Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შიდსით ინფიცირებულთა სტატისტიკა სტაბილურია


იანვრის პირველ დეკადაში შიდსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი ავრცელებს. ახალი შემთხვევების ეს რაოდენობა საშუალო სტატისტიკურ მონაცემებში თავსდება. როგორც სპეციალისტები ამბობენ, დინამიკაზე დაკვირვება გვიჩვენებს, რომ საქართველოში ინფიცირებულთა მაჩვენებელი სტაბილურად მცირე რაოდენობით მზარდია. ამასთან, თუ აქამდე მთავარ რისკის ჯგუფად ინექციური ნარკომანები განიხილებოდნენ, უკანასკნელ ხანებში იმატა ინფექციის სქესობრივი გზით გავრცელების შემთხვევებმა, როგორც ერთსქესიანი, ასევე ჰეტეროსექსუალური კონტაქტით. მთავარ პრობლემად კი ისევ დაავადებულთა მიმართ სტიგმა და დისკრიმინაცია რჩება.

მართალია, მსოფლიო სტატისტიკით, საქართველო მიეკუთვნება აივ/შიდსის დაბალი პრევალენტობის ქვეყნებს, მაგრამ, მეორე მხრივ, შიდსის ეპიდემიის კანონზომიერებიდან გამომდინარე, აივ/შიდსის რეგისტრირებული შემთხვევების უკან დგას მაქსიმუმ ერთი ამდენი არარეგისტრირებული შემთხვევა. თუმცა, თუ ამბავს მშრალი რიცხვებით განვაგრძობთ, უკვე წელს გამოვლენილი 8 შემთხვევიდან ინფიცირებულთა შორის ხუთი მამაკაცი და სამი ქალია. ინფექციური პათოლოგიების, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის მონაცემებით, ცენტრში სულ შიდსის ვირუსით ინფიცირების 4131 შემთხვევაა რეგისტრირებულია. მათ შორის 3032 მამაკაცია, 1099 - ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი განუვითარდა 2483 პაციენტს, მათგან 896 გარდაიცვალა. 2013 წელს 96 პირი გარდაიცვალა. მკურნალობას 1730 პაციენტი იტარებს, მათ შორის 41 ბავშვია.

ინფექციური პათოლოგიების, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის სიტყვებით, მდგომარეობა საქართველოში, ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით, სტაბილურია და ის, შეიძლება ითქვას, ლოკალიზებულია:

„ის, რომ იანვრის პირველ დეკადაში დაფიქსირდა 8 ახალი შემთხვევა, ეს ჩვეულებრივი ამბავია. ყოველწლიურად ფიქსირდება დაახლოებით 500 ახალი შემთხვევა. მაგალითად, შარშან წლის განმავლობაში დაფიქსირდა 490 ახალი შემთხვევა, ანუ ყოველთვიურად, საშუალოდ, 40 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ასე რომ, პირობებში, როდესაც ბოლო 3-4 წლის განმავლობაში თვეში 40 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, იანვრის პირველ დეკადაში დაფიქსირებული 8 ახალი შემთხვევა სრულებით არ არის საგანგაშო“.

თენგიზ ცერცვაძის სიტყვებით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის საქართველო შიდსის მკურნალობის დაფინანსებით ბოლოდან მესამე ადგილზეა. მკურნალობას სახელმწიფო დაახლოებით 3 მილიონი ლარით აფინანსებს. ამის მიუხედავად, საქართველო ჯერჯერობით ერთადერთი ქვეყანაა პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც, 2004 წლიდან მოყოლებული, აივ/ინფექციის ყველა გამოვლენილი შემთხვევის სრულიად უფასო მკურნალობა ხორციელდება. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობის პროცესში მყოფი პაციენტი აღარ წარმოადგენს ინფექციის გავრცელების წყაროს.

გაერთიანებლი ერების ორგანიზაციის აივ შიდსზე ერთიანი პროგრამის მრჩეველი ლია თავაძე, რომელიც საქართველოში გასული წლის სექტემბრამდე მუშაობდა, ანუ სანამ ეს პროგრამა არ დაიხურა საქართველოში, ამბობს, რომ საქართველოს პირობებში მთავარ გამოწვევად სტიგმასა და დისკრიმინაციასთან ბრძოლა რჩება. ამასთან, ლია თავაძის სიტყვებით, ანტიდისკრიმინაციული კანონიც ძალიან დიდ იმედებს იძლევა, თუკი ის ძალაში უცვლელი სახით შევა. ანტიდისკრიმინაციული კანონის განხილვა პარლამენტმა უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს. ლია თავაძე ამბობს, რომ საქართველოში შიდსზე საუბრისას ხაზგასასმელია ის მომენტიც, რომ ეს არის რამდენიმე რისკჯგუფში კონცენტრირებული ეპიდემია, ვითარების სირთულესაც სწორედ რისკჯგუფების ჩაკეტილობის ფაქტორი განაპირობებს:

„ის კონცენტრირებულია ე.წ. რისკჯგუგფეში. ეს არის ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები, სექსმუშაკები, ასევე მამაკაცები, რომელთაც აქვთ სექსუალური ურთერთობა მამკაცებთან და ვინაიდან ეს ჯგუფები დიდ სტიგმას და დისკრიმინაციას განიცდიან, მით უფრო პოსტსაბჭოთა სივრცეში, მიუხედავად დემოკრატული პროცესის გარკვეული დინამიკისა, ეს რისკფაქტორებს კიდევ უფრო აძლიერებს“.

აივ პოლიტიკის და ადვოკატირების ექსპერტი მზია ტაბატაძე ამბობს, რომ საქართველოში ხელისუფლების წარმომადგენლები ერიდებიან გამოხატონ პრინციპული პოზიციები ადამიანთა მარგინალიზაცია-სტიგმატიზაციის თაობაზე. ასეთი დამოკიდებულება კი - იქნება ეს ამ საკითხთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული - აღრმავებს სტიგმის პრობლემას. მზია ტაბატაძის სიტყვებით, მიუხედავად იმისა, რომ, 2009 წლიდან მოყოლებული, კანონმდებლობაში შესული ცვლილების მიხედვით, აივ ინფიცირებულებს არ ევალებათ სამედიცინო დაწესებულებაში სერვისის მისაღებად გააცნონ ექიმს თავიანთი აივ დადებითი სტატუსი, ხშირად ისინი ამას მაინც აკეთებენ, ექიმების მხრიდან კი ჯერ კიდევ ხშირია მომსახურებაზე უარის თქმის შემთხვევა. მზია ტაბატაძის თქმით, სამწუხარო კი ის არის, რომ იშვიათია ინფიცირებული, ვინც ასეთ დროს ექიმის პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს:

„ამ მანკიერ წრეში ვერ ვხედავ სხვა გამოსავალს გარდა იმისა, რომ ინფორმაცია უნდა გავრცელდეს და განათლების დონე უნდა შეიცვალოს სამედიცინო პერსონალში. აუცილებელია რაღაც რეაგირება მოჰყვეს ყველა იმ კონკრეტულ შემთხვევას, როცა ექიმი უკან აბრუნებს ინფიცირებულ ადამიანს. ამის გაკეთება კი შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პაციენტი გაბედავს, იქნება აქტივისტი, - ჩემპიონს ვეძახი ხოლმე ასეთ ადამიანს და ასეც არის მიღებული... თუ გაბედავს და სარჩელს აღძრავს სასამართლოში, ან მოითხოვს რეაგირებას, ან გაამჟღავნებს თავის სტატუსს, რომ ეს მანკიერი წრე როგორღაც გაირღვეს“.

2005 წლიდან დღემდე საქართვლოში ინფიცირებული ბაშვების დაბადების ერთეული შემთხვევები დაფიქსირდა. ეს შემთხვევები განპირობებულია ორსულობის პერიოდში შიდსის ნებაყოფლობით დიაგნოსტიკაზე უარით. როცა დედებს აივ ინფექციის დადებითი პასუხი გამოუვლინდათ და შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ, ბავშვები ჯანმრთელები დაიბადნენ.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG