Accessibility links

logo-print

უკვე ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში ელექტრონული შესყიდვების სისტემა დაინერგა. ამ ნაბიჯის ანტიკორუფციულ მნიშვნელობაზე უკვე არაერთხელ თქმულა. მიუხედავად ამისა, როცა კორუფციულ საქმეებთან დაკავშირებით აღიძვრება ხოლმე კითხვები, ხშრად სწორედ შესყიდვების თემა ფიგურირებს. უკვე რამდენიმე წელია, ამ სისტემის მონიტორინგს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „გამჭვირვალობა-საქართველო“, რომლის მონიტორიც ონლაინრეჟიმში გაძლევს საშუალებას თვალი ადევნო საქართველოში არსებული შესყიდვების ძირითად ტენდენციებს.

მაგალითად, 2013 წლის მონაცემებით, 10 ყველაზე აქტიური მომწოდებელი ტენდერებში იყო: „თეგეტა მოტორსი“, „სილქნეტი“, შპს „ალგორითმი“, „მაი მობაილ“, კომპანია „ახალი მთვარე“, „გეო-ესემ“, შპს „ალტა“, შპს „პსპ ფარმა“, შპს „კანც პაპერი“, შპს „ელიტელი“;

უკვე 2014 წლის ტენდენციები გვამცნობს, რომ საქართველოში დღეისთვის ყველაზე მსხვილი შემსყიდველი ორგანიზაცია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იყო, რომელსაც, ჯამში, 150 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების კონტრაქტები აქვს გაფორმებული. მეორე ადგილზეა შპს „თეთნულდი“, მესამეზე კი - საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო კომპანია. მომდევნო ადგილებს იყოფენ საქართველოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო და თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მერია.

სფეროების მიხედვით კი, მომწოდებლებს შორის პირველი ადგილი შემდეგ კომპანიებს უკავიათ:

მშენებლობა - RMS (Ropeway Maintenance Systems), ჯანდაცვა - ინტერმედსერვისი ჯორჯია, სოციალური პროგრამები - შპს დაზღვევის კომპანია „ქართუ“, თავდაცვა - კომპანია „მოგზაური“, გაზი და საწვავი - ინდმეწარმე ნოე ხუციშვილი, ტელეკომუნიკაციები - შპს „ინოვატორი“, კომუნალური სექტორი - ივანე ძირკვაძე, სამთო მრეწველობა - უდტ ტექნიკა, საკონსულტაციო მომსახურება - ფრაისვოთერჰაუსკუპერის კავკასიის წარმომადგენლობა, მანქანები - შპს „იბერიასერვისი“, კომპიუტერული ტექნოლოგიები - იუ ჯი თი, სამედიცინო აღჭურვილობა და ინვენტარი - ინტერმედსერვისი ჯორჯია, კვება - შპს „ემ ენდ კომპანი“, ფინანსური სერვისი და დაზღვევა - შპს დაზღვევის კომპანია „ქართუ“, სასოფლო-სამეურნეო სერვისი - შპს „მწვანე სახლი“ და ა.შ.

საინტერესოა, რომ ზოგ შემთხვევაში სხვაობა პირველ და მეორე მომწოდებელს შორის საკმაოდ მნიშვნელოვანია - მაგალითად, კომპანია „ქართუს“, იუ ჯი თის, „ემ ენდ კომპანის“ თუ სხვების შემთხვევაში. კომუნალური სექტორის გრაფაში კი მხოლოდ ივანე ძირკვაძის სახელი და გვარი გვხვდება.

საინტერესოა ისიც, რომ 2013 წელს დაახლოებით 21 ათას მომწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულებიდან სულ 26 იყო არარეზიდენტი იურიდიული პირი.

მიუხედავად შესყიდვების ელექტრონული სისტემის არსებობისა და მუდმივი მონიტორინგის შესაძლებლობისა, ორგანიზაცია PMCG-ის კვლევამ აჩვენა, რომ საკმაოდ დაბალია საზოგადოების ჩართულობა პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფაში. არსებული მონაცემების დამუშავება საკმაოდ იშვიათად ხდება როგორც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე მედიის მხრიდან.

გარდა ამისა, მიუხედავად მიღწეულისა, რაშიც შესყიდვების პროცესში კორუფციის შემცირება და სახელმწიფოსთვის მომსახურების გაიაფება იგულისხმება, რჩება პრობლემები, რომელთაგან ორგანიზაცია შემდეგს გამოყოფს: ხშირ შემთხვევაში შესყიდვების დაგეგმარება ხდება ნაჩქარევად, რაც იწვევს წლის განმავლობაში გეგმის ხშირ ცვლილებას; სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის შესაბამისად განხორციელებული გამარტივებული შესყიდვების წილი არის შედარებით მაღალი; შემსყიდველების მიერ მომზადებული ტექნიკური მოთხოვნები არის დაბალი ხარისხის; მიმწოდებლების მიერ შემუშავებული ტექნიკური წინადადებები არის დაბალი ხარისხის; არ არსებობს საქონლისა და მომსახურების ტექნიკური ნორმები და სტანდარტები, რის გამოც ხშირად იმარჯვებს იაფი და უხარისხო მომწოდებელი; შესყიდვების ელექტრონულ პლატფორმაზე (სისტემაში) მონაცემთა დამუშავება არის საკმაოდ რთული.

XS
SM
MD
LG