Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შობა საქართველოს კუთხეებში


ალილო
ალილო

როგორი იყო შობა და შობის წინაღამე წინა საუკუნეების საქართველოში? როგორ აღნიშნავდნენ ქრისტეშობას საქართველოს კუთხეებში? რა კერძები კეთდებოდა და როგორი რიტუალები სრულდებოდა ქართლში, კახეთში, სამეგრელოში, იმერეთში, მთა-თუშეთში, სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და გურიაში?

შობა საქართველოს კუთხეებში
please wait

No media source currently available

0:00 0:11:14 0:00
გადმოწერა

7 იანვარს საქართველოში მცხოვრები მართლმადიდებლები შობის დღესასწაულს აღნიშნავენ, მოქმედ ეკლესიებში ტარდება ღვთისმსახურება, რომლის დასრულების შემდეგ ქრისტეს მახარობლები გამოდიან ქუჩებში და ქვეყნიერებას ამცნობენ იესო ქრისტეს განკაცების საიდუმლოს განხორციელებას. ამცნობენ ალილოთი - ღვთის სადიდებელი გალობით.

თუმცა როგორც ეთნოგრაფიული წყაროებიდან ირკვევა, შობადღესა და შობის წინაღამეს ბევრად უფრო საინტერესო ამბები ხდებოდა წინა საუკუნეებში. „ქართულ ხალხურ დღეობათა კალენდრის“ მიხედვით, რომლის ავტორები ნ. აბაკელია, ქ. ალავერდაშვილი და ნ. ღამბაშიძე არიან, შობის წინასაღამოს ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები იყო: კერაში ცეცხლის დანთება, კორკოტის მოხარშვა, ლოცვა და რიტუალური ტრაპეზები, ღორის დაკვლა, შობის შემოლოცვა მეალილეების მიერ. ყველაფერ ამასთან ერთად, იცოდნენ მოხარშული ჭანტილის ქაფის გატანა ეზოში და ხეებზე წასმა, რაც ხის სიმბოლურ განაყოფიერებას ნიშნავდა - მომავალ წელს რომ უზრუნველეყოთ მოსავლით. პურის მარცვლისგან იხარშებოდა ფაფა, რომელსაც სვანეთში, რაჭასა და ლეჩხუმში ეწოდებოდა ჭანტილი; იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში - კორკოტი; ქართლსა და კახეთში კი - ცხრაწვენა. ჭანტილი-კორკოტი ქალებს მზის ამოსვლამდე უნდა დაერჩიათ და ჩაედგათ მოსახარშად. იკმაზებოდა ხახვით, მარილით და ნიგვზით, ან თაფლითა და ნიგვზით.

რაჭაში ვახშმისათვის აცხობდნენ სამ განატეხს - საწესო პურს, რომელიც ანთებული სანთლით, ჭიქა ღვინითა და ჭანტილათი ჩაწყობილი იყო გობში. მლოცველი ამ გობს ცეცხლთან ახლოს წაღმა სამჯერ შეატრიალებდა და დაილოცებოდა: „ღმერთო! რამდენი კაკალი ეს არის, იმდენი სიკეთე მოგვეცი, იმდენი კოდი მოგვეცი, იმდენი თეთრი და ქონება და იმდენი კოდი ხვარბალი მოგვეცი“. შობადღეს მამლის ყივილთან ერთად უნდა ამდგარიყო უფროსი ქალი და დაეჭირა ერთი საანგელოზო ყვინჩილა და მეორე საოჯახო ყვინჩილა. დაკვლის წინ საანგელოზო ყვინჩილას ოჯახის წევრებს შემოავლებდა თავზე, ხოლო საოჯახო ყვინჩილას შემოავლებდა ცეცხლსა და მის მახლობლად მიდგმულ სასაფუვრეს.

ალილო
ალილო

სამეგრელოში შობის წინასაღამოს ღვეზელი და მუცლის სალოცავი კვარი იცოდნენ, თითო კვარში თითო კვერცხს დებდნენ. რამდენი წევრიც იყო ოჯახში, იმდენს გამოაცხობდნენ. შობადღეს კი სისხლი უნდა დაესხათ, ანუ დაეკლათ ღორი. შობის დილას იხარშებოდა თავი. ზოგან ღორი იკვლებოდა შობის წინასაღამოს. ამ დღეს დილით ადრე უნდა ამდგარიყვნენ და ეჭამათ სპეციალური დილის საუზმე, რომელსაც დილის ხაციცი - „ოჭუმარეშ ხაციცი“ - ეწოდებოდა.

გურიაში მრავალწლობას ანუ შობის წინადღეს ცხვებოდა საწესო პური - ღვეძელი, რომელიც ნახევარწრის ფორმის იყო და კეთდებოდა ხორბლის ფქვილისგან, ურთავდნენ ყველს და გამომშრალ, შებოლილ კვერცხებს, რომლებიც მთელ-მთელად ან შუაში გაჭრილი იდებოდა. ღვეძელი ცხვებოდა იმდენი, რამდენი წევრიც იყო ოჯახში. ღვეძელი მიცვალებულებისთვისაც ცხვებოდა.

ალილო
ალილო

შობის წინადღეს ქართლში ქრისტეს კორკოტს ეძახდნენ. კორკოტის ქერქის, ანუ შედედებული ზედაპირის, ნაწილს გუთნისდედა სახლის ბოძებს ან კედელს წაუსვამდა, ცოტას ხარებს აჭმევდა, ცოტასაც თვითონ შეჭამდა. შემდეგ ხახვით ან ნიგვზით შეანელებდნენ. გუთნისდედა ოჯახის ყველა წევრს თავისი ხელით შეაჭმევდა კორკოტს. ახალი მიცვალებულის პატრონები კორკოტს არ აკეთებდნენ.

თუშეთში ოჯახის დიასახლისი გამოაცხობდა პურებს, ადამიანთა და შინაურ ცხოველთა გამოსახულებით. მათ „სალოცავებს“ ეძახდნენ და ე. წ. „ქრისტეს სუფრაზე“ დებდნენ. თითოეული ვაჟისთვის, ვინც იარაღს ატარებდა, ან მოზარდისთვის ცხვებოდა პატარა გახვრეტილი კვერი. მათ კერასთან, სამამაცო ადგილის თავზე დამაგრებულ პატარა ჩხირებზე წამოაცმევდნენ. ამ კვერების ჩამოღება არ შეიძლებოდა. ისინი ან თავად უნდა ჩამოვადნილიყვნენ, ან თაგვს და კატას უნდა შეეჭამა.

სვანეთში საღამოს ყოველ ოჯახში ლობიან პურებს დააცხობდნენ და მუჯორს (კანაფის თესლისგან) დაამზადებდნენ. ვახშმობის დროს ორ-ორ სუფრას გაშლიდნენ - ერთს, ლამარიას ლიფანეს, კერის პირას მოთავსებულ სვანურ მერხზე, მეორეს, მიცვალებულთა ლიფანეს, ასევე კერიასთან გაშლიდნენ. ლოცვის შემდეგ მანდილოსნები ლამარიასთვის შეწირულ სანოვაგეს შეექცეოდნენ, ხოლო კაცები და ბავშვები სულების ლიფანეს ერთი ადგილიდან მეორეზე გადადგამდნენ და ივახშმებდნენ. ვახშმის გათავების შემდეგ დიასახლისი კოვზსა და ჩოგანს კიდობანში ჩააწყობდა, სადაც ისინი მომავალ შობამდე ინახებოდა. ამ დღეს ლოცულობდნენ და ახსენებდნენ ლამარიას და ქრისდეშს (ქრისტეს).

ალილო
ალილო

შობადილით კახეთსა და მთლიანად საქართველოს ბარში იკვლება ღორი, რომელსაც ნოემბრიდან ასუქებენ. ქართლში მას საშობაო ღორს ეძახდნენ, კახეთში - ქოსმენს. სვანეთში - ლექრისდეშს, სამეგრელოში - საქირსე ღორს. კახეთში კლავდნენ, ასევე, ცხვარს, მამალს. შილდელები ნეკრისის სალოცავში მიდიოდნენ და ღორებს კლავდნენ. ეს წესი დღემდეა შემორჩენილი. სამსხვერპლო მამალ ღორს ლომტახს ეძახდნენ. კახეთში შობის ლხინი სამ დღესაც კი გრძელდებოდა.

ღორის დაკვლის შემდეგ მოდიოდნენ მეალილეები, მგალობლები, ე. წ. ქრისტეს მახარობლები, რომლებიც კარდაკარ დაივლიდნენ ოჯახებს და ულოცავდნენ შობას. მეალილეები ზოგჯერ გადაცმულები და დათხუპნულები დადიოდნენ, რომ ისინი ვერ ეცნოთ. მთელ საქართველოში ოჯახის უფროსი ქალი ან კაცი მეალილეებს გაუტანდა შეძლებისდაგვარად ფულს, კვერცხს, ღვინოს, მათთვის გამომცხვარ ღვეზელს და სხვას. ამბობდნენ, შობაზე კაცი რომ მოვა და გიმღერებს, ეს იგივეა, რომ დიდი ძღვენი მიუტანო ოჯახსო.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG