Accessibility links

კახეთში ბანკები იაფი და გრძელვადიანი სესხების გასაცემად ემზადებიან. სესხი სამი კატეგორიის ფერმერზეა გათვლილი და 5 ათასიდან ერთ მილიონ ლარამდე თანხის გაცემას ითვალისწინებს. რა იციან კახელებმა მთავრობის ახალი ინიციატივის შესახებ და ვის ექნება შესაძლებლობა იაფი სესხით ისარგებლოს?

ბანკები სოფლის მეურნეობაში იაფი და გრძელვადიანი სესხების გაცემას იწყებენ. პროექტის ფარგლებში სამი კომპონენტი განიხილება. პირველი, ეს არის 5 000 ლარამდე და გამიზნულია მცირე ფერმერებისათვის. მეორე კომპონენტი 5 000-დან 100 000 ლარამდეა. ეს არის საშუალო და მსხვილი ფერმერებისათვის განკუთვნილი ორწლამდე შეღავათიანი აგროკრედიტი და მისი საპროცენტო განაკვეთი 8-ს შეადგენს. მესამე კომპონენტი 1 მილიონ ლარამდე სესხს ითვალისწინებს. ამ შემთხვევაში სესხი ტექნიკური საშუალებების განვითარებაზე გაიცემა.

რა იციან გურჯაანის რაიონში მთავრობის ახალი პროექტის შესახებ და აპირებენ თუ არა ფერმერები შეღავათიანი სესხით სარგებლობას?

გურჯაანში მცხოვრები გივი ცერცვაძე: „კრედიტს კი გამოიყენებ, მაგრამ მისი დაფარვაა საქმე. მე ჯერ არ ვაპირებ სესხის აღებას და ამიტომ არ ვიცი, როგორ მივიქცევი. ვიდრე სესხებს გასცემენ, მანამდე მოვიფიქრებ, ალბათ“.

გივი ცერცვაძისგან განსხვავებით, ლაგოდეხში მცხოვრებ გიორგი ხარაიშვილს უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ იაფი კრედიტით ისარგებლოს და ბანკიდან 5000 ლარი გამოიტანოს. მას ყოველწლიურად მცირე ნაკვეთზე სიმინდი მოჰყავს, წელს კი გეგმავს, რომ ეს კულტურა დიდ ტერიტორიაზე დათესოს. ლაგოდეხელთა ნაწილი კი ამბობს, რომ იაფი კრედიტების გაცემის შესახებ ინფორმაცია არა აქვთ:

„წელს ასეთი გეგმა მაქვს: 5 ათასს ავიღებ, მიწებს ვიქირავებ და უფრო მეტ სიმინდს მოვიყვან, ვიდრე სხვა წლებში“.

„არაფერი არ ვიცი, სად და როგორ გაიცემა“.

„ჩემი აზრით, სესხს გლეხებს არ მისცემენ. თუ მისცეს კიდევ, ზოგისთვის კარგი იქნება და ზოგისთვის ცუდი“.


ვის შეუძლია მიიღოს იაფი სესხი? სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი გიორგი ჩხეიძე განმარტავს, რომ სესხის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, თუ ის კონკრეტულ ბანკს დაუმტკიცებს, რომ კრედიტუნარიანია. გიორგი ჩხეიძე ამბობს, რომ სესხები ქალაქში მცხოვრებ ადამიანებზეც გაიცემა, თუ ისინი სოფლის მეურნეობის კუთხით ახორციელებენ პროექტებს:

„ეს სესხი თავისი შინაარსით არ განსხვავდება ჩვეულებრივი სესხისგან. სიახლეა ის, რომ საპროცენტო განაკვეთს სახელმწიფო დააფინანსებს და მომგებიანი იქნება ფერმერისთვის. მე ვფიქრობ, რომ ვისაც სურვილი გაუჩნდება, ყველა ვერ მიიღებს სესხს. მიიღებენ ისინი, ვინც ბანკს დაუსაბუთებს, რომ კრედიტუნარიანია. საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც ბანკი იღებს, რადგან თანხები, რომელსაც გასცემენ, მათია“.

მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პროექტი გახსნილად გამოაცხადა, ლაგოდეხში ბანკებს კრედიტების გაცემა არ დაუწყიათ. ბანკის მენეჯერები ოფიციალურ კომენტარს ჯერ არ აკეთებენ, თუმცა პირად საუბრებში ამბობენ, რომ ამ პროექტისთვის მათი საკრედიტო თანამშრომლები სპეციალურ მომზადებას გადიან და სესხების გაცემას, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან დაიწყებენ.
XS
SM
MD
LG