Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შრომის უსაფრთხოება და დაუცველი სიცოცხლე


ამ დღეებში, თბილისში, მშენებლობაზე მიღებული დაზიანებების შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, ტყიბულში კი,მინდელის სახელობის მაღაროში მორიგეობის შეცვლის დროს მაღაროელი იპოვეს გარდაცვლილი. სამივე შემთხვევაში, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას ეხება. ადამიანების დაშავებისა და გარდაცვალების შემთხვევებზე, სისხლის სამართლის კანონმდებლობის ფარგლებში, რეაგირებას სახალხო დამცველი არასაკმარისად მიიჩნევს და სახელმწიფოს შრომის ინსპექციისა და შრომის უსაფრთხოების თანამედროვე და მკაფიო სტანდარტების შექმნისაკენ მოუწოდებს. შესაბამისად, სამუშაო ადგილებზე ადამიანთა გარდაცვალების ბოლო სამ შემთხვევაზე პასუხისგებლობასაც იგი სახელმწიფოს აკისრებს.

შრომის უსაფრთხოება და დაუცველი სიცოცხლე
please wait

No media source currently available

0:00 0:06:19 0:00
გადმოწერა

ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების დაუცველობის პრობლემას, რომელსაცბოლო დღეებში სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, საქართველოს სახალხო დამცველი საგანგებო განცხადებით ეხმაურება. განცხადების თანახმად, სამუშაო ადგილებზე ჯანმრთელობის დაზიანებისა და გარდაცვალების შემთხვევები სახელმწიფოს პასუხისმგებლობის სფეროში ექცევა, ვინაიდან ამ დრომდე არ არის მიღებული შრომის უსაფრთხოების თანამედროვე და მკაფიო სტანდარტები და არ არის შექმნილი შრომის ინსპექცია, რომელიც მათ შესრულებას პრაქტიკაში გააკონტროლებდა. როგორც სახალხო დამცველის მოადგილე ნათია კაციტაძე ამბობს, აღნიშნული ვითარება მიუთითებს, რომ ქვეყანაშიშრომის უსაფრთხოების დაუცველობის პრობლემა პრევენციის არარსებობით კიდევ უფრო მძიმდება.

„მიუხედავად იმისა, რომ ეხლა არსებობს გარკვეული პროგრამა შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, ეს არ არის საკმარისი იმ პრობლემის გადასაჭრელად, რის წინაშეც ვდგავართ და ძალიან აშკარაა, რომ ყოველწლიურად ძალიან მაღალია რიცხვი მსგავსი შემთხვევების, შრომის პირობების და შრომის უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით. და აუცილებელია არსებობდეს მექანიზმი ქვეყანაში, რომელიც სამუშაო ადგილებზე შეამოწმებს შრომის უსაფრთხოების პირობებს და გამოიყენებს ეფექტურ ზომებს, რომ ასეთი შემთხვევები რეაგირების გარეშე სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მხრიდან არ დარჩება“ – აღნიშნავს ნათია კაციტაძე.

შემაშფოთებელია ის სტატისტიკაც, რომელსაც სახალხო დამცველი ავრცელებს. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წელს სამუშაო ადგილზე დაშავდა და გარდაიცვალა 123 ადამიანი, ანუ, სულ მცირე, 2-3 დღეში ერთხელ ხდება შემთხვევები, როდესაც სამუშაო ადგილებზე დასაქმებული პირები ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებებს იღებენ ან იღუპებიან. ამ საქმეებზე დაწყებული გამოძიება ყოველთვის არ სრულდება სათანადო შედეგებით. სახალხო დამცველი შენიშნავს, რომ 2015 წელს მომხდარ ფაქტებზე სისხლის სამართლის გამოძიება 108 შემთხვევაში დაიწყო, ხოლო 42 შემთხვევაში დაწყებული გამოძიება მალევე შეწყდა.საქმის ბოლომდე მიიყვანა, როგორც საქართველოს პროფკავშრების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია ამბობს, ბოლო პერიოდში გარდაცვლილია 14 ადამიანი სამუშაო ადგილებზე და აქედან რვა, ანუ თითქმის 55%, სამშენებლო სექტორზე მოდის. შრომის უსაფრთხოების დაუცველობის მასშტაბის სიდიდეს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, გოჩა ალექსანდრია, პოლიტიკური კლასის არაადეკვატურობას და მათ მიერ შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი ურთიერთობების პოლიტიკის არქონას მიაწერს:

„ამის დასტურია სექტემბერ-ოქტომბერში ჩატარებული კვლევა ცხრა ძირითადი პოლიტიკური პარტიის საარჩევნო პროგრამებისა, რომლებიც არის საკმაოდ სქელტანიანი – 65-70-გვერდიანი დოკუმენტებია და სიტყვაც კი არაა ნახსენები შრომის ისპექცია და შრომის უსაფრთხოება ან უსაფრთხო შრომა – არც ერთ კონტექსტში მოხსენიებული არაა არც ერთი პარტიის მიერ. შესაბამისად, ეს აჩვენებს, რამდენად ღრმაა პრობლემა, მათ კი ხედვა არ გააჩნიათ, როგორც ჩანს ამ პროგრამებიდან. და მეორე მიზეზი, მთავრობა და პარლამენტი თავად წარმოადგენს ბიზნესმენების კრებულს და მათთვის უინტერესოა შრომის ინსპექციის შექმნა, გაძლიერება, ვინაიდან მათი ბიზნესი დაზარალდება“.

საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულს ღირსეული პირობები შეუქმნას, თუმცა დეტალურად არ არის გაწერილი, როგორი უნდა იყოს სამუშაო გარემო.

სამუშაო ადგულზე დაზარალებულიაგოჩა ჭუმბურიძეც, რომელმაცჭიათურის მაღაროში დაკარგა ხელის მტევანი:

„მივედი დილაზე სამუშაოზე, ნარიადი მივიღე და საბურღი მანქანა არ იყო მწყობრში და ვიმუშავე მაინც და მამწყვიტა მარჯვენა ხელი. არ დამჭირვებია ჩივილი, იმ წუთში ქუთაისის რწმუნებული მევიდა და საქმე გაარკვიეს რავარც იყო და დამნაშავე არ ვიყავი. გამამართლეს, გამამართლეს რაა. მარცხის პენსია მაქვს, ინვალიდობის მეორე ჯგუფი მამცეს. ხელის პროტეზი გამიკეთეს, 5000 ლარი გედეიხადა „ჯორჯიან მანგანეზმა“.

„ჯორჯიან მანგანეზმა“ გოჩა ჭუმბურიძის დასაქმებაზეც იზრუნა და, მაღაროს ნაცვლად, დაცვის სამსახურში გადაიყვანა. ეს ის შემთხვევაა, როცა პროფკავშირის ჩარევით კომპანიამ დაზარალებულზე იზრუნა.

შრომის პირობების კონტროლსქვეყანაში კი ახორციელებს შრომისა და ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური დეპარტამენტი, რომელსაც სანქციების დაწესების უფლება არ გააჩნია და, ძირითადად, მონიტორინგითა და რეკომენდაციების გაცემით შემოიფარგლება. როგორც დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლევან ჟორჟოლიანმა გვითხრა: „ამ ეტაპზე სანქცირების უფლებამოსილება დეპარტამენტს არ აქვს. თუნდაც იმიტომ, რომ ამდენი წელი იყო ამხელა წყვეტა ინსტიტუციური. ჭირდება ამ ინსტიტუტს კონკრეტული განვითარება, ნაბიჯ-ნაბიჯ, რასაკვირველია, ჩვენ მივალთ ამ ეტაპამდე. თუმცა, რახან ჯერ წელიწადნახევარია, რაც ამოქმედდა ეს ყველაფერი,საჭიროა თავად ინსპექტორების კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება, თვითონ ინსტიტუტის გაძლიერება, ხოლო ამის შემდეგ იქნება უკვე მიზანშეწონილი კონკრეტული მექანიზმების ამუშავება, რომელიც რასაკვირველია, გეგმაში არის და იდეაში არის“, – აღნიშნავს ლევან ჟორჟოლიანი.

შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის დახვეწას საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება ავალდებულებსუსაფრთხოების ახალი კანონპროექტის მიხედვით, რომელიც, სავარაუდოდ, კანონად 2017 წლისთვის იქცევა. შრომის ინსპექტორების მობილური ჯგუფი უფლებამოსილი იქნება ამა თუ იმ საწარმოში არსებული შრომითი პირობები საწარმოთა წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეამოწმოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG