Accessibility links

logo-print
სახალხო დამცველის ინიციატივით, სამართლებრივ ჩარჩოშია მოსაქცევი პრეზიდენტის პრივილეგია შეიწყალოს ნებისმიერი პატიმარი ნებისმიერ დროს. ამ ინიციატივის შესახებ სახალო დამცველის 1 ნოემბრის განცხადებაში ითქვა. უჩა ნანუაშვილის ინიციატივას საპარლამენტო უმრავლესობასა და არასამთავრობო სექტორში იზიარებენ, განსაკუთრებით უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში განხორციელებული შეწყალების აქტების გათვალისწინებით. საპარლამენტო უმცირესობა კი პრეზიდენტის უფლებამოსილებების კიდევ უფრო შეკვეცის მომხრე არ არის. დღეს, 5 ნოემბერს, პრეზიდენტმა შეიწყალა და ვახტანგ გორგასლის ორდენითაც დააჯილდოვა რევაზ ჭარბაძე, რომელიც სასჯელაღსრულების ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასთან ერთად ბრალდებულია ე.წ. ციხის ბუნტის საქმეში. რეზო ჭარბაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. მიხეილ სააკაშვილმა ამავე საქმეზე რამდენიმე დღის წინ ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაიაც შეიწყალა.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ „შეწყალების გამოყენების წესის თაობაზე“ დებულებით საქართველოს პრეზიდენტისათვის მინიჭებული ფართო პრივილეგია შესაძლებელია წინააღმდეგობაში მოდიოდეს პრეზიდენტის, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ, პოლიტიკურ-სამართლებრივ ბუნებასთან, განსაკუთრებით კი, მის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციასთან – უზრუნველყოს სახელმწიფო ორგანოთა (ამ შემთხვევაში მართლმსაჯულების ორგანოთა) საქმიანობის კონსტიტუციასთან შესაბამისობა. ომბუდსმენის მოადგილე პაატა ბელთაძე განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც აპარატის ანალიტიკური დეპარტამენტი ვითარებას გააანალიზებს, პარლამენტს ცვლილების განხორციელების რეკომენდაციით მიმართავს:

„ამ შეწყალებათა არაერთგვაროვანმა სერიამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას თავისთავად სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობის, მათ შორის, მართლმსაჯულების განხორციელების ძირითად პრინციპებს. საქართველოს სახალხო დამცველის შესაბამისი ანალიტიკური დეპარტამენტი უკვე მუშაობს და სწავლობს სხვა სახელმწიფოებში პრეზიდენტის ანალოგიური უფლების გამოყენების წესს და პირობებს და მას შემდეგ, რაც მომზადდება დასკვნა, შესაბამისად, მიმართავს პარლამენტს“.

მე ვფიქრობ, არასწორია და ვეთანხმები იმ აზრს, რომ მართლმსაჯულების იდეისთვის ეს არის საზიანო, იმიტომ რომ სახელმწიფო, პროკურატურა, სასამართლო ხარჯავს ძალიან ბევრ რესურსს იმისათვის, რომ მართლმსაჯულება განხორციელდეს და თუ ერთ მშვენიერ დღეს პრეზიდენტი ყველა იმ პირს უცებ - ყოველგვარი დასაბუთების, მოტივაციის, არგუმენტაციის გარეშე - შეიწყალებს...
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე ამბობს, რომ პრეზიდენტს შეწყალების უფლებას ანიჭებს კონსტიტუცია. იმას, თუ რა წესით უნდა გამოსცეს შეწყალების აქტი, განსაზღვრავს 2004 წლის ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტს არ შეუძლია შეიწყალოს პირი, რომელსაც მისჯილი აქვს უვადო პატიმრობა და არ აქვს მოხდილი სასჯელის 25 წელი, ასევე არ შეუძლია შეიწყალოს პირველად ნასამართლევი პირი, რომელსაც მისჯილი აქვს 5-წლიანი პატიმრობა და მოხდილი არ აქვს სასჯელის 1/3 და ა. შ. თუმცა ისევ პრეზიდენტმა, 2005 წელს თავისსავე განკარგულებაში შეტანილი ცვლილებით, საკუთარ თავს დაუმტკიცა უფლება, 2004 წლის დებულებით დადგენილი შეზღუდვების გაუთვალისწინებლად შეიწყალოს ნებისმიერი პირი. კახა კოჟორიძის სიტყვებით, ამ განკარგულების თანახმად, პრეზიდენტს დღეს პატიმრობაში მყოფი ყველა პირის შეწყალების საშუალება აქვს:

