Accessibility links

ბოლო თვის განმავლობაში გორში ორი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა შრომითი ხელშეკრულება დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის კონფლიქტის მიზეზი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ კანონში ცვლილებები შევიდა და თითქოს დასაქმებულთა უფლებები უფრო ცხადი და მეტად დაცული გახდა, შრომითი ხელშეკრულებები მაინც იქცევს უფლებადამცველთა ყურადღებას. ხიდისთავის სკოლაში დირექტორმა 4 პედაგოგი შრომითი ხელშეკრულების დამთავრებისთანავე ისე გაათავისუფლა, რომ მიზეზიც კი არ განუმარტავს. მოგვიანებით 2 მასწავლებელი განმარტებითი ბარათის შედგენის შემდეგ დააბრუნა, 2 კი სასამართლოში ასაჩივრებს დირექტორის გადაწყვეტილებას. მეორე შემთხვევა მედიის წარმომადგენლებს ეხება. ტელეკომპანია “დიას” დირექტორი ჟურნალისტებს ისეთი ხელშეკრულების გაფორმებას სთავაზობდა, რომელიც თანამშრომლების დიდი ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. “დიას” ყოფილი ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ ხელშეკრულებით, სადაც ოჯახის წევრებზე პირადი ინფორმაციის მოთხოვნის მუხლი იდო და მათ, სამსახურიდან წასვლის შემთხვევაში, კონკურენტ ორგანიზაციაში მუშაობის საშუალებას 3 წლით ართმევდა, ადამიანის უფლებები ირღვეოდა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისში მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და კიდევ ერთხელ იმსჯელეს შრომითი უფლებების შესახებ. საიას გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების გაფორმებისას დაქირავებულებმა ხელშეკრულების ყველა მუხლი ყურადღებით უნდა წაიკითხონ, შრომის კანონმდებლობა კი როგორც დამსაქმებლების, ისე დასაქმებულების მხრიდან უნდა იყოს დაცული.

შეხვედრას ტელეკომპანია „დიას“ ყოფილი თანამშრომლებიც ესწრებოდნენ. მათ უკვე გადაწყვიტეს, რომ გორში დაიწყონ მედიაპროფკავშირის დაფუძნება და როგორც საკუთარი, ისე კოლეგების უფლებების დასაცავად იბრძოლონ. „დიას“ საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი, ნინო ჩიბჩიური, აცხადებს, რომ ამისთვის უკვე შექმნილია საინიციატივო ჯგუფი და ახლო მომავალში მედიაპროფკავშირი დაფუძნდება.

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი ლადო ბიჭაშვილი მიიჩნევს, რომ დასაქმების მსურველები ხელშეკრულების შედგენისას განსაკუთრებული ყურადღებით უნდა იყვნენ და ყველა მუხლი თავიდან ბოლომდე წაიკითხონ. მისი თქმით, შრომითი უფლებების დაცვის თვალსაზრისით, მედიაორგანიზაციებშიც მძიმე მდგომარეობაა.

ჟურნალისტები აცხადებენ, რომ მედიაში დასაქმებულ პირთა დიდი ნაწილი -განსაკუთრებით რეგიონებში - ზეგანაკვეთურ სამუშაოს ასრულებენ, მაგრამ, არსებული კანონმდებლობის მიუხედავად, მათ დამატებით ანაზღაურებას არავინ აძლევს.

XS
SM
MD
LG