Accessibility links

logo-print

რას მოასწავებს შეხვედრები პრეზიდენტის სასახლეში


საქართველოს პრეზიდენტის სასახლე

საქართველოს პრეზიდენტის სასახლე

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, მედიასა და ექსპერტთა ერთ ჯგუფთან კონცულტაციების შემდეგ, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეხვედრებს აგრძელებს. ის უკვე შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს, შეხვდა საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს. 27 ოქტომბერს ავლაბრის რეზიდენციას ესტუმრა ბიზნესმენი ქიბარ ხალვაშიც, რომელმაც პრეზიდენტს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის სასამართლო პროცესებზე მონიტორინგის განხორციელება სთხოვა. მარგველაშვილი დიალოგის აუცილებლობასა და პოლიტიკოსებს შორის საერთო ენის გამონახვის აუცილებლობაზე ლაპარაკობს, პარლამენტის თავმჯდომარე კი ქვეყანაში საგანგებო სიტუაციის ნიშნებს ვერ ხედავს. რას ემსახურება შეხვედრები პრეზიდენთან, რა ინფორმაციას აგროვებს გიორგი მარგველაშვილი, რისთვის სჭირდება მას მხარეების მოსმენა ან რა გავლენის მოხდენა შეუძლია საქართველოს პრეზიდენტს მიმდინარე მოვლენებზე?

27 ოქტომბერს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში მივიდა ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილისთვის დავობს. როგორც თავად ხალვაშმა ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა, მან პრეზიდენტს სასამართლო პროცესზე მონიტორინგის განხორციელება სთხოვა. ხალვაშის აზრით, იმის გასარკვევად, თუ როგორ მიდის საქმე, სასამართლო პროცესს პრეზიდენტის წარმომადგენელი უნდა დაესწროს:

„მონიტორინგის განხორციელება იმიტომ ვთხოვეთ, რომ სასამართლო დიდ ზეწოლას განიცდის „ნაციონალური მოძრაობისგან“. ისინი ცდილობენ ზეგავლენა მოახდინონ მოსამართლის გადაწყვეტილებაზე, ამიტომ ვთხოვეთ პრეზიდენტს, რომ მისი წარმომადგენელი დასწრებოდა პროცესს. მან დახმარება აღგვითქვა. ჩვენ ავუხსენით მას სამართლებრივი საკითხები, თუმცა თქვა, რომ ის არ არის იურისტი და ამიტომ სხვადასხვა მხარეს უნდა მოუსმინოს“.

ქიბარ ხალვაშმა ჟურნალისტებთან საუბრისას დღეს იმაზეც ილაპარაკა, თუ როგორ დაათმობინეს მას ტელევიზია და როგორ გადაუხადეს 300 000 ლარი ქონებაში, რომელიც თავად მას 7 300 000 დოლარად ჰქონდა ნაყიდი:

„2006 წლის 16 ნოემბერს, 22:30 საათზე, მაშინდელ პრეზიდენტთან სალაპარაკოდ მივედი, სადაცმან წამომიყენა პრეტენზია, მოთხოვნა-ულტიმატუმი, რომ უნდა დამეთმო ტელევიზია იმისათვის, რომ ჩემს ოჯახს და მე უფრო კარგად გვეცხოვრა დაპრობლემები არ შემქმნოდა. მეორე დღეს, 2006 წლის 17 ნოემბერს, მოვიდა დიმიტრი ქიტოშვილი თავის მეგობრებთან ერთად და გადაიფორმა "რუსთავი 2". არსებობს მტკიცებულება, რომელშიც წერია, რომ მე კომპანიაში ავიღე 300 000 ლარი, როცა მე იგივე ქონება 7 300 000 დოლარად ვიყიდე".

ცხადია, ჩვენი წარმომადგენელი - მათ შორის, ვერც მე და ვერც სხვა - სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება აღქმული სასამართლოზე გავლენის მოხდენის მცდელობად. შესაბამისად, ჩვენ ამ ნაბიჯს არ გადავდგამთ...

ხალვაშის ამ განცხადებას „რუსთავი 2“-ის ეთერში მალევე გამოეხმაურა ტელეკომანიის ადვოკატი ზაზა ბიბილაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ ქიბარ ხალვაშის განცხადებების სერიოზულად შეფასება არ შეიძლება და რომ სასამართლოში მის სასარგებლოდ არანაირი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის.

ის, რომ სასამართლოზე მონიტორინგის განხორციელების უფლება პრეზიდენტს არ გააჩნია, ეს შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემაც განმარტა, თუმცა დაამატა, რომ საკითხის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო პრეზიდენტი თვალს მიადევნებს მის განვითარებას:

„ცხადია, ჩვენი წარმომადგენელი - მათ შორის, ვერც მე და ვერც სხვა - სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება აღქმული სასამართლოზე გავლენის მოხდენის მცდელობად. შესაბამისად, ჩვენ ამ ნაბიჯს არ გადავდგამთ. მაგრამ, მეორე მხრივ, ეს საქმე არის უაღრესად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი და ჩვენ მას თვალყურს მივადევნებთ".

ერთი დღით ადრე, 26 ოქტომბერს, საღამოს, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც, თუმცა, მისი შეფასებით, ამ შეხვედრაში „განსაკუთრებული და საგანგებო“ არაფერი ყოფილა. უსუფაშვილის განმარტებით, ეს პოლიტიკის ნაწილია: გუშინ თუ შეხვდა პრეზიდენტს, გუწინწინ - პრემიერ-მინისტრს, ხვალ და ზეგაც ასევე იქნება. ეს შეხვედრები არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა:

"ვერ ვხედავ კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის რაიმე საფრთხეებს. ვხედავ ცალკეულ კონკრეტულ პრობლემებს. საჭიროა პრობლემებთან გამკლავება, რომ ზოგადად - და მომავალშიც, ოდესმე - თეორიული საფრთხეც კი ავიცილოთ თავიდან. ამიტომ ყველამ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ გულმოდგინედ და თუ რაიმე მოსაზრება გვაქვს, ერთმანეთს გავუზიაროთ“.

პრეზიდენტმა უნდა იმოქმედოს ისე, როგორც მოქმედებს. ის ამაზე მეტს ვერაფერს გააკეთებს, თუმცა მხოლოდ მასზე არ არის დამოკიდებული, რა გამოვა აქედან, რადგან ის არ ფლობს კონკრეტულ სახელისუფლებო ინსტრუმენტებს, არც რომელიმე პარტიის წარმომადგენელია...

თავის მხრივ, პრეზიდენტი შეხვდა საქართველოს პატრიარქსაც და შეხვედრაზე დიალოგის რეჟიმსა და შერიგების აუცილებლობაზე ილაპარაკა:

„თქვენ მიგვანიშნეთ, რომ პოლიტიკოსებმა, რომლებიც ხშირად ემოციურად ზღვარს გადავდივართ, უნდა ვიპოვოთ ერთმანეთთან სასაუბრო ენა. დიდი მადლობა ამ მინიშნებისათვის და მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ყველა სახელმწიფო მოხელე, პოლიტიკოსი თქვენს სიტყვას უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს და ეს დიდ გავლენას მოახდენს ჩვენს თანაცხოვრებაზე“.

არაფერი არაბუნებრივი იმაში არ არის, რომ პრეზიდენტი მუდმივად აკონტროლებდეს ქვეყანაში საფრთხის შემცველ ქმედებებს და მუდმივად ყურს უგდებდეს ქვეყნის მაჯისცემას, - გვითხრა პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა. მისი თქმით, არასამთავრობო სექტორთან, ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებსა და, თუნდაც, პატრიარქთან მისი შეხვედრები ინფორმაციის მოგროვებას ისახავს მიზნად, რათა შემდგომში მისი რეაქცია იყოს უფრო დაბალანსებული და შეჯერებული. ექსპერტი გია ხუხაშვილი კი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს, განსაკუთრებით იმ დროს, როცა დაპირისპირებული მხარეები კონფლიქტის გამწვავებას აანონსებენ და კონსტიტუციის ფარგლებიდან გასვლაზეც კი მიანიშნებენ, მუდმივად უნდა ჰქონდეს იმის მცდელობა, ეს თავიდან ააცილოს ქვეყანას:

„პრეზიდენტმა უნდა იმოქმედოს ისე, როგორც მოქმედებს. ის ამაზე მეტს ვერაფერს გააკეთებს, თუმცა მხოლოდ მასზე არ არის დამოკიდებული, რა გამოვა აქედან, რადგან ის არ ფლობს კონკრეტულ სახელისუფლებო ინსტრუმენტებს, არც რომელიმე პარტიის წარმომადგენელია. ერთადერთი, რაც მას შეუძლია, „ცხელ თავებს“ მოუწოდოს, რომ საღი აზრით და რაციონალური სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ნაბიჯები გადადგან და საკონსტიტუციო ფარგლებს არ გასცდნენ“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG