Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმი ენგურის ხიდზე შეზღუდვებს აწესებს


აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ენგურის გამშვებ პუნქტზე გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით არ შეჰხებია ეთნიკურად ქართველებს, რომლებიც ოკუპირებულ რეგიონში ცხოვრობენ და რომელთაც შესაბამისი საბუთები წესრიგში აქვთ. როგორც რადიო თავისუფლებას აფხაზეთიდან ენგურის ხიდის საშუალებით გადმოსულმა მგზავრებმა ზუგდიდში განუცხადეს, ე.წ. გამშვებ პუნქტზე მათ პრობლემები არ შეჰქმნიათ:

„არაფერი არ არის შეზღუდული - როგორც იყო, ისეა. გადმოსვლა თავისუფლადაა. პასპორტი უნდა გქონდეს იქაური ან ძველებული, წითელი, საბჭოთა კავშირის, რომელიც რეგისტრირებული უნდა იყოს გალში ან სხვა რაიონში. ყველა რაიონში შეიძლება ამის გაკეთება“, - ამბობს ჭუბურხინჯის მკვიდრი ლადო ბასარია. ის გალის რაიონის სოფლიდან დანარჩენ საქართველოში დღეს დილით გადმოვიდა.

განსაკუთრებული პრობლემების გარეშე გადალახა ე. წ. საზღვარი რადიო თავისუფლების კიდევ ერთმა რესპონდენტმა, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს. ამასთან, უკვე გალში, საკუთარ სახლში მყოფი ქალი სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ კონტროლი პირობით სასაზღვრო ზოლზე ბოლო ხანებში გაძლიერდა. მისი თქმით, საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებსაც საჭირო დოკუმენტაცია არა აქვთ, გადაადგილებას შემოვლითი გზით უკვე ვერ ახერხებენ:

„გადაადგილება საკმაოდ რთულია. საბუთი ვისაც აქვს, კი ბატონო, მაგრამ საბუთი ვისაც არ აქვს, ძალიან ძნელია, თითქმის შეუძლებელი. საჭიროა ამათი პასპორტი, ძველი, წითელი პასპორტი, ფორმა ცხრა და ასეთები“.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ ენგურის ხიდზე გადაადგილების შეზღუდვა შეეხება მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველოს გავლით სურთ ოკუპირებულ რეგიონში მოხვედრა, ასევე საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც არ არიან აფხაზეთის მცხოვრებლები. უწყების სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ოთარ გოგოხიას განცხადებით, საქართველოს მოქალაქე, რომელიც არ ითვლება აფხაზეთის მკვიდრად, რეგიონში იქ მცხოვრების ე. წ. მოწვევით მიდოდა და წარადგენდა გარკვეულ დოკუმენტაციას. ახლა კი, ოთარ გოგოხიას ცნობით, მცირედით შეიცვალა წარსადგენი საბუთების სია:

„ადრე იყო, რომ მოქალაქე აგზავნიდა საქართველოს პასპორტის ქსეროასლს, ახლა ითხოვენ, რომ პასპორტი შეაგზავნონ შიგნით, როდესაც ვინმე, აფხაზეთში მცხოვრები, მოწვევას უკეთებს დანარჩენ საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეს. როდესაც დაიწყეს ამის მოთხოვნა, იქ შეფერხდა... გაჩნდა რიგები და ხალხმაც ატეხა პანიკა. რიგები შეიქმნა იმიტომ, რომ უფრო დაწვრილებით უყურებენ ამ საბუთებს. ახლა ეს დალაგდა, არავის არ უშლიან. ვინც დადიოდა, ის დადის“.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ენგურის გამშვებ პუნქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დროებით შეეზღუდებათ გადაადგილება. მიზეზად ტექნიკური გარემოებები სახელდება, თუმცა დეტალები, რატომ მიიღეს მსგავსი გადაწყვეტილება, არ არის განმარტებული. დე ფაქტო უწყების თქმით, დამატებითი ინფორმაცია ცვლილებებზე მოგვიანებით გახდება ცნობილი. შეზღუდვები არ შეეხებათ აფხაზეთში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლებს. განცხადების თანახმად, სხვა ქვეყნის მოქალაქეებს აფხაზეთში შესვლა „ფსოუდან - რუსეთ-აფხაზეთის გამშვები პუნქტიდან -შეეძლებათ“. ამ ცნობას წინ უძღოდა დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას მიერ გაკეთებული განცხადება ენგურის გამშვებ პუნქტთან დაკავშირებით. რაულ ხაჯიმბას სიტყვებით, „ქართულ-აფხაზურ საზღვარზე“ გრძელდება ტვირთის უკანონო შემოტანა, რაც აფხაზეთის ეკონომიკას ზიანს აყენებს, რის გამოც კონტროლი სასაზღვრო პუნქტზე უნდა გაძლიერდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG