Accessibility links

logo-print

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შრომის ინსპექციას ქმნის. 13 თებერვალს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ელზა ჯგერენაია ამბობდა, რომ შრომის ინსპექციის ასამუშავებლად ჯერ მინიმუმ ერთწლიანი მოსამზადებელი პერიოდია საჭირო და ამიტომაც სამინისტრო შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამას ამუშავებს. ამას აპროტესტებდნენ შრომის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები. მთავარი მიზეზი კი ის იყო, რომ ეს პროგრამა შრომის უსაფრთხოების კუთხით დამსაქმებლების ნებაყოფლობით შემოწმებას გულისხმობდა, შემმოწმებელი კი,დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მხოლოდ შენიშვნით უნდა შემოფარგლულიყო.

18 თებერვალს კი მინისტრმა დავით სერგეენკომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ შრომის ნორმების შესრულების ზედამხედველობისთვის შრომის ინსპექცია შეიქმნება.

რატომ შეცვალა სამინისტრომ გადაწყვეტილება, რა საშიშროება არსებობს შრომის ინსპექციის სრულად ამუშავებამდე და რა არის საჭირო იმისათვის, რომ ამ სამსახურმა შრომის პირობები სრულფასოვნად გააკონტროლოს? - ამ და სხვა საკითხებზე გიორგი გოგუა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს, ირაკლი პეტრიაშვილს, ესაუბრა.

გიორგი გოგუა: რაზე ისაუბრეთ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და სამინისტროს წარმომადგენლებთნ ერთად, რის შემდეგაც სამინისტრომ დაიწყო საუბარი იმაზე, რომ შრომის ინსპეცია უნდა ამუშავდეს?

ირაკლი პეტრიაშვილი: ჩვენ უარს ვაცხადებდით მონიტორინგის პროგრამაში მონაწილეობაზე. ამ აბსურდულ პროგრამაში, რომელიც არაფრის მომცემი არ იყო, მონაწილეობას არ მივიღებდით. მივმართეთ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც და, საბოლოოდ, მთავრობამ ადეკვატურად იმოქმედა და შრომის ინსპექციის მოწყობის შესახებ პროფკავშირების შენიშვნებს ითვალისწინებს.

გუშინ სწორედ ამაზე ვისაუბრეთ. პროფკავშირებს ორი მთავარი საკითხი გვაწუხებდა: პირველი, რომ შემოწმება იყო ნებაყოფლობითი და მივიღეთ ის, რომ შემოწმდება ყველა საწარმო. მეორე საკითხი კი ის იყო, რომ მონიტორინგის პროგრამას მხოლოდ შრომის უსაფრთხოებაზე უნდა ემუშავა და არა შრომის პირობებზე, რასაც ვაპროტესტებდით. საბოლოო ჯამში, ჩაიდო ორივე საკითხი, ანუ შრომის ინსპექცია იმუშავებს როგორც შრომის უსაფრთხოებაზე, ასევე შრომის პირობებზე.

საზოგადოებას შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით დიდი მოლოდინი ჰქონდა. 2013 წელს ცვლილებები მართლაც შევიდა, მაგრამ რეალურად ამ ცვლილებებით საზოგადოება, მოქალაქეები, დასაქმებული ადამიანები ვერ სარგებლობდნენ. ერთგვარად რაღაც მკვდარი კანონი გამოვიდა. თუ შრომის ინსპექცია არ შეამოწმებს შრომის პირობებს, შრომის უფლებებს, ჩვენ გვექნება კანონი, რომლითაც მოსახლეობა ვერ ისარგებლებს. აქ უამრავი საკითხია: ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება, სამუშო დრო, სამუშაო კონტრაქტები, შვებულების უფლება და ა.შ. ქართულ საკანონმდებლო სივრცეში ეს ნორმები არსებობს და, ბუნებრივია, უნდა არსებობდეს სახელმწიფო უწყება, რომელიც ამ ნორმებს ყურადღებას მიაქცევს.

მეორე შრომის უსაფრთხოებაა, სადაც სრული კატასტროფა გვაქვს. მოქალაქე სულაც არ არის ვალდებული იცოდეს, რომ, ვთქვათ, ჭიათურაში, სადაც გადის ელექტროკაბელი, ის „სკოჩით“ უნდა იყოს დახვეული თუ ქურო უნდა იყოს ჩამოკიდებული. ამას სახელმწიფო უწყება უნდა აკონტროლებდეს და მუშას სპეციალისტის დაქირავება არ უნდა სჭირდებოდეს, რომ გაიგოს, შეიძლება თუ არა რომელიმე ვაგონში ჩაჯდომა. ან საიდან უნდა იცოდეს მუშამ, შეიძლება თუ არა ამწეკრანზე ასვლა, რომელსაც ტექნიკური ვადა გაუვიდა და მისი ექსპლუატაციაში ყოფნა, ვთქვათ, 2001 წლის შემდეგ არ შეიძლება, ამ დროს კი დამსაქმებელი ეუბნება, ადი და იმუშავეო. შემდეგ რაღაც რომ მოხდეს, სულ გარდაცვლილ ან დაშავებულ ადამიანს ბრალდება.

გიორგი გოგუა: რატომ გაუქმდა ადრე შრომის ინსპექცია და ამ დროის განმავლობაში რატომ არ აღდგა?

ირაკლი პეტრიაშვილი: ამის რეალური მიზეზი წინა ხელისუფლების დეკლარირებული ნეოლიბერტარიანული იდეოლოგია იყო, რომ ყველაფერი ბაზარმა უნდა დაარეგულიროს და სხვა რეგულაციები საჭირო არაა. იდეოლოგიური შეხედულებების გარდა, არანაირი მიზეზი არ არსებობდა, რომ შრომის ინსპექცია გააუქმეს. მისი რეფორმირება სრულიად შესაძლებელი იყო, მათ, უბრალოდ, ეს არ მოისურვეს.

გიორგი გოგუა: ის პროგრამა, რომლის ამუშავებასაც სახელმწიფო გეგმავდა, თებერვლის დასაწყისში დამტკიცდა. რა მოხდება ახლა, როდესაც სამინისტრომ უკვე გადაწყვიტა შრომის ინსპექციის ამუშავება?

ირაკლი პეტრიაშვილი: სწორედ ამ დებულებაში შედის ცვლილებები. ეს ორი ცვლილება უკვე შეტანილია. დანარჩენ რისკებთან და პრობლემებთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ ამ დებულებაში ვხედავთ, კონსულტაციები გაგრძელდება და ვიმუშავებთ.

გიორგი გოგუა: ვინ იქნება ჩართული სამუშაო პროცესში?

ირაკლი პეტრიაშვილი: წესით, ამ საქმეში კომპეტენტური ადამიანები უნდა ჩაერთონ. ვფიქრობ, რომ დამსაქმებლები აუცილებლად უნდა ჩაერთონ, რადგან ეს, გარკვეულწილად, მათთან ურთიერთობას ეხება. როგორც გუშინ ვისაუბრეთ, ეს იქნება სამმხრივი კომისიის ფორმატი, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. იქვე არის ხუთი სხვა სამინისტროს ხელმძღვანელი, პარიტეტულ საწყისებზე კი 6-6 წარმომადგენელი პროფკავშირებიდან და დამსაქმებელთა ორგანიზაციებიდან.

გიორგი გოგუა: შრომის ინსპექციის ამუშავებას საკანონმდებლო ცვლილება ან მთავრობის დადგენილება დასჭირდება. თქვენი რეკომენდაცია როგორია?

ირაკლი პეტრიაშვილი: ჩვენ დღეს მინისტრ სერგეენკოს მივწერეთ დებულების ანალიზი და შენიშვნები. არ გვინდა ეს ინსპექცია ისეთივე იყოს, როგორიც ადრე. თუ ის მხოლოდ ერთ სტრუქტურას იქნება დაქვემდებარებული, მაშინ რისკი იმისა, რომ ეფექტურად არ იმუშაოს ან კორუფციული გარიგებები მივიღოთ, ძალიან დიდია. ამიტომ ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნაა, შრომის ინსპექციის მუშაობა გააკონტროლოს სამივე მხარემ - როგორც პროფკავშირებმა, ასევე დამსაქმებელმა და, რაც მთავარია, მთავრობამ.

რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებებს, აქ საუბარია სანქციებზე, რომლებსაც ჩვენ ამ დებულებაში ვერ ვხედავთ და, იმედია, ვნახავთ კანონში შრომის უსაფრთხოების შესახებ, რომელიც ამ პროცესის თანმდევია. ასე რომ, საკანონმდებლო ცვლილებები ამ კუთხით საჭირო იქნება.

გიორგი გოგუა: რაც შეეხება სანქციებს - პრევენციულ და რეპრესიულ ზომებს, რომლებსაც, როგორც წესი, მსგავსი კანონმდებლობა მიმართავს - თუ სთავაზობთ სახელმწიფოს რომელიმე სხვა ქვეყნის გამოცდილებას, რომლის მიხედვითაც სამინისტრომ ამ შემთხვევაში უნდა იხელმძღვანელოს?

ირაკლი პეტრიაშვილი: ჩვენ, პროფკავშირებს, ძალიან ბევრ ქვეყანასთან გვაქვს კავშირი, რადგან მსოფლიო პროფკავშირების კონფედერაციის წევრები ვართ. ასე რომ, ბუნებრივია, ნებისმიერ ახალ ევროპულ ან ძველ ევროპულ ქვეყანას დაადონ ხელი და მისი მოდელი გადმოიღონ.

თუმცა მე მივიჩნევ, რომ ეს უნდა იყოს, გარკვეულწილად, ქართული სპეციფიკიდან გამომდინარე. ვგულისხმობ იმას, რომ 2006 წლიდან მსგავსი ინსტიტუტი ქვეყანაში არ ყოფილა. ბუნებრივია, ყველაფერი ერთად ვერ მოხდება, მაგრამ ეს არ უნდა იყოს დამსაქმებლისთვის „ტყავის გაძრობის“ ინსტიტუტი. გარკვეულწილად, უნდა იყოს მითითება, შენიშვნა და, ამავე დროს, შრომის ინსპექცია არ უნდა იყოს უკბილო ორგანიზაცია, რომელსაც სანქციის, დაჯარიმების უფლება არ ექნება.

მაგრამ ძირითადად ეს უნდა იყოს კონსულტაციის მიმცემი და ადამიანს, რომელიც შეცდომას უშვებს, თუნდაც მეწარმე, თუ ის ამას გაიგებს, არ უნდა დაისაჯოს, მაგრამ თუ ვერ გაიგებს, ბუნებრივია, სანქციები აუცილებელია.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG