Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

აგროპროექტი - ბიზნესმენებისთვის თუ ფერმერებისთვის?!


საქართველოში შეღავათიანი აგროსესხების გაცემა დაიწყო. ფერმერებისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტი ამოქმედდა, რომელიც უპროცენტო და დაბალპროცენტიან განვადებას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში სამი კომპონენტი გამოიკვეთა. შეღავათიანი აგროსესხებით მცირე, საშუალო და მსხვილი ფერმერები ისარგებლებენ. აგროსაწარმოებისთვის გათვალისწინებულია 7 წლამდე შეღავათიანი აგროკრედიტი, – აცხადებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსი ზაზა ხუციშვილი.

,,1-ლი კომპონენტი 5 000 ლარამდეა, მეორე კომპონენტი არის 5 000-დან 100 000 ლარამდე, მესამე შემთხვევაში უკვე დიდ თანხებზე გვაქვს საუბარი, გამოსახულია მილიონ ლარამდე“.

თუკი მცირე ფერმერები, რომლებსაც 6 თვიანი უპროცენტო სასაქონლო კრედიტის მიღება შეეძლებათ და ამ პერიოდში განვადებას ვერ დაფარავენ, ყოველ მომდევნო თვეში მათ სამი პროცენტის გადახდა მოუწევთ. საშუალო და მსხვილი ფერმერებისათვის კრედიტის საპროცენტო განაკვეთი 8 პროცენტზე მაღალი არ იქნება. მათთვის 5000-დან 100 000 ლარამდე-მდე 2-წლიანი აგროკრედიტის გაცემაა გათვალისწინებული, ხოლო აგროსაწარმოებისათვის, რომელთა სესხიც 7 წლით მილიონ ლარამდე თანხას შეადგენს, წლიური საპროცენტო განაკვეთი 3 პროცენტი იქნება. აღნიშნული კომპონენტი მინიმუმ 60 საწარმოს გახსნას ითვალისწინებს. ადგილობრივი ფერმერები პროექტის ეფექტურობას ვერ ხედავენ:

,,ვფიქრობდი, რომ მოზარდი მეყიდა ან გოჭები, მიწა დამემუშავებინა დიდ ფართობზე და შემოსავალი მიმეღო, მაგრამ მივედი და უარით გამომისტუმრეს. მიჭირს და იმიტომ მივდივარ სასესხებლად, თორემ რომ არ მიჭირდეს, ჩემი ბიზნესის განვითარება თავად რომ შემეძლოს, მანდ რა მინდა. ამაზე უარს ამბობს, გლეხის დონეზე არ საუბრობს. ერთი სიტყვით, ის ბიზნესმენებს ეხმარება“.

,,5 000 რომ გამოიტანო, მოსავალი ხომ უნდა მიიღო, რომ გაისტუმრო. ეგ არ გვაწყობს ჩვენ, ჩვენ უფრო გრძელვადიანი, 7 წლიანი სესხი გვაწყობს. მე, მაგალითად, 10 000 ლარი მინდა, თუ მომცემენ. მაქვს მაგის ბაზა, მივაკითხავ კიდევ ბანკებს“.

სესხის დამტკიცების შემდეგ მსესხებელს დაბალი საპროცენტო განაკვეთი დაერიცხება, თუმცა რეალურად ბანკი მას უფრო მაღალ პროცენტში გასცემს. სხვაობას „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“ დაფარავს. იმისთვის, რომ მეწარმემ შეღავათიანი სესხი მიიღოს, ბანკს უნდა მიმართოს და ბიზნესპროექტი წარუდგინოს. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში 11 ბანკი და ორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჩაერთო. ახალციხეში არსებული ფილიალებიდან შეღავათიან აგროსესხებს ბანკი „კონსტანტა“, „საქართველოს ბანკი“, „ლიბერთი ბანკი“, „კრედო“ და „პროკრედიტბანკი“ გასცემენ. „კონსტანტას“ ახალციხის განყოფილების უფროსის ნიკოლოზ ხმალაძის განმარტებით, მათთან სესხები მცირე და საშუალო ფერმერებისთვის გაიცემა:

,,მიეცათ მსესხებლებს იმის საშუალება, რომ ისარგებლონ 5 000 ლარამდე 6-თვიანი განვადებით, რომლითაც შეეძლებათ, რომ შეიძინონ როგორც სათესლე მასალები, ასევე შხამ-ქიმიკატები. აიღონ მაღაზიიდან განვადება. ეს განვადება 0-პროცენტიანია. ასევე ვმონაწილეობთ 5 000 ლარიდან 100 000 ლარის ფარგლებში. სააგენტო, რომელიც მონაწილეობს ამ პროექტში, დააფინანსებს მსესხებლის საპროცენტო განაკვეთიდან 12 %-ს.”

„შეღავათიანი აგროსესხების პროექტს“ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი“ აფინანსებს, მისი განხორციელება კი „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს“ დაეკისრა. სამინისტროს წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ პროექტი სოფლის მეურნეობის სექტორისათვის ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობას გააადვილებს.
XS
SM
MD
LG