვის ფარგლებში აანალიზებენ რუსეთის პოლიტიკას, ქმედებებს და მიზნებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მსჯელობენ დასკვნებზე, რომლებიც შეერთებულმა შტატებმა უნდა გამოიტანოს ამ ანალიზის საფუძველზე.

პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მუშაობას რუსეთის მიმართ პოლიტიკური კურსის გადასასინჯად ფონს უქმნის მდგომარეობის გაუარესება აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც უკვე 5 350-ზე მეტი ადამიანი შეიწირა შარშან აპრილში დაწყებულმა შეიარაღებულმა კონფლიქტმა. რუსეთის მომხრე სეპარატისტებმა ბოლო კვირებში გაააქტიურეს იერიშები უკრაინის ჯარების პოზიციებზე. ამასთან, უფლებადამცველები ორივე მხარეს სდებენ ბრალად დასახლებების დაბომბვას. კიევი და დასავლეთი რუსეთს ადანაშაულებენ მეამბოხეების იარაღით, ცოცხალი ძალით და ფულით მომარაგებაში. მოსკოვი უარყოფს ბრალდებებს.

გაზეთი „ნიუ-იორკ ტაიმსი“ 1 თებერვალს იუწყებოდა, რომ შეერთებული შტატების ხელმძღვანელობა განიხილავს უკრაინისათვის თავდაცვითი იარაღის მიწოდების შესაძლებლობას და ასევე შესაძლებელია დაიწყოს დისკუსია უკრაინის ჯარების საბრძოლო იარაღით მომარაგებაზე, რათა კიევს არ მოუხდეს სეპარატისტებისათვის მეტი ტერიტორიის დათმობა.

XS
SM
MD
LG