Accessibility links

logo-print
გეგუთის #14 დაწესებულებაში 1000-მდე პატიმარი შიმშილობს. პროტესტის მიზეზი, პატიმართა განცხადებით, ერთ-ერთი პატიმრის ცემის ფაქტი გახდა, რის შესახებაც პატიმრებმა სახალხო დამცველის წარმომადგენელსაც აცნობეს. სასჯელაღსრულების სამინისტროში კი აცხადებენ, რომ მათთვის მოსალოდნელი პროტესტის შესახებ ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ გახდა ცნობილი. 7 თებერვალს ციხეში პატიმრები სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმაც მოინახულა.

გეგუთის ციხესთან 6 თებერვლის საღამოს პატიმრების ახლობლები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც ტელევიზიით პატიმრებზე ზეწოლის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. ისინი აცხადებდნენ, რომ წინა ხელისუფლება სწორედ ციხეში ძალადობის გახმაურებულ კადრებს შეეწირა. თუ პატიმრის ცემის ფაქტი დადასტურდა, პროტესტის გამოხატვას არც ამჯერად მოერიდებიან:
„ტელევიზორში მოვისმინეთ ნაცემი პატიმრების შესახებ და მოვედით. არის ზეწოლა მათზე, აშინებენ, რომ რაც „ნაციონალებმა“ გაგიკეთეს, უარესს გიზამთო“.

პატიმარმა ჩვენთან საუბარში დაადასტურა, რომ მას დაწესებულების დირექტორმა, მოადგილემ და სარეჟიმო განყოფილების უფროსმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. პატიმარს მართლაც აღენიშნებოდა გარკვეული დაზიანებები...
გეგუთის კოლონიაში ათასამდე პატიმრის შიმშილობის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გიორგი ლაბაძემაც, რომელიც პატიმრებს შეხვდა. მისი განცხადებით, პროტესტი ერთ-ერთი პატიმრის ცემას მოჰყვა:

„პატიმარმა ჩვენთან საუბარში დაადასტურა, რომ მას დაწესებულების დირექტორმა, მოადგილემ და სარეჟიმო განყოფილების უფროსმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. პატიმარს მართლაც აღენიშნებოდა გარკვეული დაზიანებები, მაგრამ მიზეზი, რამ გამოიწვია ეს, შესაბამისმა ორგანომ უნდა დაადასტუროს. ამის გამო პატიმრებს - დაახლოებით 1000-მდე მათგანს - შიმშილობა აქვთ გამოცხადებული“.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ მან პატიმართა მოსალოდნელი გაფიცვის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე კვირის წინ მიიღო. იცოდა ისიც, რომ პროტესტის ტალღა სწორედ გეგუთის # 14 კოლონიიდან დაიწყებოდა:
„ჩვენთვის ცნობილია, რომ პატიმრები რამდენიმე ვერსიას განიხილავდნენ, თუ რა უნდა ეთქვათ. სახალხო დამცველსაც კი გავუგზავნე მესიჯი ამის შესახებ: არ გაგიკვირდეთ, რომ ასეთი რამ მოხდება და სწორედ გეგუთიდან დაიწყება-მეთქი და ასეც მოხდა. ყველა ადამიანს სურს გარეთ გამოსვლა, რაც, უბრალოდ, შეუძლებელია. ან ის შემთხვევაა, რეჟიმი როდესაც კანონის ჩარჩოებში ექცევა, რაღაც კატეგორიის ადამიანებს ეს არ მოსწონთ, მაგრამ, როგორც წესი, სხვა მიზეზს ამბობენ - არასოდეს ამბობენ, რომ კანონი ზღუდავს მათ უფლებებს“.

უფლებადამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებს გეგუთის ციხეში რეალურად არსებული ვითარების შესახებ ლაპარაკი უჭირთ, რადგან ციხეში შესვლის უფლებით მხოლოდ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები სარგებლობენ.
XS
SM
MD
LG