Accessibility links

წყალმომარაგების კომპანიის შეთავაზება რეგიონის მცხოვრებლებს


დღეიდან საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას წყლის დავალიანების გადახდაში დახმარებას სთავაზობს. 1 ოქტომბრამდე, სპეციალური აქციის ფარგლებში, მოქალაქეებს, რომლებიც წყლის დავალიანების 50%-ს გადაიხდიან, დარჩენილ თანხას კომპანია ჩამოაწერს. წყალმომარაგების კომპანიის ზუგდიდის სერვისცენტრის „ბილინგის“ მენეჯერი თეიმურაზ ანთელავა აცხადებს, რომ კომპანიას მანამდე არ ჰქონია მსგავსი აქცია და მისი მთავარი მიზანი ძველი დავალიანებების დაფარვაა. მისივე განმარტებით, ზუგდიდი არ არის გამორჩეული და მოქალაქეებზე დარიცხული წყლის საფასურის ვალი აქ 100 ლარს არ აღემატება:

„აქციის არსი მდგომარეობს იმაში, რომ თუ არის დავალიანება და აბონენტი ვერ ახერხებს მთლიანად დაფარვას, ხელს ვუწყობთ, რომ დავალიანება დაიფაროს ნახევარი და მისი დაფარვის შემდეგ დავალიანება არ ექნება. რაც შეეხება ზუგდიდს, დიდი დავალიანებებით არ გამოირჩევა, მაგრამ არის რაღაც დავალიანებები დარჩენილი. აქ არ არის ზღვრული თანხა დაწესებული და ყველას აქვს თითქმის რაღაც თანხები დავალიანებაში“, – ამბობს თეიმურაზ ანთელავა.
ხალხის გასაჭირი რატომ არის გასარჩევი მაინცდამაინც არჩევნებთან დაკავშირებით, ამის გარდა, უბრალო დროს რატომ არ არის ეს ასე?..

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ შეთავაზებულ აქციას რადიო თავისუფლების მიერ ზუგდიდის ქუჩებში გამოკითხული მოქალაქეები არაერთგვაროვან შეფასებებს აძლევენ. რესპონდენტების ნაწილს ურჩევნია მსგავსი აქცია ენერგოკომპანიამ გააკეთოს, რადგან ელექტროენერგიის საფასური ბევრად აღემატება წყლისას. მოქალაქეების ნაწილი კი მსგავს შეთავაზებებს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს:

„შუქის ფულს გიხდის, ვაუჩერს გაძლევს... მანამდე რატომ არ ჰქონდა ეს? ხმა უნდა და იმიტომ ხდება ეს.“

„წყალმომარაგების კომპანია ნახევარს თუ გადაიხდის, მეტი რა გინდა? მომწონს, აბა რა.“

„ყველაზე მაღალი გადასახადი არის შუქის. წყალზე ცოტაა, მაგრამ ისიც ნამეტანია, მგონი.“

„3 და10 ლარის ამბავია. გინდა ჩამოგაჭრან, გინდა არა.“

„ხალხის გასაჭირი რატომ არის გასარჩევი მაინცდამაინც არჩევნებთან დაკავშირებით, ამის გარდა, უბრალო დროს რატომ არ არის ეს ასე?“

„იმდენად მდიდარია ჩვენი ქვეყანა ბუნებრივი წყლებით, სამკურნალო წყლები გინდა... სუფთა წყლით, რომ საერთოდ არ უნდა იყოს წყალზე გადასახადი...“

მთლიანად რომ გაეთავისუფლებინათ წყლის გადასახადისაგან, ცალსახად ჩავთვლიდით, რომ ეს არის მოსყიდვა, მაგრამ რადგან 50%–ის შეღავათზეა საუბარი, შეიძლება მეტ-ნაკლებად ვივარაუდოთ, რომ რაღაც ნაწილობრივ მოსყიდვასთან გვაქვს საქმე...

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი პარტიის „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი გიორგი ალასანია „წყალმომარაგების კომპანიის აქციას არცთუ ურიგოს“ უწოდებს, თუმცა არც მის მოახლოებულ არჩევნებთან კავშირს გამორიცხავს.

„მოსახლეობიდან გადახდა არის ძალიან ცუდი. არიან ადამიანები, რომლებიც ქრონიკულად არ იხდიან გადასახადებს. იმის გამო, რომ ამოღება გაუმჯობესდეს, ალბათ მოხდა გადასახადების 50%–ით შემცირება. მეორე ვარიანტია, რომ ახლა ყველაფერი საარჩევნო კამპანიას უკავშირდება. ახლა, დავუშვათ, მთლიანად რომ გაეთავისუფლებინათ წყლის გადასახადისაგან, ცალსახად ჩავთვლიდით, რომ ეს არის მოსყიდვა, მაგრამ რადგან 50%–ის შეღავათზეა საუბარი, შეიძლება მეტ-ნაკლებად ვივარაუდოთ, რომ რაღაც ნაწილობრივ მოსყიდვასთან გვაქვს საქმე“, – აცხადებს გიორგი ალასანია.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ აქციის პირობებით სარგებლობა რეგიონებში ყველა აბონენტს შეეძლება. აქციის ფარგლებში აბონენტებმა უნდა მიმართონ კომპანიის სერვისცენტრებს და დააზუსტონ მათზე დარიცხული დავალიანება, რომლის აქტსაც კომპანიის აგენტი აბონენტს სახლში მიუტანს.
XS
SM
MD
LG