Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდში გალის შეხვედრების დეტალებსა და უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს


შეხვედრა ზუგდიდში
შეხვედრა ზუგდიდში

დღეს ზუგდიდში, „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ (IPRM) ფარგლებში, ისაუბრეს გალში განხილულ საკითხებზე, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე, ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებსა და კონფლიქტის მოგვარების საკითხებში ქალთა ჩართულობის აუცილებლობაზე. შეხვედრის მონაწილეებმა - არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა - აღნიშნული საკითხების შესახებ ინფორმაცია პროცესებში უშუალოდ ჩართული პირებისგან მოისმინეს.

შეხვედრის ერთ-ერთი ორგანიზატორის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლის, ზვიად ზვიადაძის, განცხადებით, ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობა იყო ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი და შემაშფოთებელი ფაქტი, რომელსაც შეიძლებოდა სიტუაციის უმართაობა გამოეწვია, თუმცა საზოგადოების სწორმა რეაქციამ დაძაბულობა განმუხტა.

გუშინდელი შეხვედრა დაუბრუნდა ძველ, ტრადიციულ ფორმატს. 13 საკითხი იყო განხილვის საგანი და ცამეტივე საკითხზე გაიმართა მსჯელობა ...
ზვიად ზვიადაძე

სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელმა ისაუბრა გალის ხუთმხრივი შეხვედრების აღდგენის მნიშვნელობაზე. მისი სიტყვებით, ოთხწლიანი წყვეტის შემდეგ შერეული შეხვედრის აღდგენა ადრე არსებული ფორმატით არ მომხდარა:

„27 მაისის პირველი შეხვედრა ექსტრაორდინარული სახით ჩაინიშნა და მხოლოდ ერთი - გიგა ოთხოზორიას მკვლელობის - საკითხი იყო განხილული. ჩვეულებრივი ფორმატით შეხვედრა არ ჩატარებულა, მაგრამ ახლა სხვა რეალობა გვაქვს. გუშინდელი შეხვედრა დაუბრუნდა ძველ, ტრადიციულ ფორმატს. 13 საკითხი იყო განხილვის საგანი და ცამეტივე საკითხზე გაიმართა მსჯელობა“.

ზვიად ზვიადაძისავე თქმით, შემდეგ შეხვედრაზე, რომელიც 2 აგვისტოს არის ჩანიშნული, უკვე ელოდებიან დე ფაქტო რესპუბლიკისა და საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებისგან დაყენებულ მოთხოვნებზე პასუხს.

საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების ზომების შესახებ ისაუბრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მარიამ ღლონტმა. ის თავად მონაწილეობს ინციდენტების პრევენციის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფების შეხვედრებში როგორც გალში, ასევე ერგნეთში.

მარიამ ღლონტის განცხადებით, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციური დანაყოფები, რომლებიც 24-საათიანი განრიგით ახორციელებენ პერიმეტრის კონტროლს. სუს-ის თანამშრომლის განცხადებით, ამ მხრივ აღსანიშნავია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პატრულირებაც. მარიამ ღლონტმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო აფხაზეთის ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებულთა შესახებ მათ ხელთ არსებული სტატისტიკა. მისი ინფორმაციით, ამ მხრივ, აფხაზეთში დაკავებულთა რაოდენობა უსწრებს ე. წ. სამხრეთ ოსეთში დაკავებულთა რაოდენობას:

იმედი გვაქვს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და ქალთა ორგანიზაციას შორის ურთიერთობის ეს ფორმა შედეგად მოიტანს გამჭვირვალედ ინფორმირებას გალის რაიონში ინციდენტების პრევენციის მექანიზმის დღის წესრიგზე...
ერიკა კვაპილოვა

„აფხაზეთში დაკავებულთა ნახევარზე მეტი არის გალის მცხოვრები. გასული წლის მონაცემებით, 321 ადამიანი იქნა დაკავებული ე. წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით. ეს არის ჩვენ მიერ იდენტიფიცირებული ინფორმაცია. თუ დავეყრდნობით რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, დაახლოებით, 2400-ზე მეტი ადამიანი არის დაკავებული“.

მოხსენება გააკეთა შეხვედრის კიდევ ერთმა ორგანიზატორმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში, ერიკა კვაპილოვამ. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია გალის შეხვედრების აღდგენის ფაქტი. მანვე განმარტა, რომ აუცილებელია კონფლიქტის მოგვარების საკითხებში აქტიურად ჩაერთონ ქალები:

„იმედი გვაქვს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და ქალთა ორგანიზაციას შორის ურთიერთობის ეს ფორმა შედეგად მოიტანს გამჭვირვალედ ინფორმირებას გალის რაიონში ინციდენტების პრევენციის მექანიზმის დღის წესრიგზე“.

შეხვედრა ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. მისი ორგანიზატორები იყვნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG