Accessibility links

logo-print

შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნებიდან“ კენჭს იყრიან თამარ ხიდაშელი და სოსო დანელია


კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ თამარ ხიდაშელი და სოსო დანელია იყრიან კენჭს საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, რომელიც საგარეჯოს და მარტვილის ოლქებში წელს, ოქტომბერში ჩატარდება. დეპუტატობის კანდიდატები დღეს თბილისში, მმართველი კოალიციის ცენტრალურ ოფისში წარადგინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამარ ხიდაშელი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილი თავმჯდომარეა. „ეს არჩევანი მოწმობს, თუ როგორ მნიშვნელობას ვანიჭებთ კვალიფიციური და პროგრესულად მოაზროვნე ქალების პოლიტიკაში ჩაბმას“ - განაცხადა თამარ ხიდაშელის კანდიდატურის წარდგენისას ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, პროფესიით იურისტი თამარ ხიდაშელი, რომელმაც განათლება დიდ ბრიტანეთში მიიღო და არასამთავრობო ორგანიზაციებში საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვს, ამჟამად ევროკავშირის პროექტში მუშაობს და ასოცირების მიმართულებით არაერთი ანგარიშის ავტორია.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თამარ ხიდაშელს დიდი შრომა აქვს გაწეული იმისთვის, რომ საჯარო დაწესებულებებში სათანადო მნიშვნელობა შეეძინა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და ყოველთვის პრინციპული პოზიცია ჰქონდა არჩევნების დროს, როცა თავისუფალი აზრის გამოხატვისთვის მოქალაქეებს დევნიდნენ.

რაც შეეხება მარტვილის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს სოსო დანელიას, მას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, დიპლომატიურ სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, წლების განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა იტალიის რესპუბლიკაში და საქართველოსა და იტალიაში სამეცნიერო ტიტულები აქვს მინიჭებული.

მარტვილის და საგარეჯოს ოლქებში შუალედური საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატი ნაული ჯანაშია ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა, საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი თინა ხიდაშელი კი საქართველოს თავდაცვის მინისტრად დაინიშნა.

შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,“ „თავისუფალი დემოკრატები“ და ათამდე არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტია. მათ ბოიკოტის მთავარ მიზეზად უსამართლო საარჩევნო სისტემა დაასახელეს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG