Accessibility links

logo-print

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 14 %-ითაა შემცირებული, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ეკონომიკის სფეროს ექსპერტთა შეფასებით, ამგვარი კლების უკან ეროვნული ვალუტის გაუფასურება და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის შემცირება უნდა დავინახოთ. რატომ მცირდება ექსპორტთან ერთად იმპორტიც?

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2015 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 5 მილიარდ 573 მილიონ აშშ დოლარითაა შემცირებული - ექსპორტი 24 %-ით, ხოლო იმპორტი 11 %-ითაა დაკლებული. თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბიზნესსკოლის დეკანის გიგა ბედინეიშვილის შეფასებით, ეს „საგრძნობი და მნიშვნელოვანი კლებაა“:

„ექსპორტის შემცირება, მეორე მხრივ, ეკონომიკის შემცირებას და ეკონომიკური ზრდის შემცირებას ნიშნავს. რაც შეეხება იმპორტს, ეს ნიშნავს იმას, რომ გაღარიბებული ვართ, შარშანდელთან შედარებით - რა თქმა უნდა, ლარის სისუსტის გამო. ამიტომ უფრო ძნელად ხელმისაწვდომია ჩვენთვის ომპორტული საქონელი და იმპორტირებული საქონლის მოცულობაც შესაბამისად მცირდება. დიდი ციფრებია და ლამის შოკურ მაჩვენებლადაც შეიძლება ჩაითვალოს“.

ეს მაჩვენებლები გიგა ბედინეიშვილს აფიქრებინებს, რომ აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა შეიცვალოს. მისი თქმით, საგარეო ფაქტორებს საქართველო ვერ შეცვლის და, ამ ფონზე, ქვეყანას მხოლოდ თავისი ეკონომიკური პოლიტიკის შეცვლა შეუძლია. გიგა ბედინეიშვილი ამბობს, ხელისუფლების მიერ პრიორიტეტულად მიჩნეულმა რუსულმა ბაზარმა მოლოდინი ვერ გაამართლა და, შესაბამისად, ბაზრის დივერსიფიცირებაზე ფიქრია საჭიროო:

„მაგალითად, რუსეთში უამრავი ღვინო გავიტანეთ და ახლა რუსი კლიენტები ჩვენს ღვინის მწარმოებლებს ფულს ვეღარ უხდიან და არის საკმაოდ დიდი დებიტორული დავალიანება დაგროვილი და ეს არის სახელმწიფოს არასწორი პოლიტიკის შედეგი“.

საქართველოს პროდუქციით საზღვარგარეთ ვაჭრობის ვარდნის მთავარი მიზეზი საექსპორტო პროდუქციის ძირითად ბაზრებზე - რუსეთსა და უკრაინაში - მიმდინარე მოვლენებია. ამას ამბობს ეკონომისტი ბესიკ ნამჩავაძეც:

„მაინც ძირითადი ჩვენი ექსპორტის შემცირებაში არის ჩვენს საექსპორტო ქვეყნებში ეკონომიკური პრობლემები, ვიდრე ჩვენი შიდა პრობლემები. როდესაც რუსული რუბლი, უკრაინული გრივა ქართულ ლარზე მეტად გაუფასურებულია, ესეც უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ექსპორტზე“.

უცხოეთიდან გადმორიცხვების და ექსპორტის თითქმის მეოთხედით შემცირებამ, რასაც ლარის განუხრელი გაუფასურება მოჰყვა გასული წლის მეორე ნახევრიდან, მთლიანობაში, იმპორტის შემცირებაც გამოიწვია, ვინაიდან ლარმა მსყიდველობითი უნარი დაკარგა და გაძვირებულ იპორტირებულ პროდუქტებზე მოთხოვნაც შემცირდა,

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში იმპორტისა და ექსპორტის შემცირების მაჩვენებელს საგანგაშოდ არ მიიჩნევს ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის წარმომადგენელი, ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათია, იმიტომ რომ, მისი თქმით, წინა წლებშიც სწორედ იანვარ-ივლისის პერიოდში იყო ხოლმე შემცირება და ეს მაჩვენებელი საბოლოო დასკვნის გაკეთების საშუალებას არ იძლევა. თუმცა, მისივე თქმით, ეს არ ამართლებს ამჟამინდელ მდგომარეობას და საბოლოოდ მაინც უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე. ირაკლი მაკალათია ექსპორტის შემცირების ერთ-ერთ მიზეზს აზერბაიჯანში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტის შემცირებაში, რუსეთისა და უკრაინის ბაზრებზე, არსებული ეკონომიკური ვითარების გამო, ქართული ღვინის ექსპორტის შემცირებაში ხედავს:

„აზერბაიჯანისთვის მსუბუქი ავტომობილების ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი ჩვენ ვიყავით. ასევე შემცირებული გვაქვს ღვინის ექსპორტი რუსეთში ეკონომიკური კრიზისის გამო, იგივეა უკრაინაში. უკრაინაში სხვა პროდუქციის იმპორტიც შემცირებულია. თავისთავად უკრაინაში არსებულმა რთულმა ეკონომიკურმა პირობებმა უარყოფითი გავლენა იქონია საქართველოს ეკონომიკაზე, შემცირებული ინვესტიციების გამოც. უკრაინა, რუსეთის და აზერბაიჯანის შემდეგ, ერთ-ერთ წამყვან რგოლად შეგვეძლო განგვეხილა დსთ-ს ქვეყნებიდან. ახლა ბოლო ადგილზეა და ინვესტირება საერთოდ არ ხდება“.

ეკონომიკის ექსპერტთა თქმით, თუ ხელისუფლება საერთოდ ექპორტში ჩარევას აპირებს, მაშინ მისი ჩარევა ბაზრების დივერსიფიცირებისკენ უნდა იყოს მიმართული, განსაკუთრებით ევროკავშირთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავებისკენ, რისი ნიშნებიც, მათი თქმით, არ ჩანს, ვინაიდან ევროკავშირის ქვეყნებშიც ექსპორტი მეორე კვარტალში, პირველ კვარტალთან შედარებით, 28 %-ითა შემცირებული.

ექსპერტების ვარაუდით, თუ სხვა ფაქტორებმა არ გადაწონა, ექსპორტის და იმპორტის შემცირების ფონზე, ეროვნული ვალუტის გაუფასურება თუ არ გაგრძელდა, ის დოლართან მიმართებით არსებულ დაბალ ფასს შეინარჩუნებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG