Accessibility links

logo-print

თბილისში დაუსრულებელ მშენებლობებს ბევრი ხე და სკვერი ეწირება. ტროტუარებიც ძირითადად მანქანებისგან არის ოკუპირებული და ადამიანებისთვის ადგილი მხოლოდ ბეტონის კედლებს მიღმა რჩება. ყველა თანხმდება, რომ ქალაქი ნელ-ნელა ბეტონის ჯუნგლებს ემსგავსება, მაგრამ მშენებლობა მაინც გრძელდება. რა არის ამ ქაოტური მშენებლობის მიზეზი და რა გავლენას ახდენს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პროცესები არქიტექტურაზე?

თბილისში, არსენას ქუჩაზე, ორი იტალიური ეზოა, ხის ჩუქურთმებიანი აივნებით და შუშაბანდებით. მათ შორის ასეთივე სახლი იდგა, ახლა კი ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლი შენდება, ბეტონის კედლებით და მეტალო-პლასტმასის ფანჯრებით. მსგავს კონტრასტებს თბილისში ხშირად შეხვდებით. რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პროექტი, რომელიც ქალაქის ძველ უბნებში შენდება? - ამ თემაზე თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში კომენტარს არ აკეთებენ.

როგორც ისტორიული წყაროები გადმოგვცემენ, აღა-მაჰმად ხანის შემოსევამდე თბილისი ბანიანი ქალაქი იყო, ერთი სახლის ბანი მეორე სახლის ეზოს ფუნქციას ასრულებდა და ბანიდან ბანზე გადასვლით, მიწაზე ფეხის დაუდგმელად, მთელი ქალაქის შემოვლაც კი იყო შესაძლებელი. გადამწვარი თბილისის აშენებისას რუსეთმა ბანები სრულიად აკრძალა და ყველა სახლის გადახურვა მოითხოვა. ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი ამბობს, რომ ბანთან ერთად თბილისმა ის საჯარო სივრცე დაკარგა, რომელიც მისი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. ჩაკეტილ სივრცეში ცხოვრება მოსახლეობამაც დიდხანს ვერ აიტანა და ერთმანეთთან დასაკავშირებლად ახალი არქიტექტორული ხერხი გამოძებნა:

„ბანი იყო მათი ერთგვარი მიკროსამყარო, სადაც ყალიბდებოდა ძალიან შეკრული თემი. თემის ერთ-ერთი განმსაზღვრელი სწორედ ბანი და თბილისის ღია ცხოვრების სტილი იყო. თბილისმა ძალიან ცოტა ხანი იგუა ეს ჩაკეტილობა და მან მალე გამოსავალი მოძებნა, შექმნა ახალი საჯარო სივრცე - აივნები. დღეს თუ ძველ თბილისში გავივლით, ვნახავთ, პრაქტიკულად როგორ შედიან აივნები ერთმანეთში და როგორ უკავშირდება ქალაქი ერთმანეთს“.

არქიტექტურა ყველაზე უკეთ გამოავლენს ქვეყნის ამა თუ იმ კულტურასთან კავშირს. ევროპისა და აზიის გასაყარზე მდგომ თბილისს ხანდახან „ორსახა იანუსსაც“ უწოდებენ. იუნესკოს მიერ უნივერსალურ ქალაქად აღიარებული თბილისი ევროპული და აზიური კულტურების გავლენის ნათელი მაგალითია:

„ყველაზე კარგად არქიტექტურა გვაჩვენებს, რომ ჩვენ იმ პერიოდში მსოფლიოს განუყოფელი ნაწილი ვიყავით. როგორც კი რომელიმე ტენდენცია შემოდიოდა მსოფლიოში, ის აუცილებლად შემოდიოდა თბილისშიც. თუმცა თბილისი არასოდეს აკოპირებდა, ის ამუშავებდა და მოირგებდა ახალ სტილს. ასე მორგებული ევროპული არქიტექტურის შედეგია, რომ მას აქვს ევროპული ფასადი გარედან და შიგნიდან არის სრულიად თბილისური ეზო. ამიტომაც განსაკუთრებით ხშირად ტურისტები ამბობენ, რომ თბილისი არის საიდუმლოებით მოცული ქალაქი, რადგან არ იცი, ეზოში რომ შეხვალ, რა დაგხვდება“.

