Accessibility links

logo-print
„დამოუკიდებელი პიროვნება - თავისუფალი არჩევნები“ - ამ დევიზით გაიმართა აქციები თბილისსა და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა და მათმა მეგობრებმა საზოგადოებას სამოქალაქო აქტიურობისკენ მოუწოდეს. აქციების ორგანიზატორთა თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გარემო ხშირ შემთხვევაში არ არის ადაპტირებული, ეტლით მოსარგებლე პირები არჩევნების დღეს არ უნდა დარჩნენ შინ. აქციის ორგანიზატორთა ამ მოთხოვნას შეუერთდა ცენტრალური საარჩევნო კომისიაც, რომელიც საგანგებოდ მოემზადა მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებისათვის. რა პრობლემებს აწყდებიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები არჩევნების დღეს და რა კეთდება მათი უფლებების დასაცავად?

იკო იაკობიძე 19 წლისაა. მიუხედავად იმისა, რომ ეტლით გადაადგილდება, ხოლო თბილისის ქუჩები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტერესებზე ცუდად არის მორგებული, 27 ოქტომბერს ის მაინც არ დარჩება შინ:

„შარშან პირველად მომეცა უფლება, რომ მიმეღო მონაწილეობა არჩევნებში. მაშინაც ჩემით მივედი და წელსაც იმასვე ვაპირებ. ასევე ვარ დამკვირვებელი საბურთალოს საარჩევნო ოლქში, ერთ-ერთ უბანზე. იმედი მაქვს, ყველა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი გააქტიურდება ჩემსავით და თვითონ მივა საარჩევნო უბანზე და არ მოითხოვს საარჩევნო ყუთის შინ მიტანას“.

მიუხედავად იმისა, რომ შეინიშნება გარკვეული წინსვლა გარემოს ადაპტირების კუთხით საარჩევნო უბნებზე, სამწუხაროდ, ეს პრობლემა მაინც გადაუჭრელია, რადგანაც ძალიან ბევრი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანი ვერ მიდის საარჩევნო უბანზე იმის გამო, რომ უბანი მეორე სართულზეა განთავსებული...
როგორც ირკვევა, საარჩევნო უბნებში მისვლას ითხოვს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა აბსოლუტური უმრავლესობა. რატი ინათამიშვილი, ხელმძღვანელი კოალიციისა „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“, ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი ადაპტირებული გარემოს არარსებობაა.

„მიუხედავად იმისა, რომ შეინიშნება გარკვეული წინსვლა გარემოს ადაპტირების კუთხით საარჩევნო უბნებზე, სამწუხაროდ, ეს პრობლემა მაინც გადაუჭრელია, რადგანაც ძალიან ბევრი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანი ვერ მიდის საარჩევნო უბანზე იმის გამო, რომ უბანი მეორე სართულზეა განთავსებული. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, რადგანაც თანაბარი საარჩევნო გარემოპირობები მთლიანად ქვეყანაში თანაბარ შესაძლებლობებს ნიშნავს“, უთხრა რატი ინათამიშვილმა რადიო თავისუფლებას.

რატი ინათამიშვილის თქმით, კოალიცია აქტიურად თანამშრომლობს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რომლის კოორდინაციისა და მართვის დეპარტამენტის უფროსის სოფო სიჭინავას თქმით, 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებისთვის მოესწრო რეკორდულად ბევრი საარჩევნო უბნის ადაპტირება. ცნობისათვის: 2012 წლის საპარალმენტო არჩევნებზე მხოლოდ 108 უბანი იყო ადაპტირებული:

„წელს უკვე 302 უბანია ადაპტირებული ეტლით მოსიარულე ამომრჩევლებისათვის. ასევე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კენჭისყრის დღეს უზრუნველყო სმენადაქვეითებული ამომრჩევლებისათვის სურდოთარგმანის თანხლებით სპეციალური საარჩევნო რგოლის მომზადება. ეს რგოლი მოიცავს პროცედურების ინსტრუქციას და გავრცელდება იდენტიფიცირებულ საარჩევნო უბნებზე. ასევე უსინათლო ამომრჩევლები წელს პირველად მიიღებენ დამოუკიდებლად არჩევნებში მონაწილეობას. ეს გახლავთ ბიულეტენის შესავსები სპეციალური ჩარჩო-ფორმა, რომელიც საქართველოს მასშტაბით პირველად გავრცელდება და ყველა საარჩევნო უბანზე იქნება. მისი საშუალებით უსინათლო ამომრჩეველი ისე მისცემს ხმას, რომ მისი იდენტიფიცირება შეუძლებელი იქნება“.

ჩვენ გავაკეთეთ კვლევა ევროკავშირის დახმარებით. კვლევამ აჩვენა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა 78% ვერ მიდის საარჩევნო უბნებზე იმის გამო, რომ არ არის ეს უბნები ადაპტირებული...
სახალხო დამცველის მოადგილე პაატა ბელთაძე ამბობს, რომ, გარკვეული სასიკეთო ცვლილებების მიუხედავად, მაინც მასობრივად ირღვევა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები:

„ფაქტობრივად, დღემდე არ სრულდება კანონის ის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც ამა თუ იმ სამშენებლო ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვებამდე აუცილებლად უნდა იყოს ადაპტირებული პანდუსები. გარდა ამისა, არ არის ადაპტირებული ტრანსპორტი და ქუჩები, რის გამოც შეუძლებელი ხდება შეზღუდული შესაძლებლობების პირთა გადაადგილება“.

სახალხო დამცველის მოადგლის მიერ აღწერილი ამ სავალალო სინამდვილის შეცვლის მიზნით კოალიცია „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოდის. კოალიციის წარმომადგენლის გუნა ბიბილეიშვილის თქმით, 30 ათასი ხელმოწერის შეგროვების შემდეგ ინიციატივა პარლამენტში დარეგისტრირდება:

„ჩვენ გავაკეთეთ კვლევა ევროკავშირის დახმარებით. კვლევამ აჩვენა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა 78% ვერ მიდის საარჩევნო უბნებზე იმის გამო, რომ არ არის ეს უბნები ადაპტირებული. ახლა ვმუშაობთ პარლამენტთან, რომ მოხდეს ცვლილებები და ყველა საარჩევნო უბანი იყოს ადაპტირებული ეტლით მოსარგებლეთათვის, ხოლო რაც შეეხება სმენადაქვეითებულებს, რომლებიც ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია, მათ უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია ჟესტების ენით და ამისათვის უნდა დაიდგას ვიდეოაპარატები ყველა საარჩევნო უბანში“, უთხრა გუნა ბიბილეიშვილმა რადიო თავისუფლებას. მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა წარმომადგენლობითობის უზრუნველყოფა ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხვადასხვა კომიტეტებში.
XS
SM
MD
LG