Accessibility links

logo-print

შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე იქნება


ირაკლი ღარიბაშვილი, ალექსანდრე ჭიკაიძე

ირაკლი ღარიბაშვილი, ალექსანდრე ჭიკაიძე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს ალექსანდრე ჭიკაიძე შეცვლის. ამის თაობაზე განცხადება საგანგებო ბრიფინგზე თავად ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა. ალექსანდრე ჭიკაიძე პოლიციის თბილისის სამმართველოს უფროსია. ამ პოსტზე იგი 2013 წლის მარტიდან მუშაობს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მომავალი მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე 28 წლისაა. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს. სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე, დიპლომატიის სპეციალობით. რაც შეეხება პროფესიულ გამოცდილებას, პოლიციაში საქმიანობას 2008-2009 წლებში შეუდგა და თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევისა და ვაკე-საბურთალოს რაიონების სხვადასხვა განყოფილებაში მუშაობდა. მოგვიანებით იყო დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელი, დეტექტივ-გამომძიებელი. 2011-2012 წლებში გახდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის
უპირველეს ყოვლისა, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის და ყველაფერს ვიღონებ იმისთვის, რომ ბატონი ირაკლის დაწყებული საქმე გავაგრძელო ღირსეულად...
სამმართველოს პოლიციის განყოფილების უფროსი, 2012-2013 წლებში კი - კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი. პოლიციის პოლკოვნიკი ალექსანდრე ჭიკაიძე ამჟამად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის სამმართველოს უფროსია. მას შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრი და მომავალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მაღალ პროფესიულ შეფასებას აძლევს:

“მე მინდა გავიხსენო ის კომენტარები, რომელთაც ჩემი თანამშრომლები აკეთებდნენ ლექსოსთან დაკავშირებით, რომ მან პრაქტიკულად საათივით ააწყო და გამართა სისტემა ჯერ კახეთის სამმართველოში, შემდეგ უკვე გადმოვიყვანეთ თბილისში. ეს ხდება უკვე გაზაფხულზე. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაიბარა თბილისის მთავარი სამმართველო და სულ რაღაც რამდენიმე თვეში ასევე საათივით ააწყო და გამართა თბილისის მთავარი სამმართველო. მას ჰყავს ძალიან კარგი გუნდი, თავისი თანამებრძოლები, რომლებიც არიან ძალიან წარმატებული პოლიციელები და, რაც მთავარია, ლექსომ აჩვენა, რომ მას შეუძლია მართვა“.

ირაკლი ღარიბაშვილი სრულ ნდობას უცხადებს ალექსანდრე ჭიკაიძეს და იმედს გამოთქვამს, რომ იგი ისეთივე წარმატებული მინისტრი იქნება, როგორი წარმატებული პოლიციელიცაა.

“უპირველეს ყოვლისა, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის და ყველაფერს ვიღონებ იმისთვის, რომ ბატონი ირაკლის დაწყებული საქმე გავაგრძელო ღირსეულად“, – განაცხადა, თავის მხრივ, ალექსანდრე ჭიკაიძემ თავის საჯარო წარდგინებაზე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში 9 ნოემბერს გაიმართა.
ერთსულოვანი გადაწყვეტილებაა, რომ პრემიერ-მინისტრი იყოს პირველი პირი ასევე პარტიისა, რაც პარტიას გაუადვილებს დასახული მიზნების მიღწევას და მთავრობა იქნება ანგარიშვალდებული „ქართული ოცნების“, საქართველოს მოსახლეობისა და პარლამენტის წინაშე...

ეს დღე, ალექსანდრე ჭიკაიძის გარდა, ღირსშესანიშნავი იყო თავად ირაკლი ღარიბაშვილისთვისაც. საქმე ისაა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ, რომელიც ძირითადად 24 ნოემბრის ყრილობის საორგანიზაციო საკითხებზე მუშაობდა, ირაკლი ღარიბაშვილს, პრემიერ-მინისტრობის გარდა, პარტიის თავმჯდომარის პოსტზეც დაუჭირა მხარი. დეპუტატი ელისო ჩაფიძე ამბობს:

“ერთსულოვანი გადაწყვეტილებაა, რომ პრემიერ-მინისტრი იყოს პირველი პირი ასევე პარტიისა, რაც პარტიას გაუადვილებს დასახული მიზნების მიღწევას და მთავრობა იქნება ანგარიშვალდებული „ქართული ოცნების“, საქართველოს მოსახლეობისა და პარლამენტის წინაშე. ეს არის ყველაზე კარგი გზა კომუნიკაციისათვის მმართველი პარტიისთვის, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარ თავზე აიღოს ის პასუხისმგებლობები, რაც აქვს „ქართულ ოცნებას“ თავისი პროგრამით აღებული მოსახლეობის წინაშე“.

მომავალი პრემიერ-მინისტრისა და „ქართული ოცნების“ მომავალი თავმჯდომარის მიერ პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველი პირების საკადრო არჩევანი განსჯის საგანია პოლიტიკურ წრეებში. თანაგუნდელები მას არჩევანს უწონებენ, ოპონენტები კი ფიქრობენ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ალექსანდრე ჭიკაიძის წარდგენა ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან ნეპოტიზმის მორიგი გამოვლინებაა. კონკრეტულ შეფასებებს თუ მივყვებით, დეპუტატი ეკა ბესელია, მაგალითად, ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას ალექსანდრე ჭიკაიძის სახით საინტერესო კანდიდატი წარუდგინა:

“შემიძლია გითხრათ, რომ დასახელებული კანდიდატი მომავალი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე არის ადამიანი, რომელსაც უკვე აქვს ძალიან წარმატებული შედეგები მის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში. კარგი სტატისტიკა გვაქვს ჩვენ. მან შეძლო დედაქალაქში ჰქონოდა ძალიან მაღალი მაჩვენებელი დანაშაულის გახსნის და ასევე ძალიან დაბალი მაჩვენებელი იყო დანაშაულის ჩადენის“.
გივი თარგამაძე

გივი თარგამაძე


ალექსანდრე ჭიკაიძის პროფესიულ შესაძლებლობებს არ აკნინებს არც ეკა ბესელიას ოპონენტი „ნაციონალური მოძრაობიდან“ გივი თარგამაძე, თუმცა ხაზს უსვამს ასევე მომავალი შინაგან საქმეთა მინისტრის მამისა და შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრის სიმამრის, პოლიციის კახეთის სამმართველოს ყოფილი უფროსის თამაზ თამაზაშვილის ძველ მეგობრულ ურთიერთობებს:

“თავად ლექსო ჭიკაიძე ახალგაზრდა კაცია, ის ჩვენს დროსაც მუშაობდა, ცუდად მას არ ახასიათებდნენ ნამდვილად, მაგრამ არჩევის პრინციპში, როგორც ჩანს, აქაც იყო მაინც მთავარი პრინციპი სწორედ ის მომენტი, რომ მამამისი იყო მილიციელი, გლდანი-ნაძალადევის განყოფილებას ხელმძღვანელობდა, თუ არ ვცდები. მას ჰქონდა მეგობრული ურთიერთობა თამაზ თამაზაშვილთან“.

ის, რომ ალექსანდრე ჭიკაიძე პოლიციელის ოჯახში დაიბადა და კარგი მამა ჰყავდა, ირაკლი ღარიბაშვილმა მომავალი მინისტრის წარდგინებაზეც აღნიშნა. მომავალი მინისტრი მოვალეობის შესრულებას პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, მთავრობის ახალ გუნდთან ერთად შეუდგება.
XS
SM
MD
LG