Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შობა საქართველოში


 საშობაო მსახურება კათოლიკურ ეკლესიაში
საშობაო მსახურება კათოლიკურ ეკლესიაში

25 დეკემბერს ქრისტიანული სამყაროს ნაწილი შობის დღესასწაულს აღნიშნავს. საშობაო ლიტურგია 24 დეკემბერს, გვიან ღამით, საქართველოშიც აღევლინება. მორწმუნეები ამბობენ, მართალია, სხვადასხვა ეკლესიას შეიძლება განსხვავებული რიტუალები ჰქონდეს, მაგრამ საფუძველი ერთია და შობა ჩვენთვის ყველაზე დიდი დღესასწაულიაო. საინტერესოა, როგორ აღნიშნეს შობის დღესასწაული თბილისის კათოლიკურ და ბაპტისტურ ეკლესიებში.

თბილისის ღვთისმშობლის სახელობის კათოლიკურ ეკლესიაში საშობაო მსახურება სრულდება. ეკლესია ხალხით გაჭედილია - ძალიან უნდა მოინდომო, რომ შიგნით შესვლა შეძლო. წირვა შობის დადგომამდე თხუთმეტი წუთით ადრე დაიწყო, თუმცა ხალხი აქ შეკრებას ბევრად ადრე იწყებს. მათ შორის ზოგი მლოცველია, ზოგი კი იმიტომ მოვიდა, რომ, უბრალოდ, მოსწონს რიტუალზე დასწრება. ერთ-ერთი ასეთი მათე გაბიძინაშვილია - ამბობს, ყველაზე მეტად ორღანის მოსმენა მსიამოვნებსო:

„ჩემთვის, პირველ რიგში, ეს არის კულტურული სივრცე. ასევე დავდივარ მართლმადიდებლურ და სხვა ეკლესიებშიც“.

ეს წელიწადი არის გულმოწყალების წელიწადი და შობის მთავარი არსი, ჩემი აზრით, გულმოწყალებაშია...
ჯუზეპე პაზოტო

შობა მორწმუნეთათვის ყველაზე დიდი დღესასწაულიაო, ამბობს ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო.

„ეს წელიწადი არის გულმოწყალების წელიწადი და შობის მთავარი არსი, ჩემი აზრით, გულმოწყალებაშია“.

შობას 25 დეკემბერს კათოლიკური და სეკულარული ქრისტიანული ეკლესიები აღნიშნავენ. დღესასწაული ამავე დღეს აღინიშნება აღმოსავლური ეკლესიების ნაწილშიც, მათ შორის, საბერძნეთში, რუმინეთში, კვიპროსსა და ფინეთში.

თბილისის ბაპტისტურ-ევანგელურ ეკლესიაში ამ დღესასწაულისთვის მთელი დღე განსაკუთრებით ემზადებიან. იატაკზე სიმბოლურად თივა მიმოაბნიეს და წირვის დაწყებამდე საშობაო სპექტაკლისა და ფესტივალის რეპეტიციებს გადიან:

ერთ-ერთი მლოცველი, ზურაბ ბარკალაია, ეკლესიაში მთელ ოჯახთან ერთად მოვიდა. მათ შორის ყველაზე უმცროსს ეკლესიაში ბავშვთა მომღერალ გუნდთან ერთად რეპეტიცია აქვს, უფროსები კი უსმენენ და წირვას ელოდებიან:

25 დეკემბერი ჩვენთვის მნიშვნელოვანი თარიღიაო, ამბობს ზურაბ ბარკალაია, მისი მეუღლე და შვილი კი დასძენენ, რომ ისინი ყოველ წელს მთელი ოჯახით მოდიან წირვაზე და სახლში დილაადრიან, მსახურების დასრულების შემდეგ, ბრუნდებიან.

მალხაზ სონღულაშვილი
მალხაზ სონღულაშვილი

​ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესიის ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი განმარტავს, თუ რას ნიშნავს შობის დღესასწაული მათი ეკლესიისთვის:

„დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან ერთად ბაპტისტური ეკლესია აღნიშნავს ღვთის სიტყვის განკაცების დღეს, რომელიც ქრისტიანული პერსპექტივიდან არის საგანგებო მოვლენა კაცობრიობის ისტორიაში. ქრისტიანული ეკლესიების უმეტესობა ამას 25 დეკემბერს აღნიშნავს, აღმოსავლური ეკლესიების ნაწილი კი - 6 ან 7 იანვარს“.

იმ ეკლესიებს, რომლებიც შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ, დღესასწაული მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. საშობაო წირვას ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენელი სხვა პოლიტიკოსებიც ესწრებოდნენ.

კათოლიკური და ბაპტისტური ეკლესიები საშობაო ღონისძიებებს თბილისში 25 დეკემბერს დღის განმავლობაშიც აგრძელებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG