Accessibility links

logo-print

საქართველოში კვლავ საგანგაშოა სამუშაო ადგილზე დაღუპულთა სტატისტიკა, რომელიც შრომის სახელმწიფო ინსპექციის გაუქმების შემდეგ ოფიციალურად აღარც იწარმოება. პროფესიული კავშირების გაერთიანების ინფორმაციით, ბოლო ექვსი წლის მანძილზე საქართველოში 273 ადამიანი დაიღუპა, 500-მდე კი მძიმედ დაშავდა.როგორც წესი, სიკვდილიანობისა და მძიმე ტრავმების მაჩვენებელი მაღალია მაღაროებში, მშენებლობებსა და ტრანსპორტის სფეროში. პროფკავშირების გაერთიანებაში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება არ ჩქარობს დანაპირების შესრულებას და შრომის უსაფრთხოებისა და შრომის სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონების მიღებას, რითაც განსაცდელში აგდებს ათობით ათასი დასაქმებულის სიცოცხლეს. რა უშლის ხელს შრომის უსაფრთხოების ხარისხის გაზრდას?

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მონაცემებით, სამუშაო ადგილზე წელიწადში საშუალოდ 50 ადამიანი იღუპება. შესაბამისად, იშვიათია ისეთი კვირა, როცა საინფორმაციო საშუალებები არ იტყობინებიან მორიგი უბედური შემთხვევის შესახებ.

დამსაქმებელს მიეცემა გონივრული ვადა შრომის პირობების გამოსასწორებლად და მხოლო ვადის გასვლის შემდეგ დაჯარიმდება. კანონი ითვალისწინებს ამას...

უბედურ შემთხვევაზე, რომელიც სოფელ ფარცხანაყანებში 9 ნოემბერს მოხდა (დაიღუპა ორი, დაშავდა სამი ადამიანი), შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. ამავე მუხლით აღიძრა საქმე 13 ნოემბერსაც. ფრაგმენტი საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ მიერ გავრცელებული ახალი ამბიდან:

„ხელვაჩაურში მშენებლობაზე დაიღუპა 47 წლის მამაკაცი, რომელსაც ბეტონის გადასატუმბი მოწყობილობა დაეცა. მრავლობითი დაზიანებით საავადმოფოში გადაიყვანეს სამშენებლო ობიექტის მეპატრონე და მშენებლობაზე დასაქმებული კიდევ ერთი მამაკაცი“.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში სამუშაო ადგილზე დაღუპულთა რაოდენობის შემცირების აუცილებელ პირობად შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნას მიიჩნევენ. გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილის გოჩა ალექსანდრიას თქმით, დღემდე არ აღდგენილა 2006 წელს გაუქმებული შრომის სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტი, 2012 წლის ოქტომბერში გამარჯვებულმა პოლიტიკურმა ძალამ კი არ შეასრულა წინასაარჩევნო დაპირება და არ მიიღო შრომის უსაფრთხოებისა და შრომის სახელმწიფო ინსპექციის შესახებ კანონები. შესაბამისად, გოჩა ალექსანდრია ფიქრობს, რომ მოქმედი ხელისუფლება, ისევე როგორც მისი წინამორბედი, ყურადღებას არ აქცევს დასაქმებულთა უფლებების დაცვას.

„შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ იგივე პოლიტიკას, რომ ხელისუფლება - როგორც ცენტრალური, ისევე ადგილობრივი - ერიდება ინვესტორების მონიტორინგს, რათა თურმე ისინი არ უნდა შეწუხდნენ, წნეხი არ უნდა იგრძნონ, რომ არ გაიქცნენ ქვეყნიდან და ამასობაში ხალხი იღუპება. ჩვენი მოქალაქეები იმყოფებიან მონურ პირობებში, ყოველგვარი უსაფრთხოების (როგორც ინდივიდუალური, ასევე კოლექტიური) საშუალებების გარეშე და ეს იწვევს ამ უბედურებების მთელ კასკადს, რასაც ჩვენ ვხედავთ არა მხოლოდ მშენებლობაში, ასევე მეტალურგიულ, სამთომომპოვებელ, სატრანსპორტო და სხვა სწრაფად განვითარებად და აქტიურ ეკონომიკურ დარგებში“, უთხრა გოჩა ალექსანდრიამ რადიო თავისუფლებას.

გოჩა ალექსანდრია

გოჩა ალექსანდრია

გოჩა ალექსანრიას თქმით, შრომის სახელმწიფო ინსპექცია უნდა იმყოფებოდეს პარლამენტის ანდა შრომის, ჯანრმთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში, რათა მისმა წარმომადგენლებმა მაქსიმალურად დამოუკიდებლად იმოქმედონ, თუმცა ამისათვის შესაბამისი კანონების მიღებაა საჭირო. როგორც ირკვევა, შრომის უსაფრთხოებისა და შრომის სახელმწიფო ინსპექციის შესახებ კანონების პროექტები უკვე მომზადებული აქვს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რომლის წარმომადგენელმა, დავით ივანიძემ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამ ეტაპზე კანონპროექტებს ეცნობიან შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია და საქართველოს მთავრობის სხვა პარტნიორები:

„ჯერჯერობით დახვეწის სტადიაშია, სახელმწიფო უწყებებისთვის არ დაგვიგზავნია, მაგრამ ორივე კანონპროექტი მზადაა. შრომის სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტი ჩამოყალიბდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირად შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. სანქციები იქნება, მაგრამ პირველ ეტაპზე - არა. დამსაქმებელს მიეცემა გონივრული ვადა შრომის პირობების გამოსასწორებლად და მხოლო ვადის გასვლის შემდეგ დაჯარიმდება. კანონი ითვალისწინებს ამას“.

საქართველოს შრომის კანონმდებლობის დახვეწას ავალდებულებს ევროკავშირთან დაახლოების მთავარი დოკუმენტი - ასოცირების შესახებ შეთანხმება. პოლიტოლოგ კახა გოგოლაშვილის თქმით, შეთანხმების 30-ე დანართში ჩამოთვლილია ევროკავშირის დირექტივები, რომლებიც ეხება სოციალურ საკითხებს, დასაქმებას, სამუშაო დროს, კოლექტიურ ხელშეკრულებებს და სხვა:

კახა გოგოლაშვილი

კახა გოგოლაშვილი

„მათ შორის არის დირექტივების ნაწილი, რომელიც ეხება სამუშაოზე უსაფრთხოებას და ჯანმრთელობას. არის ძალიან კონკრეტული დირექტივები, რომლებიც უნდა შევასრულოთ 5 წლის განმავლობაში. ეს არის სათანადო აღჭურვის მოთხოვნა, დაცვის საშუალებები და ა.შ., ანუ შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი - დაახლოებით 20 - დირექტივაა ჩამოთვლილი. მაგალითად, ჩვენთან ხშირად იღუპებიან შემდუღებლები. არის სათანადო დირექტივა, რომ უბედური შემთხვევა თავიდან იქნეს აცილებული“.

ცხადია, ასოცირების შესახებ შეთანხმების დირექტივებს იცნობენ საქართველოს პარლამენტშიც, რომლის უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი, გია ჟორჟოლიანი, ამბობს, რომ ხელისუფლება დაინტერესებულია შრომის უსაფრთხოებისა და შრომის სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონების მიღებით. გია ჟორჟოლიანის თქმით, ინვესტიცია მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ეფექტიანი, თუკი ადამიანური რესურსი, ანუ შრომის წილი, ასევე იქნება ეფექტიანი.

„შრომის ინსპექციის საკითხს უკავშირდება ამგვარად: ადამიანები უნდა შრომობდნენ ისეთ პირობებში, რომლებიც მათ მისცემთ შესაძლებლობას ენთუზიაზმით და შემოქმედებითად იმუშაონ და არა გადარჩენისათვის. შრომის ინსპექცია აუმჯობესებს ამ ვითარებას და, შესაბამისად, აძლიერებს ეკონომიკური განვითარების ამ კომპონენტს. მეწარმისთვისაც სასარგებლოა, რომ მან ისეთი პირობები შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ეფექტიანი ეკონომიკური საქმიანობის წარმართვას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მის პროდუქციას კონკურენტუნარიანს გახდის“, უთხრა გია ჟორჟოლიანმა რადიო თავისუფლებას.

გია ჟორჟოლიანი იმედოვნებს, რომ პარლამენტი დასაქმებულთა უფლებების დაცვასა და შრომითი პირობების გაუმჯობესებაზე ორიენტირებულ კანონებს მიმდინარე წლის ბოლომდე მიიღებს.

XS
SM
MD
LG