Accessibility links

logo-print

პოეტმა შოთა იათაშვილმა თავის ახალ პოეტურ კრებულს, რომელიც ხუთწლიანი პაუზის შემდეგ გამოსცა, „პოეტური გამოცდილების სიმწარე“ დაარქვა. წიგნი გამომცემლობა „ინტელექტმა“ დასტამბა და მასში შოთას ბოლო წლების განმავლობაში დაწერილ-ამორჩეული 46 ლექსი შევიდა. ეს შოთა იათაშვილის მერვე პოეტური კრებულია.

რა შეიძლება გახდეს წიგნის გამოცემის მიზეზი? იქნებ ის, რომ „ადრინდელი ფილტრი მოძველდა“, - ამბობს შოთა იათაშვილი და თავის კრებულს, სათაურით „პოეტური გამოცდილების სიმწარე“, ამ ლექსითვე ხსნის: „წიგნის გამოცემის მიზეზით“. იქნებ იმიტომ, რომ წინა, რომელმაც ხუთ წელს გაძლო, „ბევრ შხამს უშვებს“ და ახალი ფილტრია საჭირო მომწამვლელი გაზებისგან გადასარჩენად? ეს შოთას ვერსიაა. მე კი მგონია, უბრალოდ, ბევრი კარგი ლექსი დაუგროვდა, რომლებიც აღარსად დაეტია. პოეტებში სულ ასეა: დაწერენ ამ ლექსებს და მერე ისინი სახლს ითხოვენ - ორ ყდას, დასასახლებლად. აი, ესენიც ასე მოიქცნენ - „პოეტური გამოცდილების სიმწარე“, „ჟანგბადის ბალიშები“, „ოდა ზღვის კომბოსტოს კონსერვს“, „სლოკინის დახასიათება“, „კოლუმბიელი ფერმერები შინდისში ამოვიდნენ“, აივნის ლექსები და სხვები. წიგნი გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა. გარეკანზე კოტე სულაბერიძის გრაფიკული ნახატია: შოთა ზის და წერს, ცალი ხელი თავზე შემოუდვია. ეგრევე იცნობ, რომ შოთაა. ეს ხმაც არასოდეს აგერევა სხვის ხმაში.

„პოეტური გამოცდილების სიმწარე“ რატომ დაარქვი-მეთქი, ვკითხე. ადრინდელი კრებულების სახელები გამახსენდა: „შრამი“, „ფანქარი ცაში“, „ფოტომამები“, „დალაგება“ და სხვები, ერთმანეთზე უფრო პოეტური სახელებით, და უცებ: „პოეტური გამოცდილების სიმწარე“.

„იმიტომ, რომ თავიდან, როცა ახალგაზრდა ხარ, ცხოვრების შუაგულში ხარ და ამ ცხოვრებას აღწერ. პოეზია და ცხოვრება ერთი და იგივეა, ერთად მიედინება. საერთოდაც, იმიტომ იწყებ ხანდახან ლექსების წერას, რომ ცხოვრება გიხარია. დრო რომ გადის, ეს პოეზია კი რჩება შენში, მაგრამ ცხოვრება თითქოს ისე აღარ გიხარია და ირიყება შენგან. ამ ცხოვრებას გარედან უყურებ და ამ შენი პოეტური გამოცდილებით აფასებ. ეს გამოცდილება და დისტანციაც იზრდება იმ ახალგაზრდული და მჩქეფარე ცხოვრებისგან“.

მთავარი ლექსიც, რომელიც კრებულის სათაურად იქცა, ამაზეა დაწერილი - იმაზე, რომ ‘სხვებს შეუძლიათ იცხოვრონ’, შოთას კი ‘შეუძლია წერდეს’; რომ სხვებს „შეუძლიათ არ შეამჩნიოთ ის“, ხოლო შოთას „სხვა გზა არა აქვს - უნდა შეამჩნიოს ისინი, როგორც ლექსის თემა“.

შოთა იათაშვილი

შოთა იათაშვილი

„ქუჩაში ვიდექი, საშინელი ამინდი იყო, ქარი, სიცივე და მეგობარს ველოდი, ერთი ასი ლარი უნდა მოეტანა, ესესხებინა. იქვე ახალგაზრდები იყვნენ, მოტოციკლეტებით მოდიოდნენ, ცხოვრება უხაროდათ. მე კი ვიდექი ასე ამ ასი ლარის მოლოდინში, თან ამ ჩემს მეგობარსაც დააგვიანდა. ასე ვიდექი აბუზული, ჩემს პრობლემებზე ვფიქრობდი და თან ამ ახალგაზრდებს გავყურებდი. მერე ლექსიც დაიწერა“.

90-იანი წლები იყო, როცა შოთას პირველი კრებული გამოვიდა. ჭვარტლიანი და ნავთისსუნიანი, ჩაბნელებული 90-იანები. ლექსებსაც ეს სუნი ასდიოდა თითქოს, დამწვარი საბურავების. ჯერ ზურა რთველიაშვილის, შოთა იათაშვილის და გიორგი ბუნდოვანის ერთობლივი კრებული - „ანომალიური პოეზია“ - გამოვიდა, რასაც მალევე მოჰყვა შოთას „სიკვდილის ფრთები“:

„იქ უფრო სოციალურად აქტუალური ლექსები მოხვდა, სულ პირველ კრებულში, პროტესტი, უფრო სასტიკი ლექსები, იმ გარემოს რომ ასახავს, მაგრამ არა ასეთი მწარე, როგორც ამ ბოლო კრებულშია. „სიკვდილის ფრთებში“ კიდევ უფრო სხვა რამეა, ახალგაზრდებს ახასიათებთ, ხელოვნური ტრაგიზმის მიღება - შეიძლება დრო რომ გადის, მერე გეჩვენება ასეთად და ფიქრობ, რომ თავს მოუგონა ტრაგიკული თემები და სიკვდილზე წერის ვნებაც მოგონილია. ახლა უფრო ნაკლებია ასეთი თემები ლექსებში და თუ არის, უფრო იუმორითაა დაწერილი, ირონიით“.

ამ ბოლო კრებულშიც ყველა ლექსს დასდევს რაღაცნაირი თვითირონიის ჩრდილი. ეს რომ არა, ძალიან, ძალიან სევდიანი მომეჩვენებოდა ყველაფერი. სევდიანი და მწარე. ზუსტად ისეთი, როგორც წიგნის გამოსვლის შემდეგ დაწერილი ერთ-ერთი ბოლო ლექსი - „ანტისამოტივაციო წერილი“:

„ხიდის მოაჯირზე რომ შევდგები მდინარე დაშრება
ღრმად რომ შევცურავ ზღვაში წყალი გაიპობა
კარნიზზე რომ დავეკიდები თოკი გაწყდება
წამალს რომ ჩავიყრი პირში დარიშხანი გატკბილდება
გაზქურაში თავს რომ შევყოფ „გაზპრომი“ გაზს გათიშავს
სახურავიდან რომ გადმოვხტები ზურგსუკან მოულოდნელად პარაშუტი გაიშლება
საფეთქელზე პისტოლეტს რომ მივიდებ ტყვია გაიჭედება
ვენების გადაჭრას რომ დავიწყებ სამართებელი დაბლაგვდება
ხოლო რელსებზე რომ დავწვები
მეისრე მატარებელს სხვა ლიანდაგზე გადაიყვანს

აი ასეთი უიღბლო ვარ
ამიტომ მიმიღეთ სამსახურში
ბატონო დირექტორო“.

არა მხოლოდ იმის გამო და სულაც არა იმის გამო, რომ ვემეგობრები, შოთას გარეშე დღევანელი ქართული პოეზია კი არა, მთელი ლიტერატურა ვერ წარმომიდგენიაო, მითხრა ზვიად რატიანმა:

ზვიად რატიანი

ზვიად რატიანი

„არა მარტო პოეტი იგულისხმება აქ, არამედ შოთა, როგორც ლიტერატურის კაცი. მაგრამ მაინც, პირველ რიგში, როგორც პოეტი. რაც შეეხება ამ წიგნს, მგონია, რომ ერთ-ერთი საუკეთესო წიგნია, რაც შოთას დაუწერია - ყველაზე ორგანიზებული და თანმიმდევრული, ერთი მთავარი თემის გარშემო დარაზმული ტექსტებით“.

წიგნის უკანა ყდაზეც ზვიად რატიანის სიტყვებია, სადაც წერს, რომ შოთა იათაშვილმა „თავიდანვე იპოვა თავისი პოეზიის მოდელი, საითკენაც მომდევნო წლებში უნდა ევლო“:

„და მას შემდეგ წლების მანძილზე, ათწლეულების უკვე, სხვადასხვა გზას ეძებს იქ მისასვლელად, რითიც დაიწყო. სხვადასხვა მხრიდან მიაკითხავს ხოლმე იმ ტიპის პოეზიას, აბსოლუტურად თავისას, რომელიც ინტუიციურად გამოუვიდა, იმიტომ რომ ძალიან ახალგაზრდა იყო მაშინ“.

შოთა მოქალაქე პოეტიაო, გვითხრა თავადაც პოეტმა რუსუდან კაიშაურმა და შოთა იათაშვილთან პირველი შეხვედრაც გაიხსენა. მაშინ ლიტერატურული გაზეთი „ალტერნატივა“ გამოდიოდა. ბევრმა დღეს ცნობილმა ავტორმა დაბეჭდა იქ თავისი პირველი ტექსტები. რუსიკოც მათ შორის იყო. ძველ შოთას დამატებული ახალი შოთა, უფრო ცოტა სიტყვებით უფრო დიდ რამეებს რომ ამბობსო. არსებითად, ასეა: ვისაც შოთა იათაშვილის წინა კრებულები ახსოვს, მისი გრძელი ლექსებიც ემახსოვრება:

„შოთა ჩემთვის არის მოსიარულე პოეზია. რომ ეკითხათ, პოეზია როგორი არისო, ვეტყოდი, ასეთი-მეთქი, იათაშვილისნაირი. კიდევ იცი, რას მახსენებს? გოგენის მზესუმზირებს. თითქოს ირხევიანო. ასეთია ჩემთვის მისი პოეზია. ყველა სახსარი და ყველა ძვალი აქვს მოქნილი, რეზინივით არის. როგორია იცი, მისი პოეზია? თითქოს თავის მეგობრებში ზის, მათ ესაუბრება, ან სულაც თავის თავთან ზის და ლაპარაკობს. ეს არის მისი ლექსი“.

ხოლო თავად შოთა წერს:

„მე ვარ წესიერი ლიტერატორი.

ვწერ სიყვარულზე, მეგობრობაზე, სიკვდილზე, ღმერთზე“.

„ის არ იყენებს უწმაწურ სიტყვებს, არ ეხება ტაბუებს, ეპატაჟს და კიჩს არ მიმართავს“. დრო მიდის, ის კი მაინც არ ეშვება წესიერი ლექსების და პოემების წერას. მას მაინც დიდი ინტერესით კითხულობენ. ამის საიდუმლო მხოლოდ მან იცის, რომელსაც გვანდობს:

„მე ხომ უკანასკნელი წესიერი ლიტერატორი ვარ მსოფლიოში,

უკანასკნელი კი მუდამ საინტერესოა“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG