Accessibility links

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 2010-2015 წლებში სახელმწიფო ორგანოები წესების გარეშე ახორციელებდნენ საიდუმლო შესყიდვებს. შვიდმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, საერთო ჯამში, 750 მილიონი ლარის ღირებულების 2 800-მდე საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა. როგორც კვლევის ავტორები ამტკიცებენ, საქართველოს დღემდე არ გააჩნია სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტთა ნუსხა და შესყიდვების განხორციელების მარეგულირებელი დოკუმენტი, რის გამოც მაღალია კორუფციულ გარიგებათა გაფორმების შესაძლებლობა.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ კვლევასთან შესაბამისი მონაცემები - საიდუმლო შესყიდვებისთვის გაფორმებული ხელშეკრულებებისა და თანხის ჯამური რაოდენობა - 13 ადმინისტრაციული ორგანოდან გამოითხოვა, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობას მხოლოდ შვიდი დასთანხმდა, მათ შორის, თავდაცვის სამინისტრო, რომელზეც მოდის საიდუმლო შესყიდვების 90 პროცენტი. კვლევის ავტორის სულხან სალაძის თქმით, სახელმწიფო სამსახურები საიდუმლო შესყიდვებს ყოველგვარი რეგულაციის გარეშე ახორციელებენ, რაც მნიშვნელოვნად ზრდის კორუფციის რისკს.

„სწორედ საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვებში უნდა ვეძებოთ ელიტური კორუფციის ნიშნები, ვინაიდან ჩვენ გვაქვს განხილული ერთ-ერთი კონტრაქტი, რომელიც 2011-2012 წლებში გაფორმდა, ოთხი კონტრაქტი კომპანია „ტრანსმობილე ლტდ კორპ“-თან, ჯამში, 46 მილიონი ევროს ღირებულებისა. აქვე არის გაუგებარი ტიპის შუამავალი კომპანია შპს „ლეგიონი“, რომელსაც მხოლოდ წინასწარ ერიცხება თანხა და გაუგებარია, რატომ. შემდეგ, როცა სრულდება ანგარიშსწორებები, ეს კომპანია გადაფორმდა რუსეთის მოქალაქეებზე... ერთი სიტყვით, ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება. შესაბამისად, არა მარტო კორუფციულ დარღვევებზე გვიწევს საუბარი, არამედ გვიწევს პარალელურად საუბარი ამ კონტრაქტებით საიდუმლოდ შესყიდვის მიზანშეწონილობაზე“, უთხრა რადიო თავისუფლებას სულხან სალაძემ, რომლის თქმით, სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებათა იმ ნაწილის ანალიზი, რომელიც განსაიდუმლოვდა, მოწმობს, რომ 2010-2015 წლებში საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის სტატუსი პრაქტიკულად ყველა სახის შესყიდვაზე ვრცელდებოდა. ამასთან, ხელშეკრულებების მნიშვნელოვანი ნაწილი აჩენს ეჭვს როგორც საიდუმლოდ შესყიდვის მიზანშეწონილობის, ასევე შემსრულებელი კომპანიების შერჩევის კუთხით:

„საქართველოს მთავრობის კანცელარიას, წინა ხელისუფლებას, ჰქონდა ასეთი ტრადიცია, როცა ჩვეულებრივ შესყიდვას ადებდა გრიფს „სადუმლოს“, რაც არის კანონის პირდაპირი დარღვევა, რადგანაც არ შეიძლება სტანდარტული სახელმწიფო შესყიდვა იყოს საიდუმლო. ამ კანონის ერთ-ერთი მიზანია საჯაროობა და, ბუნებრივია, ამ კონტექსტში ეს ვერ მოექცეოდა. გარდა ამისა, საიდუმლო შესყიდვები ფორმდებოდა ისეთ შემთხვევებზე, როგორიცაა სარემონტო სამუშაოები, შენობის მოდერნიზაცია, პლასტიკური ბარათების დამზადება და ა.შ.“

სულხან სალაძე

სულხან სალაძე

სულხან სალაძის მიერ აღწერილი ამგვარი პრაქტიკა ნაცნობია სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტ ნანა ბინგანიშვილისათვის, რომელსაც სახელმწიფო უწყებები ხშირად ეუბნებოდნენ უარს იმ საბაბით, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავდა სახელმწიფო საიდუმლოებას:

„ერთი შეხედვით, საჯარო ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვითხოვდით, არ უნდა ყოფილიყო საიდუმლო შესყიდვასთან კავშირში, თუმცა მივიღეთ პასუხი, რომ იყო საიდუმლო და ვერ მოგვაწვდიდნენ. არაერთი ინფორმაცია იყო დაბლოკილი ამ მიზეზით. ამიტომ კანონი უნდა არეგულირებდეს ძალიან ცხადად და მკაფიოდ, რა ექვემდებარება საიდუმლო შესყიდვას და რა უნდა გასაჯაროვდეს“.

