Accessibility links

31 ოქტომბერს საქართველოში შუალედური არჩევნები პოლიტიკური პარტიების ბოიკოტის ფონზე გაიმართა და პროცესში ძირითადად ორი პოლიტიკური ძალა – „ქართული ოცნება“ და „პატრიოტთა ალიანსი“ – უპირისპირდებოდა ერთმანეთს. საგარეჯოსა და მარტვილის ოლქებში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებს ირჩევდნენ, ხოლო საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების არჩევის პროცესი დმანისის, ვანის, ხობისა და საგარეჯოს ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში მიმდინარეობდა. კანდიდატები ერთმანეთს საარჩევნო პროცესის ხელშეშლაში ადანაშაულებენ, თუმცა, მესამე სექტორის მეთვალყურეთა დაკვირვებით, მნიშვნელოვანი დარღვევები არ გამოვლენილა. მეთვალყურე ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს, რომშუალედური არჩევნების ტენდენციები და შედეგები გარკვეულ წინასწარ წარმოდგენებს შეგვიქმნის მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა როგორც საპარლამენტო ოპოზიციამ, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის ძირითადმა ნაწილმა იმ მიზეზით, რომ ვერ მოხერხდა ხელისუფლებასთან შეთანხმება საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, - ამბობს ჩვენთან საუბრისას საარჩევნო პროცესის ერთ–ერთი მეთვალყურე ორგანიზაციის – „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ - აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია, თუმცა, მიუხედავად ამისა, მისი აზრით, 31 ოქტომბრის შუალედური არჩევნები მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის და აქვეა დამატებითი პოლიტიკური დატვირთვაც:

„ერთი წლით ადრე არჩევნებამდე, შუალედური არჩევნები გარკვეულწილად საზოგადოების განწყობას აჩვენებს - თუ როგორ შეიცვალა ეს ბოლო თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ანუ ხალხი უჭერს მხარს კვლავ ხელისუფლებას თუ უფრო ოპოზიციურად, კრიტიკულად არიან განწყობილი ხელისუფლების მიმართ და ასევე საზოგადოების აქტიურობაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორი – არის თუ არა გულგრილი ამომრჩეველი და არის თუ არა ნიჰილისტური განწყობები ამომრჩევლებში ზოგადად არჩევნების პროცესების მიმართ“.

მართალია, შუალედურ არჩევნებზე მეთვალყურეები ამომრჩევლის განსაკუთრებულ აქტიურობას არ მოელოდნენ, მაგრამ მესამე სექტორის წარმომადგენლები მაინც უკმაყოფილო დარჩნენ აქტივობის დაბალი მაჩვენებლებით. შედარებისთვის გეტყვით, რომ, მაგალითად, საგარეჯოსა და მარტვილში, სადაც პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებს ირჩევდნენ, ამომრჩეველთა აქტიურობა 12 საათისთვის 12,7%–ს არ აღემატებოდა. ხოლო 17 საათის მონაცემებით, საგარეჯოში ამომრჩეველთა28,1 %-მა მიიღოკენჭისყრაში მონაწილეობა, მარტვილში კი - 33,1 %-მა.

ამომრჩეველს აქტიურობისკენ 31 ოქტომბერს მთელი დღის განმავლობაში მოუწოდებდა ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომლის შთაბეჭდილებითაც, არჩევნები ნორმალურად, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, შაბათს მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის კონტაქტცენტრი, რომელთან დაკავშირებაც, ტელეფონის გარდა, ინტერნეტით ონლაინრეჟიმშიც იყო შესაძლებელი.

პარალელურად, ერთმანეთს უკანონო ქმედებებში ადანაშაულებდა არჩევნებში მონაწილე ორი ძირითადი პოლიტიკური ძალა – „ქართული ოცნება“ და „პატრიოტთა ალიანსი“. ხმაურით განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო საგარეჯომ, სადაც პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევდნენ და სადაც კანდიდატთა მხარდამჭერები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. როგორც საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ იტყობინება შს სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით, „საგარეჯოს რაიონის გიორგიწმინდის #20 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს“.

„ქართული ოცნების“ კანდიდატის თამარ ხიდაშელის განცხადებით, ყველაფერზე პასუხი უნდა მოეთხოვოს მისი კონკურენტი კანდიდატის საარჩევნო შტაბს:

„იმ მდგომარეობაზე, რაც გიორგიწმინდის საარჩევნო უბანზე შეიქმნა, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება ირმა ინაშვილის საარჩევნო შტაბს. გარდა ამისა, 47-ე უბანზე, ზემო თულარის, იორმუღანლოს ზონაში, ასევე იყო მცდელობა საარჩევნო პროცესში ჩარევის. ასევე ქალბატონ ირმა ინაშვილის ადგილობრივი შტაბის წარმომადგენელი შეიჭრა საარჩევნო უბანზე, ყვიროდა და საარჩევნო კომისიას მუშაობაში ხელს უშლიდა“.

მწვავე პრეტენზიები აქვს „პატრიოტთა ალიანსსაც“. ამ პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ წამოყენებული დეპუტატობის კანდიდატი ირმა ინაშვილი, სხვადასხვა საარჩევნო უბანზე გამქრალი–გაჩენილი ბიულეტენების გარდა, ხელისუფლების წარმომადგენელთა ზედმეტ აქტიურობასა და პროცესში ჩარევაზე ლაპარაკობს. ირმა ინაშვილი მოუწოდებს მხარეებს, ერთად გაარკვიონ მტყუან–მართალი და კანონდამრღვევებიც ერთად გამოავლინონ:

„ყველა სოფლის რწმუნებული, გამგებელი დგანან საარჩევნო უბნების წინ და ეწევიან აგიტაცია-პროპაგანდას... ირმა ინაშვილის საარჩევნო შტაბი, ყველა ჩემი მხარდამჭერი ემიჯნება ყოველგვარ პროვოკაციას. ჩვენ ვართ პროცესის მშვიდობიანად წარმართვის მომხრეები – არ გვჭირდება პროვოკაციები, ისედაც ვიგებთ (არჩევნებს), ბატონო!“

ამ ყველაფრის მიუხედავად, საარჩევნო პროცესში შემაშფოთებელ დარღვევებს ვერ ხედავენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც არჩევნების პროცესს მეთვალყურეობენ. მათ შორის არის„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოც“ და, როგორც მისმა წარმომადგენელმა ლევან ნატროშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ორგანიზაციის მობილურმა ჯგუფებმა მხოლოდ პროცედურულ–ტექნიკური ხასიათის დარღვევები აღმოაჩინეს, რაც ძირითადად საარჩევნო უბნებზე პროფესიონალიზმის ნაკლებობით იყო განპირობებული:

„მაგალითად, საგარეჯოში იყო ასეთი პრობლემა, განსაკუთრებით, ეთნიკურად აზერბაიჯანელებით მჭიდროდ დასახლებულ სოფლებში: უბნებია არასათანადოდ მოწყობილი, პატარა ოთახია უბანი და, შესაბამისად, არის ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის საფრთხე... პრობლემები იყო ასევე კედლის საარჩევნო სიებთან დაკავშირებით ბევრ უბანში – თვითონ უბანში იყო გაკრული ეს სიები, როცა უბნის გარეთ უნდა იყოს. ასევე მარტვილში იყო პრობლემა, რომ რამდენიმე წარმომადგენელი - მაგალითად, ორი წარმომადგენელი - ჰყავდათ საარჩევნო სუბიექტებს ან სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. კანონით მხოლოდ ერთი წარმომადგენელი უნდა ჰყავდეთ“.

ცესკოს მონაცემებით, 31 ოქტომბრის შუალედური არჩევნების სამეთვალყურეო პროცესში ჩართული იყო 22 ადგილობრივი ორგანიზაციის 728 დამკვირვებელი, 4 საერთაშორისო ორგანიზაციის 22 დამკვირვებელი და მედიაორგანიზაციების 347 წარმომადგენელი.

გამარჯვებისთვის კანდიდატმა, ცხადია, კონკურენტზე მეტი ხმა უნდა მიიღოს, მაგრამ მიღებული ხმების რაოდენობა არ უნდა იყოს კონკრეტულ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩევნებში მონაწილეთა ხმების 30 %-ზე ნაკლები. თუკი მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო, ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატიდან გაიმარჯვებს ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას დააგროვებს.

საგარეჯოში მაჟორიტარი დეპუტატის არჩევის აუცილებლობა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ამ ოლქიდან არჩეული „ქართული ოცნების“ დეპუტატი თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის პოსტზე დაინიშნა. მარტვილში კი შუალედური არჩევნებიამ ოლქიდან არჩეული „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ნაული ჯანაშიას, გარდაცვალების გამო დაინიშნა.

ამავე თემაზე

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG