Accessibility links

შოთა გორგიაშვილს თავდაცვის სამინისტროში დაბრუნება უნდა


გორში სახალხო დარბაზის წევრები ყოფილ პოლიტიკურ პატიმრებს შეხვდნენ

გორში სახალხო დარბაზის წევრები ყოფილ პოლიტიკურ პატიმრებს შეხვდნენ

გორში სახალხო დარბაზის წევრები იმ ყოფილ პოლიტიკურ პატიმრებს შეხვდნენ, რომლებიც მუხროვანის ამბოხის ბრალდებით იყვნენ დაკავებულნი. ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონის ყოფილი მეთაური შოთა გორგიაშვილი ბატალიონის სხვა წევრებთან ერთად სასჯელს 3 წლის და 8 თვის განმავლობაში იხდიდა. იგი აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომისა და თავდაცვის სამინისტროში არსებული ვითარების შესახებ განსხვავებული აზრი ჰქონდა და მისი პოლიტიკური დევნის მიზეზიც ეს გახდა.

ცალკეულ ჯავშანსატანკო ბატალიონს გორის ბატალიონსაც უწოდებდნენ, რადგან დისლოკაციის ადგილი გორში იყო და იქ ძირითადად გორელები მსახურობდნენ, აგვისტოს ომის შემდეგ კი მუხროვანში გადაიყვანეს. ბატალიონის ყოფილმა ჯარისკაცებმა აგვისტოს ომი, მუხროვანში მომხდარი ინციდენტი და ციხეში გატარებული წლები გაიხსენეს. მათი თქმით, ომის დროს ბატალიონმა ბოლომდე იბრძოლა და თითქმის უდანაკარგოდ გამოვიდა ბრძოლის ველიდან. გორგიაშვილმა ომიდან გამოსული ბატალიონი ორ ნაწილად გაყო და პარტიზანული ომისთვის გადაეწყო, თუმცა ბრძანება არ მიუღია. რაც შეეხება მუხროვანის ეგრეთ წოდებულ ამბოხს, ბატალიონის წევრები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ ეს 2009 წლის აპრილში დაწყებული საპროტესტო აქციებისა და მათი პროტესტის ჩასახშობად გამოიყენა; გარდა ამისა, სამაგალითო ბატალიონის დასჯით მთავრობამ ჯარზე ტოტალური კონტროლის განხორციელება დაიწყო. სამხედრო ექსპერტი ხვიჩა წულაია ამბობს, რომ დიდი ხნის განმავლობაში ამ ბატალიონის წარმომადგენლებს ომის მონაწილეების სატატუსსაც კი არ აძლევდა თავდაცვის სამინისტრო.

სამხედრო ექსპერტი არჩილ გვერდწითელი აცხადებს, რომ წინასწარ შემუშავებული სტრატეგია იმდენად გამოუსადეგარი იყო რომ ომი წინასწარ წასაგებად იყო განწირული.

სახალხო დარბაზის წევრები ამბობენ, რომ ამ შეხვედრით ბატალიონის წარმომადგენლებისადმი მორალური მხარდაჭერის გამოხატვა და მათი რესოციალიზაციის დაწყება სურდათ. დარბაზის თავმჯდომარე, მწერალი ვანო ჩხიკვაძე აცხადებს, რომ ამ ჯარისკაცებს უნდა მოეხსნათ დიდი წნეხი და ტვირთი, რომელიც მათ მოღალატეებად გამოცხადებას თან ახლდა.

შოთა გორგიაშვილი და მისი თანამებრძოლები არ გამორიცხავენ, რომ რეაბილიტაციის შემდეგ სამართლებრივი დავა დაიწყონ და მოითხოვონ იმ პირების დასჯა, ვინც ისინი მძიმე ბრალდებით ციხეში გაუშვა. გარდა ამისა, შოთა გორგიაშვილს თავდაცვის სამინისტროში დაბრუნების სურვილიც აქვს.
XS
SM
MD
LG