მაშინ როცა ჩვენ გვაქვს მოლოდინი და ქვეყანა მიისწრაფვის ევროპული ინტეგრაციისკენ და გვაქვს სურვილი და ამბიცია, რომ გავხდეთ ეროპის სრული წევრი, რა თქმა უნდა, გვაქვს ამბიცია იმისაც, რომ კიდევ უფრო დავხვეწოთ ჩვენი საკანონმდებლო სივრცე და არ დავტოვოთ არც ერთი მოწყვლადი სფერო...

როგორც ირკვევა, საიდუმლო შესყიდვების წესის შედგენაზე ნაყოფიერად იმუშავა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატმა, რომლის წარმომადგენლის, მარი ჭყონიას, თქმით, ყველაზე რთული და შრომატევადი პრობლემა იყო საიდუმლო შესყიდვების ნუსხის შედგენა, რომელსაც საფუძვლად დაედო საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებაN 42, თუმცა, საბოლოო ჯამში, გარკვეული მიზეზების გამო, საიდუმლო შესყიდვების წესი არ დამტკიცებულა. მარი ჭყონიას თქმით, საიდუმლო შესყიდვების დროს სახელმწიფო სტრუქტურების უმეტესობა ხელმძღვანელობს სწორედ პრეზიდენტის 42-ე ბრძანებულებით, რომელიც გამოცემულია ლამის ოცი წლის წინ, 1997 წელს:

„ვინაიდან იქაა გაწერილი, რა ტიპის ინფორმაციაა საიდუმლო ინფორმაცია, რა ტიპის შესყიდვების საგანი შეიძლება იყოს საიდუმლო და იძულებული იყო შემსყიდველი, მაგალითად, დაზვერვის დეპარტამენტს საიდუმლო შესყიდვებით უნდა განეხორციელებინა შესყიდვა, იმიტომ რომ შესყიდვის საგნის შესახებ ინფორმაცია, 42-ე ბრძანებით, წარმოადგენს საიდუმლოებას. ამიტომ შემსყიდველი ან სახელმწიფო ინფორმაციის გაცემით დაარღვევდა კანონს, ანდა დაარღვევდა შესყიდვების შესახებ კანონს. ძირთადად ამით იმართლებენ თავს, რომ წესების არქონის გამო გამოვიყენეთ ეს კანონი და არ გავეცით სახელმწიფო საიდუმლო, რაზეც პასუხისმგებლობა მეტი იყო“.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ კვლევამ ასევე აჩვენა, რომ საიდუმლო შესყიდვების რაოდენობა და მოცულობა მკვეთრად შემცირდა 2012 წლის წემდეგ. 2010-2012 წლებში გაფორმდა 540 მილიონი ლარის მოცულობის 1600-მდე ხელშეკრულება, მაშინ როცა 2012-2015 წლებში დაიდო მხოლოდ 110 მილიონი ლარის 500-მდე ხელშეკრულება, თუმცა, როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, ამგვარი პოზიტიური დინამიკის მიუხედავად, პრობლემის აღმოსაფხვრელად არაფერი გაკეთებულა. პირველ რიგში კი საჭიროა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რათა საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვების დროს მინიმუმამდე შემცირდეს კორუფციულ გარიგებათა შესაძლებლობა:

„მაშინ როცა ჩვენ გვაქვს მოლოდინი და ქვეყანა მიისწრაფვის ევროპული ინტეგრაციისკენ და გვაქვს სურვილი და ამბიცია, რომ გავხდეთ ეროპის სრული წევრი, რა თქმა უნდა, გვაქვს ამბიცია იმისაც, რომ კიდევ უფრო დავხვეწოთ ჩვენი საკანონმდებლო სივრცე და არ დავტოვოთ არც ერთი მოწყვლადი სფერო, სადაც იქნება კორუფციით თუ არასათანადო მიზნებით სახელმწიფო ხარჯის გამოყენების შესაძლებლობა“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG