Accessibility links

logo-print

შეწყალების კომისია - პრეზიდენტის მრჩევლების გარეშე


გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებას წარუდგინა შეწყალების კომისიის განახლებული შემადგენლობა

გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებას წარუდგინა შეწყალების კომისიის განახლებული შემადგენლობა

შეწყალების კომისიას ალექსანდრე ელისაშვილი უხელძღვანელებს. ახლად დაკომპლექტებული ჯგუფი 26 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა წარუდგინა საზოგადოებას. 11 წევრისგან შემდგარ კომისიაში, წელს პირველად, აღარ შევლენ პრეზიდენტის მრჩევლები. შეწყალების კომისიას, დაახლოებით, 600 განცხადება აქვს განსახილველი. როგორც მისი ახალი თავმჯდომარე აცხადებს, კომისია ეცდება შესაწყალებელ პატიმართა სია პრეზიდენტს ახალ წლამდე წარუდგინოს.

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, მიტროპოლიტი მეუფე თეოდორე და პოეტი გივი შაჰნაზარი შეწყალების კომისიაში რჩებიან. განახლებული კომისიის შემადგენლობა კი ასე გამოიყურება: კომისიას ჟურნალისტი და „თბილისის ჰამქრის“ დამფუძნებელი ალექსანდრე ელისაშვილი უხელმძღვანელებს; მასთან ერთად იმუშავებენ მწერალი და დრამატურგი ბასა ჯანიკაშვილი, მწერალი კოტე ჯანდიერი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე,
ეს არის ნდობა, რომელიც საზოგადოებაში ამ ადამიანებს აქვთ, ისინი არ არიან დაკავშირებული რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან; ასევე ეს ადამიანები შეირჩნენ, მათი ღირებულებებიდან და ჰუმანურობიდან გამომდინარე, რაც მათ ბიოგრაფიებს თან გასდევს...
„საერთშორისო გამჭვირვალობის“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური, იურისტი თამარ ხიდაშელი, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე, ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი, ადვოკატი ლია მუხაშავრია. შეწყალების კომისიის ახალი ხელმძღვანელი და წევრები საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 26 ნოემბერს თავად წარადგინა:

„კომისიას ალექსანდრე ელისაშვილი უხელმძღვანელებს, მისი წევრები კი არიან საზოგადოებისგან პატივცემული, ცნობილი ადამიანები, მათ შორის, ძველი კომისიიდანაც. კომისია იმუშავებს ამჟამად მიმდინარე საქმეებზე და კომისიის დებულებაზეც, რათა ის უფრო დაიხვეწოს და უფრო ეფექტური გახდეს“.

მარგველაშვილმა ის რამდენიმე კრიტერიუმიც დაასახელა, რომლის მიხედვითაც შეწყალების ახალი შემადგენლობა შეირჩა:

„ეს არის ნდობა, რომელიც საზოგადოებაში ამ ადამიანებს აქვთ, ისინი არ არიან დაკავშირებული რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან; ასევე ეს ადამიანები შეირჩნენ, მათი ღირებულებებიდან და ჰუმანურობიდან გამომდინარე, რაც მათ ბიოგრაფიებს თან გასდევს“.

სიახლეა ისიც, რომ შეწყალების ახალ კომისიაში არ შევა პრეზიდენტის არც ერთი მრჩეველი. თავად ალექსანდრე ელისაშვილი აცხადებს, რომ შეწყალების წინა კომისია პოლიტიკური ნიშნით იყო დაკომპლექტებული, რაც მას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ხელს უშლიდა და ეს გადაწყვეტილებებიც ხშირად პოლიტიკური შეფერილობის იყო. ახალ კომისიას ეს ბარიერი აღარ ექნება, ელისაშვილის მთავარი ამბიცია კი ასეთია:

„ამ კომისიის მუშაობა გახდეს მკაფიო და გასაგები, ხოლო შეწყალება შეეხოს მათ, ვისაც ეს ნამდვილად ეხება და იმსახურებს, და ეს კომისია არ იყოს პოლიტიკური მანიპულაციების ინსტრუმენტი. ამას სრულიად გამოვრიცხავ და ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ეს არასოდეს მოხდება.”

შეწყალების კომისიაში მუშაობას დასთანხმდა ადვოკატი ლია მუხაშავრია. მისი თქმით, შეწყალება სახელმწიფოს მხრიდან ყველაზე ჰუმანური აქტია, რომელიც კი შეიძლება ამავე სახელმწიფომ იმ ძალადობრივი მექანიზმების და სამუშაოს პარალელურად განახორციელოს, რაც ზოგადად სახელმწიფოსთვის არის დამახასიათებელი:
ლია მუხაშავრია

ლია მუხაშავრია


„სწორედ ამიტომ, არ შემეძლო ამ შემოთავაზებაზე უარის თქმა, თუმცა ძალიან კარგად ვაცნობიერებ იმ პასუხისმგებლობას, რაც ამ საქმეს თან ახლავს. ასევე გამოვყოფდი, რომ პრეზიდენტის ნება იყო, მისი მრჩევლები არ ყოფილიყვნენ ამ კომისიაში და ის მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების წევრებისგან დაკომპლექტებულიყო, რაც, ჩემი აზრით, გამართლებულია, თუნდაც იმიტომ, რომ კომისიის მიმართ საზოგადოების ნდობა იყოს უფრო მაღალი, თავად კომისია კი - ბოლომდე დამოუკიდებელი“.

ლია მუხაშავრია ამბობს, რომ პირველივე მცდელობაზე, თუ ვინმე შეეცდება წარსულის გამეორებას და კომისიის შეთავაზებული სიის გაფილტვრას ან შეცვლას, მისი წევრები ამ ფაქტს გაასაჯაროებენ.

რაც შეეხება კომისიის ხელმძღვანელს, ალექსანდრე ელისაშვილს, მისი თქმით, ის რჩება ჟურნალისტიკაშიც და „თბილისის ჰამქარშიც“. რადგან ეს არ არის საჯარო სამსახური, თავის პროფესიულ საქმიანობას კომისიის დანარჩენი წევრებიც ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ.

შეწყალების კომისია უახლოეს დღეებში შეიკრიბება და იმ შესაწყალებელ პატიმართა სიაზე დაიწყებს მუშაობას, რომელიც კომისიამ საქართველოს პრეზიდენტს ახალ წლამდე უნდა წარუდგინოს. ამ ეტაპზე შეწყალების კომისიაში შეწყალების მოთხოვნით 600 განცხადებაა შესული.
XS
SM
MD
LG