Accessibility links

logo-print

შვეიცარიის ელჩი საქართველოში გიუნტერ ბეხლერი პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს თინა ხიდაშელსა და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს გიგლა აგულაშვილს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ თინა ხიდაშელმა განაცხადა, გიუნტერ ბეხლერის, როგორც საქართველოს მეგობრის, აზრი საინვესტიციო გარემოზე და პრეტენზიები სასამართლოს მიმართ ძალზედ მნიშვნელოვანია. ცოტა ხნის წინ ინგლისურენოვან გამოცემა„ფაინენშალთან“ ინტერვიუში გიუნტერ ბეხლერმა განაცხადა, რომ უცხოელ ინვესტორებს საქართველოში სერიოზული პრობლემები აწუხებთ.

რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებდით იმ განცხადებებს, რომელთა თაობაზეც ცოტა ხნის წინ ელჩი საუბრობდა, თქვა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა შვეიცარიის ელჩ გიუნტერ ბეხლერთან შეხვედრის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, მან, აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილთან ერთად, ელჩს შესთავაზა „ერთგვარ ცხელ ხაზად გამოიყენოს დეპუტატები“ ყოველთვის, როცა კი კონკრეტული პრობლემის შესახებ ექნება ინფორმაცია. თინა ხიდაშელის თქმით, შეხვედრაზე კონკრეტულ ფაქტზეც იყო საუბარი:

„საუბარია მხოლოდ ერთ შემთხვევაზე, ერთ კონკრეტულ ფაქტზე, სადაც არის ეჭვი, რომ შესაძლოა კორუფცია ყოფილიყო საქმის თანამონაწილე. როგორც დეპუტატისთვის, ეს კონკრეტული შემთხვევები მნიშვნელოვანია, მაგრამ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ კანონში აღარ არსებობდეს არც ერთი ხარვეზი, რომელიც შესაძლებელს გახდის, მაგალითად, ფინანსური პოლიციის ექვსთვიან შემოწმებას, როცა პოლიცია ზის კონკრეტულ დაწესებულებაში, კომერციულ ორგანიზაციაში, და იქიდან არასოდეს აღარ მიდის“.

თითოეული პრობლემის მოსასმენად ინვესტორებთან შეხვედრა გაიმართებაო, განაცხადა შვეიცარიის ელჩთან შეხვედრის შემდეგ პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ გიგლა აგულაშვილმა.

შვეიცარიის ელჩმა საქართველოში გიუნტერ ბეხლერმა შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთხელ გაიმეორა განცხადება, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ინგლისურენოვან გამოცემა „ფაინენშალთან“ საუბარში გააკეთა:

„უცხოელი ინვესტორები ჩივიან, რომ მათ აიძულებენ გადაიხადონ გადასახადები ან ჯარიმები, რომლებიც გაუმართლებელია ან დაკავშირებულია წინა ხელისუფლების გაურკვეველ საგადასახადო დავებთან. თუ ეს მართალია, ის გავლენას მოახდენს ინვესტორების გადაწყვეტილებებზე და ხელს შეუშლის ხელისუფლების მცდელობებს, მიიღონ მეტი ინვესტიცია საქართველოში. უცხოელი ინვესტორები ჩივიან, რომ სასამართლოში საქმეს აგებენ ძალიან უცნაური გარემოებებითა და მტკიცებულების გამოყენებით. სულ უფრო ხშირად გვესმის, რომ მოსამართლეები გადაწყვეტილებებს იღებენ ქრთამის და არა მტკიცებულებებისა და სამართლებრივი ნორმების საფუძველზე“.

ამ განცხადების გამო გიუნტერ ბეხლერს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეც შეხვდა. უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ნინო გვენეტაძემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სასამართლო უყურადღებოდ არ დატოვებს არც ერთ კრიტიკულ შენიშვნას, რომელიც მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების პროცესს უკავშირდება.

ეკონომიკის ექსპერტი გოჩა თუთბერიძე მიიჩნევს, რომ ელჩის განცხადებების სულისკვეთება განაპირობა, სავარაუდოდ, კონკრეტულ საქმეებზე დროში გაწელილმა სასამართლო დავებმა, რის გამოც საგადასახადო ტვირთი კომპანიისთვის იზრდება.

„საურავები იმდენად არ აწუხებთ, საუბარია ჯარიმების ორმაგ და სამმაგ თანხაზე და, ჯამში, შეიძლება ისეთმა თანხამ მოიყაროს თავი, რომლის გადახდის შესაძლებლობაც კომპანიას არ ექნება. ასეთი პრობლემები დასავლეთშიც არის, მაგრამ თუ კომპანიის არსებობა დგება ეჭვქვეშ, მაშინ უფრო ლიბერალურად იქცევიან: ან ჯარიმებს ანახევრებენ, ან კომისია იხილავს საქმეს, ან სხვა“.

საერთაშორისოორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ყოველწლიურად კორუფციის აღქმის ინდექსს აქვეყნებს. ორგანიზაციის პროგრამის ხელმძღვანელი ერეკლე ურუშაძე, ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით, ამბობს, რომბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, კორუფციის აღქმის თვალსაზრისით, ვითარება სტაბილურია. 2013 წლამდე სასამართლო ყველაზე კორუმპირებულ ინსტიტუტად მიიჩნეოდა, თუმცა საუბარი არ იყო მექრთამეობაზე, იგულისხმებოდა სასამართლოს პოლიტიკურადან სხვა სახის ინტერესების გავლენის ქვეშ ყოფნა. თუ წინა წლებში საკუთრების უფლების არასაკმარისად დაცულობა იყო პრობლემა, ამჯერად ამგვარი სტატისტიკა ნაკლებია, თუმცა გარკვეულ ვითარებაში პოლიტიკურად მოტივირებული ზეწოლის ეჭვები მაინც ჩნდება:

„ისევ და ისევ არის შემთხვევები, როდესაც კონკრეტული კომპანიების მიმართ იწყება საგადასახადო შემოწმებები და ეს საგადასახადო შემოწმებები საეჭვოდ ემთხვევა სხვა ამბებს. მაგალითად, კომპანია „ჯეოსელში“ იყო საგადასახადო შემოწმება მაშინ, როდესაც „ჯეოსელმა“ მხარი დაუჭირა არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივას ფარული მოსმენების შეზღუდვასთან დაკავშირებით. იყო ასევე საგადასახადო შემოწმება „თივიემარ ჯორჯიას“ შემთხვევაში. ეს არის კომპანია, რომელიც სატელევიზიო რეიტინგებს ზომავს. ანუ ბოლო წლებში, ახალი ხელისუფლების პირობებშიც, იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც საფუძვლიანი ეჭვი არსებობდა პოლიტიკურად მოტივირებული ზეწოლისა ამა თუ იმ ბიზნესზე“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG