Accessibility links

სოციალურად დაუცველთათვის იაფდება მიკროავტობუსებით მგზავრობა


სამარშრუტო ტაქსებში სოციალურად დაუცველი პირები 50 პროცენტიანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. სამარშრუტო ტაქსებში სატრანსპორტო შეღავათების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ 20 ნოემბერს მიიღო. თბილისის 2013 წლის ბიუჯეტში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც, სოციალურად დაუცველი პირების მიკროავტობუსებში შეღავათიანი მგზავრობისთვის 300 000 ლარი გამოიყო.

თბილისის მერიის ინიციატივასა და საკრებულოს გადაწყვეტილებას დედაქალაქის მიკროავტობუსებში სოციალურად დაუცველთა შეღავათიანი მგზავრობის შესახებ თბილისელები მიესალმებიან. მათთვის მოქალაქეებზე ზრუნვის ეს ფორმა მისაღებია:

„ძალიან ძვირია. მე პირადად მიწევს უამრავჯერ ასვლა ტრანსპორტში და ძვირია. „მარშრუტკები“ ხომ საერთოდ ძვირია. არც ავტობუსია იაფი და თუ სოციალურად დაუცველებს აქვთ შეღავათი, ძალიან მიხარია და ძაან მისასალმებელია“.

„თუ მადლს აკეთებდნენ, ბარემ გაეიაფებინათ. თუ დახმარებაა, დახმარება იყოს ბოლომდე და იქნებ გაითვალისწინონ შემდეგისთვის მაინც“.
2014 წლის ბიუჯეტზე ვმუშაობთ ამწუთშიც და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ სოციალურიც იყოს ეს ბიუჯეტი, და შეღავათები, რაც არის დღეის მდგომარეობით, იგივე დარჩეს, გაუმჯობესდეს და არ შემცირდეს...

თავის მხრივ კი, საშეღავათო სისტემის ამოქმედება მიკროავტობუსებში მძღოლების მოწონებასაც იმსახურებს. მიუხედავად იმისა, რომ, ტექნიკური მომსახურების თვალსაზრისით, მიკროავტობუსებისათვის არაფერი იცვლება და მგზავრთა ნაწილისათვის დაწესებულ შეღავათს თბილისის ბიუჯეტი ანაზღაურებს, სიახლე პოტენციურად მიკროავტობუსებში მგზავრთა ნაკადის გაზრდის შესაძლებლობასაც იძლევა. კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ ხელმძღვანელი დავით ასანიძე ამბობს:

“დავუშვათ, სოციალურად დაუცველი თუ აქამდე ადიოდა და 80 თეთრს იხდიდა, აწიც 80 თეთრს გადაიხდის. უბრალოდ, სხვაობა ის იქნება, რომ თუ იმ 80 თეთრს აქამდე მთლიანად სოციალურად დაუცველი იხდიდა, ახლა ნახევარს მერია გადაიხდის. ჩვენთვის რეალურად არაფერი იცვლება. თეორიულად, მე ვფიქრობ,რომ რადგან ყველა სოციალურად დაუცველი აქამდე 80 თეთრს ვერ იხდიდა და ერიდებოდა „მარშრუტკაში“ ამოსვლას, - დავუშვათ, ეძვირებოდა - ახლა, ვინაიდან მათთვის 40 თეთრი ხდება, შეიძლება ცოტა მეტი მგზავრი ამოვიდეს, შეიძლება მგზავრთა ნაკადი გაიზარდოს, თუმცა ესეც თეორიაა. მაგას დავინახავთ რეალურად ცოტა მოგვიანებით“.

„თბილისის მიკროავტობუსის“ ხელმძღვანელი დავით ასანიძე ფიქრობს, რომ დაახლოებით ერთი თვის ვადაში გამოჩნდება, რამდენად გაიზრდება ელექტრონული გადახდები. სოციალურად დაუცველები სამარშრუტო ტაქსებში აგნარიშსწორებას სწორედ მერიის სოციალურად დაუცველის ბარათით განახორციელებენ. უფრო ზუსტად კი, სამარშრუტო ტაქსებში 50 პროცენტიანი ფასდაკლებით 70 000-ზე დაბალი ქულის მქონე სოციალურად დაუცველი პირები ისარგებლებენ. ამასთან, ფასდაკლებით სარგებლობის ლიმიტი 4 მგზავრობას მოიცავს. პირველი მგზავრობა 40 თეთრი ეღირება, მომდევნო სამი მგზავრობისას კი მგზავრს 32 თეთრის გადახდა მოუწევს.

თბილისის საკრებულომ, მერიის ინიციატივისა და ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე, გადაწყვეტილება მიკროავტობუსებით შეღავათიანი მგზავრობის დაწესების შესახებ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 20 ნოემბრის სხდომაზე მიიღო. სხდომამ 2013 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა. სოციალურად დაუცველთა მიკროავტობუსებით მგზავრობის შეღავათის დასაფინანსებლად 300 000 ლარი გამოიყო. როგორც საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ დავით ჯინჭარაძემ გვითხრა, მერიის თანახმად, ეს სხვადასხვა ტენდერიდან აკუმულირებული თანხაა. მისივე თქმით, სოციალურად დაუცველთა სატრანსპორტო შეღავათებს დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტიც გაითვალისწინებს:

“2014 წლის ბიუჯეტზე ვმუშაობთ ამწუთშიც და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ სოციალურიც იყოს ეს ბიუჯეტი, და შეღავათები, რაც არის დღეის მდგომარეობით, იგივე დარჩეს, გაუმჯობესდეს და არ შემცირდეს“.
არაფერი უცნაური არ არის, რომ ამ საკითხს, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, საკრებულოს სრულმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, იმიტომ რომ, მე ვფიქრობ, არის საკითხები, რომლებიც საერთოდ არ განეკუთვნება პოლიტიკის თემას...

დავით ჯინჭარაძის კოლეგა კი, საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-რეფორმატორების“ თავმჯდომარე თემურ გრიგალაშვილი, აღნიშნავს, რომ მიკროავტობუსებით მგზავრობაზე სოციალურად დაუცველთათვის შეღავათების დაწესების გადაწყვეტილება თემის პოლიტიზების გარეშე იქნა მიღებული.

“მე ვფიქრობ, რომ, ზოგადად, ინიციატივა, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, თავისთავად კეთილი საქმეა, გამომდინარე იქიდან, რომ დაახლოებით 100 000-მდე მოქალაქეზეა საუბარი, რომლებიც ისარგებლებენ ამ უფლებებით. არაფერი უცნაური არ არის, რომ ამ საკითხს, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, საკრებულოს სრულმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, იმიტომ რომ, მე ვფიქრობ, არის საკითხები, რომლებიც საერთოდ არ განეკუთვნება პოლიტიკის თემას და ეს საკითხები ბევრია და კარგია, რომ ჩვენ, საკრებულოს დეპუტატებს, ასეთი დამოკიდებულება გვაქვს - იქნება ეს სოციალური საკითხი თუ ინფრასტრუქტურული საკითხი“.

70 000-მდე ქულის მფლობელი სოციალურად დაუცველები სამარშრუტო ტაქსებში განახევრებული ფასით 28 ნოემბრიდან ისარგებლებენ.
XS
SM
MD
LG