„მე ვფიქრობ, არასწორია და ვეთანხმები იმ აზრს, რომ მართლმსაჯულების იდეისთვის ეს არის საზიანო, იმიტომ რომ სახელმწიფო, პროკურატურა, სასამართლო ხარჯავს ძალიან ბევრ რესურსს იმისათვის, რომ მართლმსაჯულება განხორციელდეს და თუ ერთ მშვენიერ დღეს პრეზიდენტი ყველა იმ პირს უცებ - ყოველგვარი დასაბუთების, მოტივაციის, არგუმენტაციის გარეშე - შეიწყალებს, ცხადია, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება სტაბილურობაც, სამართლიანობაც და ძალიან ბევრი რამ, რაც ქვეყანაში უნდა არსებობდეს“.

ამ თვალსაზრისით, პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვის მომხრეა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი, თუმცა, მისი სიტყვებით, გასათვალისწინებელია ერთი ფაქტორი - უნდა ჰქონდეს თუ არა პრეზიდენტს იმ პატიმართა შეწყალების უფლება, რომლებიც დანაშაულს არ აღიარებენ, ვინაიდან, ალეკო ცქიტიშვილის სიტყვებით, საქართველოში წინა წლებში არსებობდნენ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულები, რომლებიც დანაშაულს არ აღიარებდნენ:

კომისია, რომელიც მუშაობს, როგორღაც ახალ პროცედურებს უნდა დაექვემდებაროს, იმისათვის რომ პრეზიდენტთან მიდიოდეს იმ პატიმართა საქმეები, რომლებიც ნამდვილად იმსახურებენ შეწყალებას, ხოლო პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, შეეძლოს მოაწეროს ან არ მოაწეროს ხელი ამა თუ იმ პროექტს...
„თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენთან ჯერ დემოკრატია ახალგაზრდა დემოკრატიაა და თუ გავითვალისწინებთ, რომ წარსულში, როდესაც პოლიტპატიმრები არსებობდნენ და მათ არ ჰქონდათ სურვილი, და ზოგჯერ სამართლიანადაც, რომ ეღიარებინათ დანაშაული, რომელიც არც ჰქონდათ ჩადენილი... თუმცა ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები აღარ იქნებიან“.

პრეზიდენტისათვის პატიმართა შეწყალების უფლების პროცედურის გადახედვა მნიშვნელოვან ამოცანად მიაჩნია იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს. მისი სიტყვებით, პრეზიდენტი უნდა სარგებლობდეს შეწყალების, როგორც ჰუმანურობის გამოვლენის, უფლებით, თუმცა უნდა დადგინდეს, თუ რა პრინციპით შეიძლება შეიწყალოს მან ესა თუ ის პატიმარი:

„კომისია, რომელიც მუშაობს, როგორღაც ახალ პროცედურებს უნდა დაექვემდებაროს, იმისათვის რომ პრეზიდენტთან მიდიოდეს იმ პატიმართა საქმეები, რომლებიც ნამდვილად იმსახურებენ შეწყალებას, ხოლო პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, შეეძლოს მოაწეროს ან არ მოაწეროს ხელი ამა თუ იმ პროექტს. მთავარი მაინც ის არის, რომ ჩვენ უკვე გვყავს გონიერი და სამართლებრივად მოაზროვნე პრეზიდენტი და მის პირობებში გამორიცხულია იმგვარი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, როგორიც ბაჩო ახალაიას შემთხვევაში ვიხილეთ“.

პრეზიდენტის საკანონმდებლო ჩარჩოთი შეზღუდვის მომხრეა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, რათა მომავალში პრეზიდენტს არ მიეცეს საკუთარი სურვილით ნორმატიული აქტების გამოცემის შესაძლებლობა:

„მიზანშეწონილი იქნება, რომ ამდაგვარი საკითხი განისაზღვროს კანონით, რომ ერთ პირს, თუნდაც ქვეყნის პრეზიდენტს, არ ჰქონდეს შესაძლებლობა თავად დაიდგინოს თამაშის წესი, რათა ამ წესის დადგენისას მან არ ჩაწეროს ისეთი ნორმა, რაც არის მიუღებელი“.

მე მოვუსმინე ზოგადად ომბუდსმენის განცხადებას და ჩემთვის, უბრალოდ, გასაოცარი იყო, რომ საოცრად ემთხვევა - ასი პროცენტით - ომბუდსმენისა და დღევანდელი მთავრობის წევრთა განცხადებები ერთმანეთს, არა მარტო შეწყალებასთან, არამედ ძალიან ბევრ რამესთან დაკავშირებით...
ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ ბოლო 10 დღის განმავლობაში გამოცემული შეწყალების აქტებით მიხეილ სააკაშვილი ბოროტად სარგებლობდა თავისი უფლებამოსილებით და აშკარად პოლიტიკურ მოკავშირეებს იცავდა. პარლამენტარები გულისხმობენ პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ძმას, დავით ადეიშვილს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მოადგილეს, ნიკოლოზ ძიმცეიშვილს, რომლებიც ძებნილები იყვნენ და საპატიმროში ერთი დღეც არ ყოფილან; ასევე პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა სიაში მოხვედრილ ყოფილ პოლიციელ მაიზერ ლიპარტელიანს, რომელიც ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით იყო გასამართლებული; სამი დღის წინ პრეზიდენტის მიერ ციხის ბუნტის საქმეზე შეწყალებულ სასჯელაღსრულების მაშინდელ მინისტრს ბაჩო ახალაიას და 5 ნოემბერს შეწყალებულ და გორგასლის ორდენით დაჯილდოებულ რეზო ჭარბაძეს, რომელიც ბაჩო ახალაიასთან ერთად ბრალდებულია ე.წ. ციხის ბუნტის საქმეში და თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა, ვინაიდან ის საქართველოში არ იმყოფება.

საპარლამენტო უმცირესობაში მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტს პროვილეგია, შეწყალების კომისიის გვერდის ავლით შეიწყალოს ნებისმიერი პირი, არ უნდა შეეზღუდოს. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ამის შესახებ კახეთის გუბერნატორმა ზურაბ ჭიაბერაშვილმაც განაცხდა:

„პრეზიდენტი შეწყალების უფლებით უნდა სარგებლობდეს. თუ ვინმეს აქვს რაიმე შენიშვნები იმ სამართლებრივ ჩარჩოსთან დაკავშირებით, რაც დღემდე მოქმედებდა, ბუნებრივია, ეს ისევ და ისევ არის საკანონმდებლო ორგანოს - პარლამენტის - გადასაწყვეტი და, ბუნებრივია, შეუძლიათ პარლამენტს მიმართონ და პარლამენტი ამაზე იმსჯელებს... მე მოვუსმინე ზოგადად ომბუდსმენის განცხადებას და ჩემთვის, უბრალოდ, გასაოცარი იყო, რომ საოცრად ემთხვევა - ასი პროცენტით - ომბუდსმენისა და დღევანდელი მთავრობის წევრთა განცხადებები ერთმანეთს, არა მარტო შეწყალებასთან, არამედ ძალიან ბევრ რამესთან დაკავშირებით“.

შეზღუდავს თუ არა კანონი პრეზიდენტს უფლებამოსილებაში, შეიწყალოს პატიმრები საკუთარი სურვილისამებრ, იმ შემთხვევაში გაირკვევა, თუ სახალხო დამცველი ამ ინიციატივით პარლამენტს მიმართავს. საპარლამენტო უმრავლესობა ომბუდსმენს მხარს უჭერს.
XS
SM
MD
LG