რთულია დღევანდელ მსოფლიოში რომელიმე კონკრეტულ არქიტექტორულ სტილზე ისაუბრო. ისევე როგორც ხელოვნებაში, არქიტექტურაშიც დაირღვა სტილი. აღარ არსებობს ერთი რომელიმე მიმდინარეობა, რომელსაც ყველა მისდევს, თუმცა სპეციალისტები თანხმდებიან, რომ დღევანდელი თბილისის არქიტექტურა ევროპულთან კავშირში აღარ არის. შემინული შენობები, რომლებიც ახლა ქალაქში ყველაზე ხშირად გვხვდება, ამერიკამაც და ევროპამაც დიდი ხნის წინ გაიარა და ახლა კომფორტულ, ადამიანზე მორგებულ ქალაქებს აშენებენ:

„ქალაქის კომფორტულობა ხშირად იმაში გამოიხატება, თუ რამდენად გამართულია საჯარო სივრცეები, რამდენად აქვს ადამიანს იმის საშუალება, რომ დაისვენოს ან თავი იგრძნოს გარემოში. მიუხედავად მეგაპოლისისა, ჩვენ გვჭირდება, რომ გვქონდეს ბუნების თუნდაც მცირე ნაწილი, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვიურთიერთოთ ისე, რომ ამაში არავინ მოგვთხოვოს ფული“.

პოლიტიკა, კულტურა და სოციალური სისტემები არქიტექტურის პირდაპირი მიზეზი და მისი ფორმის განმსაზღვრელია. მაგალითად, ჰიტლერის პირადი არქიტექტორის ალბერტ შპეერის გიგანტური შენობები მოსახლეობაში შიშის გამოწვევას ცდილობდა და ადამიანის ამ სტრუქტურებთან უძლურებას არქიტექტურაშიც ავლენდა. არქიტექტურა, ისევე როგორც კინემატოგრაფი, პოლიტიკური სისტემების ლეგიტიმაციის საკმაოდ აპრობირებული ხერხია. არქიტექტორ ალექსანდრე ჩუბინიძის აზრით, ეს არც საქართველოსთვის არის უცხო:

„დაწყებული რუსეთის იმპერიით, დასრულებული ვარდების რევოლუციის შემდეგ მოსული ხელისუფლებით, ყველა ცდილობს, რომ ლეგიტიმაცია მოახერხოს არქიტექტურით. შესაბამისად, ჩამოყალიბდა რაღაც სიმულაკრული, ეკლექტიკური სტილისტიკა. ეს არ არის იმპერიული არქიტექტურა, მაგრამ თავისი ხასიათით, თავისი სტრუქტურით ძალიან ჰგავს იმას, რაც დანარჩენ მსოფლიოში ხდებოდა. კიდევ ერთი ძალიან საინტერესო მომენტი არის საკუთრივ მასალის გამოყენების ფილოსოფია: წამოვიდა მინა. ამის ყველაზე კარგი მაგალითია პროექტი, რომელიც იმელის შენობის უკან შენდება. ეს არის ჩვეულებრივი რკინა-ბეტონის მონსტრი, რომელიც იფუთება მინით“.

საქართველოს ეკონომიკის თითქმის 50 პროცენტი სოფლის მეურნეობაზე მოდის, მეორე ნახევარი კი - სხვა სფეროებში დასაქმებულ ადამიანებზე, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარი ქალაქშია წამოსული. ამ „ურბანული ინსულტის“ გადასატანად არქიტექტორებს გარკვეული რჩევები და ხედვები აქვთ. ალექსანდრე ჩუბინიძის აზრით:

„უნდა მოხდეს საქართველოს ერთიანი განსახლების სქემის გადახედვა. უნდა მოხდეს საწარმოო და ეკონომიკური ძალების გადანაწილება და დეცენტრალიზაცია ქვეყნის მასშტაბით. შემდეგ შეიძლება განვავითაროთ თბილისის არადასახლებული რაიონები. ცენტრალურ ნაწილში გადის რკინიგზა. შეიძლება მისი გადატანაც და ამით შეიძლება გამოვიწვიოთ ძალთა შიდა გადანაწილება ურბანულ კონტექსტში“.

საბჭოთა კავშირის დაშლამ, სამოქალაქო ომმა და მძიმე მდგომარეობაში მყოფმა ეკონომიკამ ქალაქში განვითარებულ სპონტანურ მშენებლობებს ხელი შეუწყო და მივიღეთ თბილისი, რომელიც არც ჩვენთვის არის კომფორტული და არც ტურისტისთვის მიმზიდველი ან საინტერესო. ხშირად გვესმის, რომ თბილისელებს არ მოსწონთ ქალაქი, რომელშიც ცხოვრობენ, მაგრამ რას იტყოდნენ თავად შენობები, ლაპარაკი რომ შეეძლოთ? ამ კითხვის პასუხად, ალექსანდრე ჩუბინიძე ამბობს:

„შენობა არ ვიცი, მაგრამ მე რომ შენობა ვყოფილიყავი, ალბათ ვიტყოდი: რა დაგიშავეთ, ხალხო, რას მერჩით?!“

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG