Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეცვლილი ბიუჯეტი


პარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი

შეცვლილი ბიუჯეტის პროექტით, რომელსაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა, ზოგ სახელმწიფო უწყებას დაფინანსება შეუმცირდა, სხვების გაზრდის ხარჯზე. საპარლამენტო ოპოზიცია, რომელმაც ბიუჯეტის პროექტს მხარი არ დაუჭირა, აცხადებს, რომ ქვეყნის ბიუჯეტი შეიკვეცა, რაც ქვეყნის მოსახლეობის ინტერესებს დააზიანებს. რა დააკლდა და რის ხარჯზე ქვეყნის ბიუჯეტს და რამ განაპირობა ცვლილებები 2015 წლის საფინანსო დოკუმენტში?

ქვეყნის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების საფუძველი დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განუმარტა და ბიუჯეტის კორექტირების მთავარ მიზეზად საერთაშორისო და განსაკუთრებით რეგიონში მომხდარი ეკონომიკური ცვლილებები დაასახელა, რამაც ეროვნულ ვალუტასა და ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობაზეც იქონია გავლენა: წლის დასაწყისში დაგეგმილი 5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, პირველი კვარტალის მონაცემებით და სამომავლო პროგნოზით, 2 %-მდე შემცირდა და დოლართან მიმართებით ლარის 1,84 თეთზე დაგეგმილ ბიუჯეტშიც ცვლილებების შეტანა გახდა აუცილებელი:

„შემოსავლების ნაწილში ზრდა ხდება 25 მილიონი ლარით. ამ თანხის დახარჯვას არ ვფიქრობთ ჩვენ. ეს თანხა გროვდება ბიუჯეტის დეპოზიტებზე, რის გამოც ხარჯვითი ნაწილი რაც იყო, 9 მლრდ 575 მილიონი ლარი დაგეგმილი, რჩება უცვლელი. ხდება სამინისტროებში თანხების გამოთავისუფლება და აღნიშნული თანხები მიემართება საჭიროებისამებრ“.

სოციალურ, ჯანდაცვის ხარჯებს შემცირება არ ეხება. ეს არის საბიუჯეტო პარამეტრების ცვლილება, შემცირების თვალსაზრისით; ამავე დროს, შემცირების კვალობაზე, - პრიორიტეტული ხარჯების გადანაწილება...
ლევან ალაფიშვილი

შედეგად კი, ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის თანახმად, 7.6 მლრდ ლარიდან 200 მლნ ლარით მცირდება და 7.4 მლრდ ლარით განისაზღვრება საგადასახადო შემოსავლების გეგმა, მაგრამ ვინაიდან ეს დანაკლისი ივსება სხვა წყაროებიდან მისაღები თანხებით, ამიტომ ძირითადი პარამეტრები მნიშვნელოვნად არ მცირდება. ამასთან, შესწორებული ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, უცვლელი რჩება სოციალური ხარჯები, დაფინანსება სხვადასხვა სამინისტროს შეუმცირდება, მათ შორის ყველაზე მეტად, 54 მილიონი ლარით, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, 25 მილიონზე მეტით - სოფლის მეურნეობის სამინისტროს, 13 მილიონით - განათლების სამინისტროს და ა.შ.

ბიუჯეტში არა ცვლილების შეტანას, არამედ მის შეკვეცას უწოდებს საპარლამენტო ოპოზიცია ცვლილებებს და ხელისუფლებას მათ მიერ მიცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დეპუტატის ზურაბ მელიქიშვილის თქმით, ხელისუფლებას ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების რესურსი ბოლომდე არ გამოუყენებია:

„აქ არის განათლების პროექტები, მათ შორის, სახელმძღვანელოების დაბეჭდვასთან დაკავშირებით; აქ არის გზის პროექტები, რომლებიც რეაბილიტაციის ქვეშ უნდა ყოფილიყო და არის შეკვეცილი და შემცირებული. და როდესაც პროგრამა მცირდება, პროგრამა იკვეცება, ამას ჰქვია პროგრამის სეკვესტრი“.

ორგანიზაცია „მომავლის ინიციატივების“ ხელმძღვანელის ლევან ალაფიშვილის თქმით, ბიუჯეტის კორექტირება გარდაუვალი იყო. არის ეს სეკვესტრი თუ სხვა რამ, ამაზე ლევან ალაფიშვილს აქვს პასუხი, რომ ფაქტია, საერთო მოცულობით ბიუჯეტი შემცირდა და ასევე შეიცვალა საბიუჯეტო პარამეტრები, ზრდის ტემპი; იგივე ვალუტებს შორის კურსთა სხვაობის გამო - ვალის მოცულობა, მაგრამ რაც არ უნდა ეწოდოს იმას, რასაც გუშინ პარლამენტმა დაუჭირა მხარი, ფაქტია, რომ დაცულ მუხლებს ცვლილება არ შეჰხებია, რაც ნიშნავს შემდეგს:

„სოციალურ, ჯანდაცვის ხარჯებს შემცირება არ ეხება. ეს არის საბიუჯეტო პარამეტრების ცვლილება, შემცირების თვალსაზრისით; ამავე დროს, შემცირების კვალობაზე, - პრიორიტეტული ხარჯების გადანაწილება. ანუ ერთგან შესაძლებელია ზრდა, მაგრამ ზრდა არა ახალი წყაროების გაჩენით, არამედ სხვა ნაწილში საბიუჯეტო პარამეტრების ხარჯების შემცირებით, ანუ გადანაწილება და საბიუჯეტო პარამეტრების შემცირებაა ის, რაც შეიძლება ეწოდოს მიმდინარე პროცესს“.

რამაზ გერლიანი
რამაზ გერლიანი

„ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის“ პრეზიდენტი რამაზ გერლიანი ამბობს, რომ ბიუჯეტის მოცულობა იგივე დარჩა, თანხები მის მუხლებს შორის გადანაწილდა. ამის აუცილებლობას საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები და ეროვნული ბანკიც ხედავდა:

„რეალურად, ჩვენ როგორც ვნახეთ, შეამცირეს ადმინისტრაციული ხარჯები, სოციალურ ხარჯებს ნაკლებად შეეხენ და ძირითადად ეს მიმართეს ინფრასტრუქტურის მიმართულებით. რასაკვირველია, კაპიტალური ხარჯების სპეციალურ მუხლში ეს გადანაწილება არ ჩანს, მაგრამ ეს მაინც მოხმარდება ინფრასტრუქტურას, რაც, ჩემი აზრით, ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის ძალიან მცირედი, მაგრამ უარყოფითი ფაქტორი ნამდვილად არ არის, უფრო დადებითი ფაქტორია“.

რამაზ გერლიანი ხელისუფლებას უფრო თავიდანვე სამინისტროებისთვის გათვლილი ბიუჯეტის არასწორ დაგეგმვაში ადანაშაულებს. თუ სამინისტროებს ამხელა ბიუჯეტი არ სჭირდებოდათ და ახლა ჩამოაჭრეს, გამოდის, რომ ეს თანხები ამ სამინისტროებისთვის ზედმეტი იყო. თუ სჭირდებოდათ, მაშინ მათთვის ამ თანხების ჩამოჭრა მათ მობილურობასა და ეფექტურობაზე მოახდენს უარყოფით გავლენას. თუმცა, რამაზ გერლიანის თქმით, ბიუჯეტის სეკვესტრი წლის ბოლოსთვის სავარაუდო არ არის, ვინაიდან მეორე კვარტალში მოსალოდნელია ეკონომიკური აქტივობა გაძლიერდეს.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG