Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წლიური ანგარიში ეთნიკურ უმცირესობათა საკითხებში


შეხვედრა ეთნიკურ უმცირესობებთან
შეხვედრა ეთნიკურ უმცირესობებთან

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ეთნიკურ უმცირესობათა საკითხებში სოფიო შამანიდმა 23 სექტემბერს ეთნიკურ უმცირესობათა საკითხებზე მომუშავე 40-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს უმასპინძლა. პრეზიდენტის მრჩეველმა მათ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარუდგინა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გაწეული მუშაობის შედეგები გააცნო.

ეთნიკურ უმცირესობათა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის სოფიო შამანიდის თანახმად, გასული ერთი წლის განმავლობაში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რამდენიმე უპრეცედენტო პროექტი განახორციელა:

სოფიო შამანიდი
სოფიო შამანიდი

“ეს იყო უფასო ენის კურსების გახსნა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, რომელიც დღესაც გრძელდება; ასევე, აფხაზეთის ვირტუალური არქივის შექმნა. მოგეხსენებათ, არქივი სოხუმში დაიწვა და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის, რაც აიტვირთა, მათ აძლევთ შესაძლებლობას, რომ ჰქონდეთ წვდომა იმ მასალაზე, რაც ჩვენ გაგვაჩნია და მათ არა. ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც პრეზიდენტის ფონდმა განახორციელა, არის ოსურ-ქართული ურთიერთობების ცენტრის გახსნა. ჩვენ ვცდილობთ გავაძლიეროთ სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტი, რათა რეგიონიდან არ მოხდეს სტუდენტების გადინება სხვა ქვეყნებში“.

გასული წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების რაოდენობისა და ხარისხის შეფასებისას, „მრავალეროვანი საქართველოს“ ხელმძღვანელმა არნოლდ სტეფანიანმა, თავის მხრივ, გამოყო ის წვლილი, რომელიც ადმინისტრაციას ეთნოსთაშორისი ურთიერთობების სფეროში მიუძღვის - მათ შორის, ისეთ საკითხებში, როგორიცაა სამოქალაქო ინტეგრაცია, ეთნიკური უმცირესობების სპეციფიკური თემების დაცვა და სხვა:

“ასევე მინდა აღვნიშნო ევროპასთან ასოცირებული ხელშეკრულების გადათარგმნა სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე და სიუჟეტების გაკეთება „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“. საერთოდ, ამ ხელშეკრულების პოპულარიზაცია ძალზე მნიშვნელოვანია რეგიონებისთვის, რადგან, მინდა გითხრათ, რომ უამრავი სტერეოტიპი არსებობს ამ ხელშეკრულებაზე იმ რეგიონებში, სადაც უმცირესობები ცხოვრობენ. მინდა გითხრათ, რომ შემოგდებული სტერეოტიპებიც არის ბევრი და მრავლდება ეს სტერეოტიპები და ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი სამუშაო ამ კუთხით“.

უკვე სკოლის მერხიდან ბავშვი საკუთარი ნებით წავიდა ამ სასაკლაოზე და თავისთავად ნომერი პირველი პრობლემა ეს არის ხეობისთვის, ეს არის პრობლემა, როდესაც უკვე მომავალი თაობა თავის თავს გენოციდს უწყობს და ამაზე სახელმწიფო არაფერს არ ამბობს. ეს არის საშინელება...
მექა ხანგოშვილი

იმ მუდმივ და გადაუდებელ სამუშაოებს შორის, რომელიც სახელმწიფომ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში უნდა განახორციელოს, სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს კოორდინატორის კობა ჩოფლიანის თანახმად, არის ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონებისთვის საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მათთვის გასაგებ ენაზე:

“ეს შეიძლება, ვთქვათ, სომხური, აზერბაიჯანული ან რუსული იყოს, იმიტომ რომ რუსულიც ესმით ამ ადამიანებს. ეს არის დიდი პრობლემა, იმიტომ რომ, თუკი არ იცი რა სახელმწიფოა და რა ხდება ამ სახელმწიფოში, ვერ იქნები მისი ნაწილი. აღებული არის აქცენტი ენის სწავლებაზე, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის, მაგრამ ინტეგრაცია მხოლოდ ენის სწავლება არ არის. ანუ ამას მხოლოდ პრეზიდენტი ვერ დაძლევს ამ თემას. ეს არის სხვადასხვა უწყებების მიერ კომპლექსურად გასატარებელი საქმიანობა. მე ვსაუბრობდი მთლიანად სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელ საქმიანობაზე და არა კონკრეტულად მხოლოდ ერთი ინსტიტუციის“.

საქართველოს პრეზიდენტი ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებს პირველად გასული წლის ნოემბერში შეხვდა. სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს კოორდინატორი კობა ჩოფლიანი მიიჩნევს, რომ გასული თითქმის ერთი წლის განმავლობაში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, მთლიანობაში, ძირითადად წარმატებით გაართვა თავი იმ ამოცანებს, რაც ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებმა დაუსახეს. შესრულებულ სამუშაოებს შორისაა ასევე ქართულ-ოსური ურთიერთობების სამეცნიერო კვლევითი ცენტრის გახსნა, ქობულეთში ბოშათა გაძლიერების ცენტრის გახსნა, პანკისის ხეობაში მოზარდებისათვის ფოტოკლუბის მოწყობა და სხვა.

მექა ხანგოშვილი
მექა ხანგოშვილი

პანკისში გატარებული ღონისძიებების ნუსხას კიდევ უფრო განავრცობს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატში ერთ-ერთი მრჩეველი, მექა ხანგოშვილი. იგი ამბობს, რომ განათლების სამინისტრომ წელს უმაღლეს სასწავლებლებში პანკისელი ახალგაზრდებისთვის 14-კაციანი კვოტა დაუშვა, ხეობაში აშენდა სპორტული დარბაზი, გაკეთდა გზა, მაგრამ გადაუჭრელი დარჩა მთავარი:

“ყველამ იცის, ყველაზე რთული პრობლემაა დღეს, რომ ჩვენი ახალგაზრდები მიდიან სირიაში. ბოლო დროს, მოგეხსენებათ, რომ უკვე სკოლის მერხიდან ბავშვი საკუთარი ნებით წავიდა ამ სასაკლაოზე და თავისთავად ნომერი პირველი პრობლემა ეს არის ხეობისთვის, ეს არის პრობლემა, როდესაც უკვე მომავალი თაობა თავის თავს გენოციდს უწყობს და ამაზე სახელმწიფო არაფერს არ ამბობს. ეს არის საშინელება“.

მექა ხანგოშვილი სახელმწიფოს დახმარებას ითხოვს ასევე ისეთ საკითხებში, როგორიცაა ჩეჩნური ენის გადარჩენისთვის ზრუნვა და რეგიონის მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ ეთნიკურ უმცირესობათა ინტეგრაციის საკითხებზე ჩატარებული მუშაობის შედეგებით, თავის მხრივ, კმაყოფილია ებრაელ ქალთა საბჭოს ხელმძღვანელი მარინე სოლომონიშვილი. იგი ფიქრობს, რომ, სხვა თემებთან შედარებით, ებრაულ თემს საქართველოში გაცილებით ნაკლები პრობლემები აქვს. მარინე სოლომონიშვილი იმედოვნებს, რომ მომავალი წლისთვის ახალციხის მეორე სინაგოგის საკითხიც გადაიჭრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG