Accessibility links

logo-print

სტატისტიკურად შემცირებული უმუშევრობა


დასაქმების მაძიებელთა განცხადებები "ელიავას" ბაზრობასთან

დასაქმების მაძიებელთა განცხადებები "ელიავას" ბაზრობასთან

საქართველოში უმუშევრობა შემცირდა, - იუწყება სტატისტიკური ინფორმაცია, რომელიც „საქსტატმა“ გამოაქვეყნა. ქვეყნის სტატისტიკური სამსახურის კვლევის შედეგების მიხედვით, 2015 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე, 2014 წელთან შედარებით, 0.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.0 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იუწყება, რომ „2015 წელს უმუშევრობის დონემ ბოლო 12 წლის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია“. უმუშევრობის დონის განსაზღვრისას გამოიყენება საერთაშორისო მეთოდოლოგია, რომელიც დასაქმების მაძიებელთა რაოდენობას შეისწავლის და არ ასახავს მოსახლეობის იმ სეგმენტს, რომელიც სამსახურს არ ეძებს. ამგვარი მეთოდოლოგიის ნიუანსებთან დაკავშირებით ეკონომისტი, პროფესორი აკაკი ცომაია ამბობს:

„მაინცდამაინც არ უნდა ვენდოთ ამ სტატისტიკას, იმიტომ რომ მეთოდოლოგიურად რთულია იმის დადგენა თუ რა არის სინამდვილეში უმუშევრობა და რამდენია უმუშევრობა ამა თუ იმ საზოგადოებაში. ძალზედ სუბიექტური აზრები შეიძლება გაკეთდეს, რომელიც მაინცდამაინც არ არის ახლოს რეალობასთან.“

აკაკი ცომაიას მიერ აღწერილ მდგომარეობას ისიც ემატება, რომ 2015 წლის მონაცემები ეფუძნება მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებს, რომლის მიხედვითაც წინა წლების სტატისტიკის კორექტირება არ მომხდარა. აკაკი ცომაია მიიჩნევს, რომ მოსახლეობის რაოდენობის შემცირებასთან ერთად შემცირდა სამუშაო ძალის სიდიდეც, მაშინ როდესაც პროპორციულად არ შემცირებულა სამუშაო ადგილების რაოდენობა ან დასაქმებულთა რიცხვი.

დასკვნის გაკეთება, რომ რაღაც პოზიტიური ძვრები ხდება იმ მიმართულებით, რომ საქართველოში უმუშევრობა მცირდება, ასეთი დასკვნის გაკეთების საფუძველს ეს ინფორმაცია არ გვაძლევს...

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებში აღნიშნულია, რომ „2015 წელს ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის თითქმის 68 პროცენტი შეადგინა. წინა წელთან შედარებით, მოსახლეობის აქტიურობის დონე გაიზარდა 1.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე - 1.4 პროცენტით.

2014 წელთან შედარებით, ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე გაზრდილია 2.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 0.8 პროცენტით.

რაც შეეხება თვითდასაქმებულთა მონაცემებს, სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში, ტრადიციულად, კვლავ ჭარბობს თვითდასაქმებულთა წილი, თუმცა 2015 წელს, 2014 წელთან შედარებით, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 8.8 პროცენტით გაიზარდა, ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობა, პირიქით, 2.7 პროცენტით შემცირდა, რის შედეგადაც დასაქმებულებში დაქირავებულთა წილი 2.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

აკაკი ცომაია

აკაკი ცომაია

ეკონომიკის ექსპერტის აკაკი ცომაიას განცხადებით, დასაქმების ზრდა ძირითადად გამოწვეულია სახელმწიფო ორგანიზაციების დაფინანსების ზრდით და საშტატო ერთეულების მატებით:

„დასკვნის გაკეთება, რომ რაღაც პოზიტიური ძვრები ხდება იმ მიმართულებით, რომ საქართველოში უმუშევრობა მცირდება, ამ დასკვნის გაკეთების საფუძველს ეს ინფორმაცია არ გვაძლევს.“

აკაკი ცომაია და სხვა ეკონომისტები უმუშევრობის სტატისტიკაზე უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ ეკონომიკის ზრდის ტემპის მაჩვენებლებს. მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ რაც უფრო მაღალია ეკონომიკის ზრდა და მისი განვითარების დონე, მით უფრო ნაკლებია უმუშევრობა. ამ მხრივ, საერთაშორისო სტატისტიკის თანახმად, უმუშევრობის ყველაზე დაბალი დონით ლიდერობენ ნორვეგია, შვეიცარია, გერმანია და ჩეხეთი. ამ ქვეყნებში უმუშევრობის დონე 5 პროცენტის ფარგლებშია. საქართველო კი იმყოფება იტალიის, პორტუგალიის, საბერძნეთისა და სომხეთის გარემოცვაში, სადაც უმუშევრობის მაჩვენებელი 11-დან 25 პროცენტამდე მერყეობს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG