Accessibility links

შუკვანს ბრიტანელი ადვოკატების იმედი აქვს


ბეთქილ შუკვანი (მარჯვნივ) და ბიძინა ივანიშვილი

ბეთქილ შუკვანი (მარჯვნივ) და ბიძინა ივანიშვილი

ოლიმპიელი ძიუდოისტი ბეთქილ შუკვანი, რომლის სახელსაც პოლიტიკური ხასიათის სკანდალი უკავშირდება, სიმართლისთვის ბრძოლას ლონდონში ბრიტანელი ადვოკატების დახმარებით განაგრძობს. შუკვანი ცდილობს ლონდონის ოლიმპიადაზე 28 ივლისს განცდილი მარცხი გაასაჩივროს და უსამართლო მსაჯობისთვის პასუხი მოითხოვოს. თუმცა სხვა საკითხია, რამდენად გამართლებულია ასეთი მცდელობა ამდენი ხნის შემდეგ და, მით უმეტეს, როცა საქმე ძიუდოს ეხება.

”ჩამოვედი ლონდონში და ვიწყებ ლეგალურ პროცედურებს”, - წერს ოლიმპიელი ძიუდოისტი ბეთქილ შუკვანი 13 აგვისტოს გვიან ღამით გავრცელებულ განცხადებაში და იქვე აღნიშნავს, რომ ის, როგორც ”არაჯანსაღი ქართული პოლიტიკის” ერთ-ერთი მსხვერპლი, საერთაშორისო სასამართლომდე აპირებს მისვლას. იგულისხმება თუ არა ამ შემთხვევაში სპორტის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლო? - მართალია, ეს საკითხი ვერ დააკონკრეტა, მაგრამ 14 აგვისტოს შემდგარი სატელეფონო საუბრის დროს ჯერ ისევ ლონდონში მყოფმა ბეთქილ შუკვანმა რადიო თავისუფლებას განუმარტა, რომ სიმართლისთვის ბრძოლას ის წმინდა სპორტული ხაზით აპირებს:

”მიზანი ის არის, რომ აი, რაც მოხდა ჩემთან მიმართებაში, ასახავს იმას, რომ არასწორი რაღაცა მოხდა და აი მაგიტომ ჩამოვედი აქ, რომ სიმართლე რაც არის, დავამტკიცო. არასწორი მსაჯობა იყო... და კიდე ისიც ვთქვი, აი, რაც მოხდა - როგორ გავიქეცი, თუ რაც ჰქვია, ეს ყველაფერი მოვუყევი... ადვოკატები დავიქირავე და ყველაფერს გააშუქებენ ახლო მომავალში.”

ბეთქილ შუკვანი ლურჯ მაისურში

ბეთქილ შუკვანი ლურჯ მაისურში

იმ კომპანიის სახელი, რომლის ადვოკატებიც დაიქირავა, ბეთქილ შუკვანმა ჩვენთან საუბრის დროს ვერ გაიხსენა, თუმცა თქვა, რომ, მეგობრების დახმარებით, მას საქმე ”ერთ-ერთ უძლიერეს” ბრიტანულ კომპანიასთან აქვს.

ნახსენებ ”გაქცევაში” კი შუკვანი გულისხმობს ივლისის ბოლოს ოლიმპიური სოფლიდან გამოპარვასა და საქართველოში დროზე ადრე დაბრუნებას, რაც მან, მისივე განმარტებით, შემდგომი ზეწოლის თავიდან აცილების მიზნით გააკეთა. როგორც ლონდონიდან დაბრუნებულმა ძიუდოისტმა 2 აგვისტოს ”ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზეც აღნიშნა, ზეწოლა მოდიოდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ლადო ვარძელაშვილის და მისი მეგობრის, საქართველოს ტყვიის სროლის ფედერაციის პრეზიდენტის გია უდესიანის მხრიდან. ძიუდოისტის აზრით, ზეწოლა განპირობებული იყო მისი სურვილით, რომ ოქროს მედალი პოლიტიკური კოალიცია ”ქართული ოცნებისთვის” მიეძღვნა.

14 აგვისტოს რადიო თავისუფლებასთან სატელეფონო ინტერვიუში შუკვანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ 28 ივლისს ქართულმა დელეგაციამ მისი წაგება სწორედ პოლიტიკური მიზნების გამო შეგნებულად აღარ გაასაჩივრა, მაშინ როცა სხვა ქართველი სპორტსმენის შემთხვევაში პროცესში ”ქვეყანა ჩაერია”. გვარი არ დასახელებულა, თუმცა ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, საუბარია თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილზე, რომლის საფინალო მატჩის გასაჩივრების შედეგადაც, მართალია, საბოლოო შედეგის შეუცვლელად, მაგრამ ოლიმპიადაზე რამდენიმე მსაჯი დაისაჯა.
მეტად კეთილგანწყობილი რომ ყოფილიყო მსაჯი, ალბათ, უფრო უკეთესი შეფასებები ექნებოდა შუკვანის გდებებს - 2 გდებაზეა საუბარი. მაგრამ, სავარაუდოდ, ისეთი შედეგით დამთავრდა ეს შეხვედრა, რომ ეს შედეგი გავლენას ვერ იქონიებდა საერთო შედეგზე ...

რატომ გასაჩივრდა ხინჩეგაშვილის შემთხვევა და რატომ არ გასაჩივრდა შუკვანის შემთხვევა?

ამ შეკითხვასთან დაკავშირებით 14 აგვისტოს რადიო თავისუფლებამ, მცდელობის მიუხედავად, ვერაფრით მოიპოვა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტისა თუ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს კომენტარი, თუმცა, როგორც მანამდე საინფორმაციო სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” უთხრა მინისტრის მოადგილემ დავით ნამგალაურმა, შუკვანის მარცხის შემთხვევაში გასასაჩივრებელი არაფერი ყოფილა.

”ძიუდოში, თავისუფალი სტილით ჭიდაობისგან განსხვავებით, პროტესტის მომენტალურად გამოხატვის პრაქტიკა არ არსებობს”, - უთხრა 14 აგვისტოს რადიო თავისუფლებას საერთაშორისო კატეგორიის მსაჯმა ვლადიმერ ნუცუბიძემ, რომლის განმარტებითაც, როცა მსაჯები ცუდი მსაჯობისთვის ისჯებიან, ეს, როგორც წესი, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის კომისიის გადაწყვეტილებით ხდება, ანუ სწორედ იმ კომისიისა, რომელმაც ადგილზე განიხილა 1/32-ფინალში შუკვანისა და მისი ფრანგი მეტოქის 28 ივლისის ორთაბრძოლის დეტალები. რაც შეეხება მარცხის მიზეზს, მართალია, ვლადიმერ ნუცუბიძე მსაჯების შეცდომას არ გამორიცხავს, მაგრამ ამბობს იმასაც, რომ შედეგს ვერაფერი შეცვლიდა:

”მეტად კეთილგანწყობილი რომ ყოფილიყო მსაჯი, ალბათ, უფრო უკეთესი შეფასებები ექნებოდა შუკვანის გდებებს - 2 გდებაზეა საუბარი. მაგრამ, სავარაუდოდ, ისეთი შედეგით დამთავრდა ეს შეხვედრა, რომ ეს შედეგი გავლენას ვერ იქონიებდა საერთო შედეგზე, იმიტომ რომ შეხვედრა დამთავრდა გდება იპონით, რაც უფრო აღემატება იქ ნაჩვენებ შეფასებებს.”

გააჩნია რას ისახავენ მიზნად შუკვანის ბრიტანელი ადვოკატები, მაგრამ ვლადიმერ ნუცუბიძეს ეჭვი ეპარება, რომ ოლიმპიელი ძიუდოისტი თავისი სიმართლის დამტკიცებას შეძლებს. ასე ფიქრობს სპორტის სამყაროს პროფესიონალთა უმრავლესობა. მათი აზრით, შედეგი არავითარ შემთხვევაში არ შეიცვლება და დადებითი შედეგიც ფრიად სათუოა, თუმცა, უკეთეს შემთხვევაში, შუკვანის მიერ წარმოწყებულ სამართლებრივ პროცესს შესაძლოა არბიტრების დასჯა მოჰყვეს. მაგრამ, აი, რა სახის შეიძლება იყოს ეს სასჯელი, ჯერჯერობით ესეც დაუდგენელია.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG