Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შემცირებული სიღარიბე - სიღარიბის გაზრდილი აღქმა


გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული გამოკვლევის წარდგენა
გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული გამოკვლევის წარდგენა

გაეროს ბავშვთა ფონდმა გამოაქვეყნა მოსახლეობის კეთილდღეობის გამოკვლევა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ მიუხედავად სიღარიბის მაჩვენებლის შემცირებისა, მოსახლეობაში გაზრდილია აღქმა, რომ ისინი ღარიბები არიან. გარდა ამისა, გამოკვლევის მიხედვით, გაზრდილია ჯანდაცვისთვის გაწეული ხარჯები, ბავშვიან ოჯახებს შორის სიღარიბის მაჩვენებელი კი გაცილებით მაღალია, ვიდრე ოჯახებისა, სადაც ბავშვები არ ჰყავთ.

გადმოწერა

ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ყოველი მეექვსე ბავშვი საარსებო მინიმუმზე ნაკლებს მოიხმარს. ოჯახების შემოსავალი არ გაზრდილა, თუმცა გაიზარდა მათი ხარჯი. ღარიბ ბავშვებს კვლავ ნაკლები შესაძლებლობა აქვთ ისწავლონ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ვიდრე მათ თანატოლებს მდიდარი ოჯახებიდან - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ გამოავლინა. ორგანიზაციამ მოსახლეობის კეთილდღეობის მაჩვენებელი იკვლია. ეს გამოკვლევა ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და ამჯერად გაეროს ბავშვთა ფონდმა 2015 წლის შედეგები გამოაქვეყნა. თუკი გამოკვლევის შედეგებს დავეყრდნობით, უნდა ითქვას, რომ „საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია სიღარიბესთან ბრძოლის სფეროში“, თუმცა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის, ლაილა ომარ გადის, სიტყვებით, მიუხედავად ამისა, ბავშვები საქართველოში კვლავაც რჩებიან ყველაზე დაუცველ ჯგუფად:

ლაილა ომარ გადი
ლაილა ომარ გადი

„გამოკვლევამ აჩვენა, რომ საჭიროა მეტი ინვესტიციის ჩადება სოციალური დაცვის მიმართულებით, რათა ბავშვებმა თავი დააღწიონ სიღარიბეს. გამოკვლევამ ასევე აჩვენა, რომ მიზნობრივმა სოციალურმა დახმარებამ მნიშვნელოვნად შეამცირა უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების რაოდენობა. გარდა ამისა, გამოკვლევამ გამოავლინა ისიც, რომ ბავშვები, რომლებიც სიღარიბეში ცხოვრობენ, სხვა გამოწვევების წინაშეც დგანან, როგორიცაა, მაგალითად, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და ასევე სკოლის მიტოვების რისკის ზრდა“.

მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევაში - 2009 წლიდან მოყოლებული, ორ წელიწადში ერთხელ - 4 000-ზე მეტი ერთი და იგივე ოჯახი მონაწილეობს. გამოკვლევის მიზანია გაირკვეს, როგორ იცვლება წლიდან წლამდე ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, როგორია სიღარიბის მაჩვენებელი, როგორია მოსახლეობის დანახარჯი ჯანდაცვის მიმართულებით, განათლების ხელმისაწვდომობა და ა. შ. 2015 წელს ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ, 2013 წელთან შედარებით, უკიდურესი სიღარიბის დონე შემცირებულია, ასევე შემცირებულია ზოგადი სიღარიბის დონეც, მოსახლეობის 18 %-ზე მეტი, პენსიონერების 15 % და ბავშვების 21,7 % მაინც ზოგადი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, ზოგადი სიღარიბის ზღვარი კი თვეში 155 ლარს შეადგენს, ერთ ეკვივალენტურ ზრდასრულ პირზე გაანგარიშებით. მაია ქურციკიძე, იუნისეფის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას გამოყოფს რამდენიმე მთავარ მიგნებას, რომლებიც გამოკვლევისას გამოჩნდა. პირველი: მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ქვეყანაში შემცირებულია სიღარიბის მაჩვენებელი, მოსახლეობაში გაზრდილია განცდა იმისა, რომ ისინი ღარიბები არიან. მეორე: გაზრდილია ხარჯი, მაშინ როცა ოჯახების შემოსავალი არ გაზრდილა:

მაია ქურციკიძე
მაია ქურციკიძე

„ისინი თვლიან, რომ ახლა უფრო ღარიბები არიან. გაზრდილი ფასები, მძიმე ავადმყოფობა, ოჯახების შემოსავალი გავლენას ახდენს მათ მდგომარეობაზე. მნიშვნელოვანი მიგნება იყო ისიც, რომ, მიუხედავად იმისა, რომ არ გაზრდილა ოჯახების შემოსავალი, ოჯახები ხარჯავენ უფრო მეტს, ანუ ხარჯავენ მეტს, მეტი ფულის ქონის გარეშე. ეს მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესო მიგნებაა. ასევე, გამოვლინდა ის, თუ როგორია მოსახლეობის მიერ ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები. აღმოჩნდა, რომ, მიუხედავად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისა, მოსახლეობის დანახარჯები ჯანდაცვაზე გაიზარდა“.

