Accessibility links

logo-print
შიდა ქართლის ახალმა გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა პირველი სამუშაო დღე მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრით დაიწყო. მთავრობის რწმუნებული სამსახურში ზუსტად 10 საათზე მივიდა, ჟურნალისტებს გვითხრა, რომ განცხადების გაკეთებას არ აპირებდა და პირდაპირ ჩვენს კითხვებს უპასუხებდა. ინტერვიუს წინ ცოტას ღელავდა, - ცნობილია, რომ მედიასთან მას ხშირი ურთიერთობა არ უწევდა, -კითხვებზე კი მოკლე და კონკრეტულ პასუხებს იძლეოდა. მისი თქმით, სამსახურში პირველ რიგში, რეორგანიზაცია განხორციელდება, რასაც სტრუქტურული და საკადრო ცვლილებებიც მოჰყვება. ამის შემდეგ გუბარნატორი რეგიონის სოფლებში ჩასვლას და ადგილზე ვითარების გაცნობას გეგმავს. მისი თქმით, პრიორიტეტი ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში არსებული პრობლემების მოგვარება იქნება.

გორელებმა ახალი გუბერნატორის შესახებ ბევრი არაფერი იციან. მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ რუსიშვილი წარმოშობით გორის რაიონის სოფელ ატენიდანაა, წლების განმავლობაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის კომპანიებში მუშაობდა, ბოლოს „ქართუ ბანკის“ გორის ფილიალის ხელმძღვანელი იყო. პროფესიით ფინანსისტი, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალისტია. ზურაბ რუსიშვილი ამბობს, რომ მედიის წარმომადგენლებთან გახსნილი ურთიერთობა ექნება, რადგან დასამალი არაფერია და ადმინისტრაცია გამჭვირვალედ იმუშავებს. რწმუნებულის ადმინისტრაციაში კი თანამშრომლები დილიდან დაძაბულები იყვნენ - ჯერ არავინ იცის, ვინ შეინარჩუნებს სამსახურს. ცნობისათვის: გუბერნატორის ადმინისტრაციის მთლიანი შემადგენლობა ყოფილი ხელისუფლების დროს დანიშნული კადრებითაა დაკომპლექტებული. რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით, სამსახურიდან ადმინისტრაციის თანამშრომლების 80 პროცენტს დაითხოვენ და მათ კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტები ჩაანაცვლებენ. გორელებს ნაკლებად აინტერესებთ გუბერნატორის მიერ განხორციელებული საკადრო ცვლილებები. მათი აზრით, მთავარია ახალმა ადმინისტრაციამ ის პრობლემები მოაგვაროს, რაც რეგიონს აწუხებს. ქუჩაში გამოკითხულთა უმრავლესობა მთავარ პრობლემად სოციალურ გაჭირვებას მიიჩნევს და ხელისუფლებას მის გადაწყვეტას სთხოვს.

ახალმა გუბერნატორებმა პრემიერ-მინისტრისგან პირველი დავალება უკვე მიიღეს, რაც ზამთარში წარმოქმნილი პრობლემების გადაწყვეტას ეხება. ამის შესახებ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

ზურაბ რუსიშვილი რეგიონის მე-12 გუბერნატორია. მის წინამორბედებს პრეზიდენტები ნიშნავდნენ. კანონში შეტანილი ცვლილების შემდეგ, რუსიშვილი მთავრობის რწმუნებული იქნება. მას რეგიონში მძიმე მემკვიდრეობა დახვდა: ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში სოციალური და ინფრასტრუქტურული საკითხები; გარდა ამისა, რუსეთის მესაზღვრეების მიერ მავთულხლართებისა და ღობეების გამალებული მონტაჟი და მიწის გარეშე დარჩენილ მოსახლეობასთნ დაკავშირებული პრობლემები.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG