Accessibility links

logo-print
საქართველოში ათასობით ადამიანს უწევს მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრება, თუმცა განსაკუთრებით რთულ პირობებში იმყოფებიან ის მოქალაქეები, რომელთა შესაძლებლობები, იმავდროულად, შეზღუდულია ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. მეორე ჯგუფის ინვალიდობის მქონე 37 წლის არევ ტოპოლიანი სოციალურად დაუცველია. ცხოვრობს დიღმის ნომერ პირველ ბავშთა სახლის შენობაში. წლებია ითხოვს იზოლირებულ საცხოვრებელ ფართობს თავშესაფარში, მაგრამ თბილისის მერია ყოველ ჯერზე უარით ისტუმრებს.

არევ, იგივე მარიამ, ტოპოლიანი სოციალური შემწეობის სახით თვეში 60 ლარს იღებს, რასაც ემატება ეგრეთ წოდებული ინვალიდობის პენსია - 70 ლარი.

„ამჟამად ვცხოვრობ ბავშვთა სახლში, რომელიც ლიკვიდირებულია და აღარ ფუნქციონირებს. ვინაიდან არსად წასასვლელი არ მქონდა, იქ ვარ შეფარებული, მაგრამ არ ვიცი, როდის მომიწევს იქიდან გასახლება. მეშინია, ღია ცის ქვეშ არ აღმოვჩნდე“, - უთხრა რადიო თავისუფლებას არევ ტოპოლიანმა, რომელმაც თბილისის მერიის შესაბამის სამსახურსა და რაიონის გამგეობას „სოციალური საცხოვრისის“ პროგრამაში ჩართვის მოთხოვნით არაერთხელ მიმართა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, უხეშად მოიშორეს თავიდან:

„ასე მითხრეს, თქვენ 30 წელზე მეტი ასაკის რომ ხართ, არ გეკუთვნით ბინაო. ატირებული და სასოწარკვეთილი წამოვედი. თავი დაჩაგრულად ვიგრძენი. მეც ხომ ადამიანი ვარ! მეც ხომ მინდა ნორმალური ცხოვრება. მერე რა, რომ მარტო ვარ?!“

თუმცა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლში“ აცხადებენ, არევ ტოპოლიანი მარტო ნამდვილად არ არის. ადვოკატი სოფიკო ალექსიძე აცხადებს, რომ მსგავსი პრობლემა აქვს ბავშვთა სახლის იმ ათასობით აღსაზრდელს, რომელსაც 18 წელი შეუსრულდა:
სოფიკო ალექსიძე

სოფიკო ალექსიძე


„მას შემდეგ, რაც სრულწლოვანები ხდებიან, ფაქტობრივად, ღია ცის ქვეშ უწევთ ცხოვრება. ქალაქ თბილისის მერიას აქვს ვალდებულება უზრუნველყოს აღნიშნული პირები საცხოვრებელი ფართით, თუმცა მერიის წარმომადგენლები ბოროტად არიდებენ თავს და უარს ეუბნებიან ბენეფიციარებს სხვადსხვა მიზეზების გამო. მათ აქვთ სპეციალური კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ ბენეფიციარები. რეალურად, პირველ ეტაპზე დაპირებას აძლევენ, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ აღმოჩნდება, რომ ფონდის არარსებობის გამო ამბობენ უარს ფართობის გამოყოფაზე“.

სოფიკო ალექსიძის თქმით, სულ ბოლოს უარყოფითი პასუხი არევ ტოპოლიანმა თბილისის მერიიდან რამდენიმე თვის წინ მიიღო. ვითარებაში გასარკვევად რადიო თავისუფლებამ მერიის პრესსამსახურს მიმართა, მაგრამ უშედეგოდ. არადა, პრობლემის სიმწვავეზე მეტყველებს სახალხო დამცველის აპარატში შესული განცხადებების სიმრავლე. ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენელი ანა არგანაშვილი განმარტავს:

„სახელმწიფოს ჯერჯერობით აქვს ასეთი პოლიტიკა: იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს აქვს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი, მაშინ იგი გადაჰყავთ სხვა დაწესებულებაში მას შემდეგ, რაც 18 წელს მიაღწევს, ხოლო თუ ასეთი სტატუსი არ აქვს, მაშინ რჩება საცხოვრისის გარეშე, მაგრამ აქ არის ერთი სერიოზული პრინციპი, რომელიც უნდა იყოს აუცილებლად გათვალისწინებული: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი არ არის ვალდებული მთელი ცხოვრების განმავლობაში იმყოფებოდეს ინსტიტუციაში. ეს ეწინააღმდეგება 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კონვენციის დეინსტიტუციონალიზაციის მიდგომას, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები საჭიროების გარეშე არ უნდა გამოვკეტოთ ინსტიტუციებში“, - უთხრა ანა არგანაშვილმა რადიო თავისუფლებას.
რა მომელის მომავალში, ნამდვილად არ ვიცი! ღია ცის ქვეშ ვრჩები. ვის მივეკედლო? შეიძლება მყავს კიდეც მეგობრები, მაგრამ ჩემი ბინა ხომ მინდა? ასე ბევრს ვიცნობ, მაგრამ რატომ? ყველას თავისი გაჭირვება და პრობლემები აქვს. ვითხოვ იზოლირებულ თავშესაფარს, რომელიც ამოსუნთქვისა და ნორმალური ცხოვრების საშუალებას მომცემს...

ორგანიზაცია „ევრი ჩაილდის“ საქართველოს ოფისის დირექტორი ანდრო დადიანი ამბობს, რომ სახელმწიფო გულგრილია ამ კატეგორიის მოქალაქეების ბედისადმი. მისი აზრით, შესაბამისი ინსტიტუციიდან გამოსულ მოზარდებს 21 წლამდე მაინც უნდა გაუწიოს რაიმე სახის მატერიალური დახმარება, უზრუნველყოს თავშესაფრით და იზრუნოს იმაზე, რომ მოზარდებმა გამოიმუშაონ დამოუკიდებლად ცხოვრების უნარები. რაც შეეხება საცხოვრებელი ფართობის პრობლემას, ამასთან დაკავშირებით ანდრო დადიანი ამბობს:

„უნდა დაინერგოს „სოციალური საცხოვრისის“ მსგავსი პროგრამები როგორც ერვონულ, ისე ადგილობრივ დონეზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ მივაღწიეთ ვერაფერს მთავრობასთან, რომ დაიწყონ მუშაობა ამ პრობლემის გააზრებაზე. შესაბამისი სტრატეგიაც უნდა ჩამოყალიბებულიყო, მაგრამ ესეც მიატოვეს, ფაქტობრივად. დღესდღეობით არანაირი ფიქრიც კი არ მიმდინარეობს, თუ რა ხდება იმ პირებთან მიმართებაში, რომლებიც გაიზარდნენ სახელმწიფოს მზრუნველდობის ქვეშ. დღეს ისინი ყოველგვარი დახმარების გარეშე რჩებიან 18 წლის დადგომისთანავე“.

ანდრო დადიანის თქმით, ერთადერთი, რაც ამ ადამიანებს კანონით ეკუთვნით, ესაა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოქალაქეების დახმარება, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიცემა, თუკი ისინი რეგისტრირებული არიან ამა თუ იმ მისამართზე, მაგრამ იმის გამო, რომ ბევრ მათგანს მუდმივი საცხოვრებელი არ გააჩნია, შესაბამის დახმარებასაც ვერ იღებს. სწორედ საცხოვრებელ ფართობს ითხოვს არევ ტოპოლიანი, რომელიც წლების განმავლობაში გაუქმებული ბავშვთა სახლის შენობას აფარებს თავს.

„რა მომელის მომავალში, ნამდვილად არ ვიცი! ღია ცის ქვეშ ვრჩები. ვის მივეკედლო? შეიძლება მყავს კიდეც მეგობრები, მაგრამ ჩემი ბინა ხომ მინდა? ასე ბევრს ვიცნობ, მაგრამ რატომ? ყველას თავისი გაჭირვება და პრობლემები აქვს. ვითხოვ იზოლირებულ თავშესაფარს, რომელიც ამოსუნთქვისა და ნორმალური ცხოვრების საშუალებას მომცემს“, - უთხრა არევ ტოპოლიანმა რადიო თავისუფლებას.
XS
SM
MD
LG