Accessibility links

logo-print

სექტემბერი - ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ახალი ნიშნული


ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი

სავიზო ლიბერალიზაციას საქართველო, სავარაუდოდ, სექტემბრის მეორე ნახევრიდან მიიღებს, განაცხადა საქართველოში მყოფმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა. იგი საქართველოში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე წლიურ სესიაში მონაწილეობის მიზნით ჩამოვიდა, თუმცა მისი თბილისში ყოფნა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თარიღს, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების სრულად ამოქმედების დღესაც, დაემთხვა. გერმანიის, როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის, საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს დედაქალაქში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობის გარდა, შეხვედრებს მართავს საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებთან. ამ რანგის პირველი შეხვედრა 1 ივლისსმის ქართველ კოლეგასთან, მიხეილ ჯანელიძესთან, შედგა. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომ ევროკავშირი - და მათ შორის გერმანია - ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის უფლება რაც შეიძლება დროულად მოიპოვონ.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი თბილისში ბაქოდან ჩამოვიდა, რომელსაც იგი ერევანში გამართული შეხვედრების შემდეგ ესტუმრა. ტურნეს დაწყებამდე შტაინმაიერმა აღნიშნა, რომ, ევროპაში ბევრი პრობლემის მიუხედავად, ყურადღება არ უნდა მოაკლდეს ვითარებას სამხრეთ კავკასიაში, სადაც ნებისმიერ მომენტში შეიძლება გამწვავდეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი. მისი შეფასებით, მარტივი არ არის მდგომარეობა არც სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში და, შესაბამისად, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა, ამ მხრივ, პრაგმატულ პოლიტიკას ახორციელებს და ცდილობს ახალი დაპირისპირების კერები თავიდან აიცილოს. კონფლიქტები, უსაფრთხოება, გამოწვევები, თანამშრომლობა და საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი კი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან - მათ შორისსაგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან - გამართულ შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემები იყო.

„ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს ასოცირების შეთანხმებაზე და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯზე, რომელსაც ჩვენ ველოდებით, -ვიზა-ლიბერალიზაციაზე. ჩვენ გვაქვს გერმანიის მხრიდან კიდევ ერთხელ მხარდაჭერა გამოხატული, რომ საქართველომ ძალიან მალე უნდა მიიღოს აღნიშნული გადაწყვეტილება. როგორც მოგეხსენებათ, ევროპის პარლამენტში შესაბამისი განხილვები მიმდინარეობს და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს განხილვები მალე დასრულდება და როგორც ევროკავშირის პარლამენტი, ასევე ევროკავშირის საბჭო მხარს დაუჭერს საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხს“, აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.

ევროპული ოჯახის წევრობა ქართველი ხალხის გააზრებული არჩევანია, რადგანაც ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ სწორედ ეს არის ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის, უსაფრთხოების, მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის საუკეთესო გზა, რაც საქართველოს ხდის ლიდერად რეგიონში...

მოგვიანებით კი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შეკითხვაზე, მოესწრება თუ არა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედება 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე და რა როლს ითამაშებს ამ პროცესში გერმანია, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა:

“დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. ჩემს გამოსვლაში მე ხაზი გავუსვი ცალსახად, რომ გერმანიაც და ევროკავშირიც მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დადგეს რეალური სავიზო ლიბერალიზაცია. მე გითხარით ასევე, რომ ევროპარლამენტის გარკვეულ ფორმალობებზეა დამოკიდებული და ეს მხოლოდ გერმანიის გადასაწყვეტი არ არის. მაგრამ კარგი საფუძველი გვაქვს ამისთვის და მე ვფიქრობ, ის განრიგი, რომელიც არსებობს ევროპარლამენტში, არის ძალიან ამბიციური - საკომიტეტო მოსმენები, კონსულტაციები. ვფიქრობ, თვის ბოლოს, ივლისის ბოლოს, პროცესი დასრულდება, მაგრამ სექტემბრის მეორე ნახევარში, ალბათ, საბოლოო ლოგიკურ შედეგამდე მივალთ“.

1 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ითქვა ასევე, რომ 2017 წელი ქართულ-გერმანული ურთიერთობების წლად ცხადდება და ურთიერთთანამშრომლობა კიდევ უფრო ინტენსიურ სახეს მიიღებს. აქვე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მისი თბილისში ყოფნა 1 ივლისს არის ბევრად უფრო მეტი, ვიდრე უბრალო შემთხვევითობა. საქმე ისაა, რომ 2016 წლის 1 ივლისი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ისტორიაში კიდევ ერთ მნიშვნელოვან თარიღად ჩაიწერება, რადგან ძალაში შევიდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება. შესაბამისად, ასოცირების შეთანხმება ოფიციალურად გახდა ევროკავშირთან თანამშრომლობის განმსაზღვრელი ძირითადი ჩარჩო. ამ თარიღს ეუთოს საპარლამენტო სესიის ტრიბუნიდან შემდეგი სიტყვებით გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი:

“დღეს, პირველ ივლისს, ძალაში სრულად შედის ასოცირების ხელშეკრულება, რის წყალობითაც დგება თვისებრივად ახალი ეპოქა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში. და ეს ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ევროპული ოჯახის წევრობა ქართველი ხალხის გააზრებული არჩევანია, რადგანაც ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ სწორედ ეს არის ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის, უსაფრთხოების, მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის საუკეთესო გზა, რაც საქართველოს ხდის ლიდერად რეგიონში“.

ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლა საქართველოსა და მოლდავეთს სპეციალური ვიდეომიმართვით მიულოცა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა. მინისტრი მიესალმება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ლეგალური ინსტრუმენტის სრულ ამოქმედებას და ფიქრობს, რომ აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს როგორც საქართველოსა და მოლდავეთის, ისე ევროპის ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას:

ლინას ლინკევიჩუსი

ლინას ლინკევიჩუსი

„მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ეს არის ევროპული გზა და ევროპული პერსპექტივა. და მიუხედავად დღეს ჩვენს წინაშე არსებული ყველა გამოწვევისა, ევროპა რჩება მსოფლიოს მთავარ მოთამაშედ როგორც ეკონომიკის, ისე პოლიტიკის სფეროში. და მე მართლაც მოხარული ვარ ვთქვა: საქართველო არის ევროპა, მოლდავეთი არის ევროპა, უკრაინა არის ევროპა“.

ევროკავშირი მოუთმენლად ელოდება თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას ქვეყანასთან, რომელიც ამ დრომდე მუშაობს უმნიშვნელოვანეს რეფორმებზე, განაცხადა, თავის მხრივ, ევროკომისარმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გარანტირებული ბენეფიტებით საქართველოს მოქალაქეების სარგებლობის პერსპექტივას გაუსვა ხაზი ევროკომისარმა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანმა.

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლა საქართველოს კიდევ ბევრმა მეგობარმა მიულოცა.

ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმება დროებით 2014 წლის 1 სექტემბერს ამოქმედდა, 2016 წლის 1 ივლისიდან კი შეთანხმების ყველა დებულება შევიდა ძალაში, რაც, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, იმას ნიშნავს, რომ საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი, რომელიც ევროპული პოლიტიკური, სავაჭრო ეკონომიკური და სოციალური და სამართლებრივი სტანდარტების დანერგვას გულისხმობს, შეუქცევადად და სრულმასშტაბიანად წარიმართება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG