Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შრომითი მიგრაცია და საქართველო


ამ ცოტა ხნის წინ მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა ანგარიში მიგრაციისა და განვითარების შესახებ, რომლის თანახმადაც, 2013 წელს განვითარებად ქვეყნებში ფულადი გზავნილების საერთო მოცულობა 414 მილიარდ ამერიკულ დოლარს მიაღწევს, ეს კი 2012 წლის მაჩვენებლებს 6, 3 პროცენტით აღემატება. ფულადი გზავნილების მთავარ მიმღებთა შორის არიან ინდოეთი და ჩინეთი. ისინი, მთლიანობაში, პროგნოზირებული თანხიდან 131 მილიარდ დოლარს მიიღებენ. გასულ წელს განვითარებული ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის, არაოფიციალური მონაცემებით, მილიარდ ლარზე მეტი თანხა გადმოირიცხა. ასევე არაოფიციალური მონაცემებით, მილიონს აღწევს ბოლო წლებში საქართველოდან შრომითი მიგრაციის მიზნით გასული მოქალაქეების რაოდენობა.

ჩვენი რესპონდენტის, 26 წლის დავითის დედა საბერძნეთში იმყოფება. რთული ფინანსური პრობლემების მოგვარების მიზნით, ოჯახი მან 7 წლის წინ დატოვა.

“სანამ გადალახავდა ენის ბარიერს და გაერკვეოდა ადგილობრივ სიტუაციაში, ხელფასი ჰქონდა 700 ევრომდე. თვიდან თვემდე, ჩემი ხელფასის მიუხედავად, გვყოფნიდა საშუალოდ, როგორც საშუალოზე ოდნავ დაბალ ოჯახს შეეფერება საქართველოში. სამი-ოთხი წლის შემდეგ, როცა შეისწავლა ადგილობრივი ბერძნული ენა, გაუზარდეს ხელფასი 1000 ევრომდე და მიეცა საშუალება გამოეგზავნა ფული იმდენი, რომ გვყოფნოდა ჩვენ საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად და ოჯახის შესანახად“.

დავითს, რომელიც კერძო დაცვის თანამშრომელია, ჰყავს ცოლ-შვილი და, დედის დახმარების მიუხედავად, მაინც უჭირს ოჯახის სრულფასოვნად უზრუნველყოფა. მის მდგომაროებაშია მისი ბევრი ისეთი თანამემამულე, რომელთა ოჯახის წევრები და ნათესავები სწორედ იმ მიზნით იმყოფებიან უცხოეთში, რომ სამშობლოში დარჩენილებს ფინანსური დახმარება გაუწიონ.
მათი რაოდენობის დადგენა, საქსტატის გენერალური დირექტორის ზაზა ჭელიძის თანახმად, სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, პრაქტიკულად შეუძლებელია:

“ჩატარდა კვლევა 2008 წელს, თუმცა მიგრაციის კვლევა საკმაოდ რთულად ჩასატარებელია და მაინცდამაინც შედეგს არ იძლევა. არის რამდენიმე ფაქტორი: პირველი, ვინ გვინდა ჩავთვალოთ მიგრანტად - ადამიანი, რომელიც ბოლო 5 წელი, ბოლო 10 წელია წასული, თუ ადამიანი, რომელიც ოდესღაც წასულა და ქართველია? ჩვენ ვუყურებთ მოქალაქეობას თუ არ ვუყურებთ? და ყველაზე დიდი, მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორი არის ის, რომ, როგორც წესი, ინფორმაცია ხარისხიანად არ ამოდის, იმიტომ რომ უცხოეთში არალეგალურად მყოფი პირის ოჯახის წევრები, როგორც წესი, ამას არ ახმოვანებენ და არ ამბობენ“.

სხვადასხვა მონაცემები არსებობს, მაგრამ მათ შორის არის ერთი, რომ GDP, მაგალითად, 20 პროცენტამდეც კი შეადგენს, მაგრამ ამისი ზუსტი მაჩვენებელი, ძალიან ძნელია ამის თქმა, მაგრამ თუ ამ ვარაუდს დავუჯერებთ, რომ GDP თუნდაც 20 არა, თუნდაც 10 იყოს, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხაა...
ვანო ჩხიკვაძე
ზაზა ჭელიძე იმედოვნებს, რომ შრომითი მიგრანტების და ზოგადად მიგრაციის შესახებ სტატისტიკური მაჩვენებელი მომავალ წელს, მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შემდეგ, გამოიკვეთება.

თუმცა იმის მიუხედავად, რამდენია მიგრაციის პროცენტული მაჩვენებელი საქართველოში, ინვესტიცია, რომელსაც მიგრანტების ოჯახები ღებულობენ, უმნიშვნელო არ არის. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, - მაგალითად, მიმდინარე წლის აგვისტოს მონაცემებით, - რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში გადმორიცხულია 73 მილიონამდე ლარი, საბერძნეთიდან - 16 მილიონამდე, ხოლო იტალიიდან - 9 მილიონ-ნახევარი ლარი. შესაბამისად, პირობითად შეიძლება ითქვას, რომ სამუშაოს მაძიებელი მოქალაქეების ძირითადი ნაწილი საქართველოდან სამ ქვეყანაშია წასული - რუსეთში, საბერძნეთსა და იტალიაში. მათ მოსდევს ამერიკის შეერთებული შტატები, თურქეთი, უკრაინა და ესპანეთი.

ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ პროგრამის კოორდინატორის, ვანო ჩხიკვაძის თანახმად, შარშან უცხოეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ დაახლოებით მილიარდ 200 მილიონი ლარი შეადგინა. ეს, მისი შეფასებით, არის თანხა, რომელსაც მიმღებები ყოველდღიური საჭიროებისთვის იყენებენ და არ არის საკმარისი იმისთვის, რომ თუნდაც მცირე ბიზნესი წამოიწყონ. თუმცა, ამის მიუხედავად, ეს თანხა ეკონომიკისთვის მაინც ძალიან მნიშვნელოვანია:

“სხვადასხვა მონაცემები არსებობს, მაგრამ მათ შორის არის ერთი, რომ GDP, მაგალითად, 20 პროცენტამდეც კი შეადგენს, მაგრამ ამისი ზუსტი მაჩვენებელი, ძალიან ძნელია ამის თქმა, მაგრამ თუ ამ ვარაუდს დავუჯერებთ, რომ GDP თუნდაც 20 არა, თუნდაც 10 იყოს, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხაა, მაგრამ განსაკუთრებით ეს ძალიან დიდ როლს თამაშობს, მაგალითად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის, იმიტომ რომ ძირითადად ისინი არიან, ვინც საქართველოდანაა წასული. აი, მაგალითად, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას აქვს კვლევა, თიანეთში ჩატარებული, რომელიც ადასტურებს, რომ თითქმის ყველა ოჯახიდან წასულია საბერძნეთში“.

მსოფლიო ბანკის კვლევაში კი, რომელიც შრომითი მიგრაციის ფონზე ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენციას ასახავს, საქართველო ნახსენები არ არის. რაც შეეხება პოსტსაბჭოთა სივრცეს, ამ თვალსაზრისით მაღალი მაჩვენებლების ქვეყნები ყირგიზეთი და ტაჯიკეთი არიან.
XS
SM
MD
LG