აღსანიშნავია, რომ ოჯახების მიერ ჯანდაცვაზე გაწეული საშუალო ხარჯი 31 %-ითაა გაზრდილი. ამგვარ შედეგს ზაზა სოფრომაძე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას პოზიტიურად აფასებს და ამბობს, რომ „ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია“. რაც შეეხება ხარჯების ზრდის მიზეზს, მისი თქმით, ამ ტენდენციას თავისი ახსნა აქვს:

„რა არის ეს დანახარჯები? ეს არის ძირითადად თანაგადახდის ხარჯები, თორემ ძირითად სერვისებს სახელმწიფო ისედაც აფინანსებს. თუ ადრე ძირითად ნაწილს ვერ სწვდებოდა მოსახლეობა, ცხადია, მისთვის ამ დამატებითი თანაგადახდის გადახდა ყოველგვარ აზრს იყო მოკლებული. დღეს, როდესაც უკვე სახელმწიფოს შეუძლია ძირითადი ნაწილი ამ სერვისებისა თვითონ დაფაროს, ცხადია, უკვე მოსახლეობისთვისაც აზრი შეიძინა იმან, რომ დაამატოს გარკვეული თანხა ამ ძირითად თანხას და მიიღოს სრულყოფილი სამედიცინო მომსახურება. ეს გახლავთ მთავარი მიზეზი ხარჯების ზრდისა და ეს მიუთითებს კარგ ტენდენციაზე“.

რაც შეეხება მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამებს, რომლებიც, გამოკვლევის თანახმად, ყველაზე დიდ ზემოქმედებას ბავშვების მდგომარეობაზე ახდენს, ზაზა სოფრომაძის თქმით, დღესდღეობით საქართველოში ოცამდე მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა ფუნქციონირებს და პრიორიტეტი სწორედ იმ ოჯახებს ენიჭება, სადაც სოციალურად დაუცველი ბავშვები ცხოვრობენ. თუმცა უნდა ითქვას, რომ, მიუხედავად ამისა, დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს სწორედ ბავშვიანი ოჯახები წარმოადგენენ. გამოკვლევის თანახმად, ბავშვიან ოჯახებს შორის სიღარიბის მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე იმ ოჯახებში, სადაც ბავშვები არ ჰყავთ. “როდესაც ბავშვის ყოლა იწვევს გაღარიბებას, ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის სოციალური პოლიტიკა არ არის ბავშვზე ორიენტირებული“, - ამბობს ანა არგანაშვილი, წარმომადგენელი ორგანიზაციისა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“.

თუ ზოგადად მოსახლეობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ბავშვების მდგომარეობა ყველაზე ნაკლებად გაუმჯობესდა. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ ესმის სიღარიბის უარყოფითი ეფექტი ბავშვზე. ანუ სიღარიბე ბავშვს ისეთ ზიანს აყენებს განათლების, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის კუთხით, რომ ის, ფაქტიურად, მთელი ცხოვრება იბრძვის ბავშვობაში მიღებული ზიანის გამოსასწორებლად...
ანა არგანაშვილი

ანა არგანაშვილის თქმით, ბავშვებზე სიღარიბის ეფექტი გაცილებით მძიმედ აისახება, ვიდრე ზრდასრულ ადამიანებზე:

„თუ ზოგადად მოსახლეობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ბავშვების მდგომარეობა ყველაზე ნაკლებად გაუმჯობესდა. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ ესმის სიღარიბის უარყოფითი ეფექტი ბავშვზე. ანუ სიღარიბე ბავშვს ისეთ ზიანს აყენებს განათლების, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის კუთხით, რომ ის, ფაქტობრივად, მთელი ცხოვრება იბრძვის ბავშვობაში მიღებული ზიანის გამოსასწორებლად. ბავშვთა კეთილდღეობის და დაცვის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკა არის ისეთი, რომ რა ფულიც გამოჩნდება, იმას იყენებს სახელმწიფო. მაგრამ უნდა იყოს პირიქით, რა საჭიროებებიც აქვს ბავშვს, იმის მიხედვით უნდა გამოჩნდეს ფული. ვერ მივაღწიეთ, რომ პოლიტიკის დაგეგმვა იყოს საჭიროებებიდან გამომდინარე“.

როგორია მოსახლეობაში კეთილდღეობის აღქმა? რადიო თავისუფლებამ რიგითი მოქალაქეები გამოკითხა:

  • სიღარიბის დონე საკმაოდ მაღალია. თუნდაც ფასებს რომ გადავხედოთ, თან დღეს ლარის კურსიც ეცემა. ადრე თუ, მაგალითად, ღარიბ ფენას უჭირდა რაღაც პროდუქტების შეძენა, ახლა საშუალო ფენასაც უჭირს იგივე პროდუქტების შეძენა.
  • ჩვენ რომ შვილები არ გვეხმარებოდნენ, რომლებსაც ასევე უჭირთ, მე ასე მგონია, რომ ვერ ვიცხოვრებდით.
  • საქართველოში მცხოვრები ადამიანების დაახლოებით 70 % ღარიბია.
  • გაიარეთ, ნახეთ, ყველა გაჭირვებულია და ყველა რაღაცას ითხოვს, ყველას სჭირდება დახმარება.
  • მე მივეკუთვნები, ალბათ, იმ ადამიანთა რიცხვს, რომელსაც თავი ღარიბი ჰგონია. საქართველოში, ალბათ, დღესდღეობით ღარიბი ადამიანი ბევრია, რადგან ხელფასი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ყოველდღე თავი გაიტანო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG