Accessibility links

logo-print

სამაჯურები შინაპატიმრებისთვის


4 სექტემბრის მთავრობის სხდომა

4 სექტემბრის მთავრობის სხდომა

საქართველოში არასრულწლოვანი პატიმრებისთვის შინაპატიმრობის პრაქტიკა ამოქმედდება. 200 მათგანისთვის სასჯელაღსრულების სამინისტრო სპეციალურ სამაჯურებს შეიძენს. ამ სამაჯურისა და საგანგებო სერვერის საშუალებით სამინისტრო შინაპატიმრობაში მყოფი პირის გაკონტროლებას შეძლებს.

4 სექტემბერს მთავრობის სხდომაზე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა კახა კახიშვილმა პრემიერ-მინისტრისგან სამაჯურების შესასყიდად ნებართვა ითხოვა:

„ჩვენ გთხოვთ, რომ მოგვცეთ უფლება შევიძინოთ 200 ერთეული შინაპატიმრობისთვის, თავისი სერვერით. 520 ათასი ამერიკული დოლარი ჯდება. ჩვენ პირველ ეტაპზე დავიწყებთ არასრულწლოვნებისთვის. ყველზე ძვირად ღირებული არის სერვერი. როგორც კი ამ სერვერს შევიძენთ, შემდეგ გადავალთ სხვა პატიმრებზე“.

კახა კახიშვილი

კახა კახიშვილი

შინაპატიმრობა უკვე 2015 წლიდან უნდა ამოქმედდეს. კახიშვილი ამბობს, რომ ეს მეთოდი პატიმრების რაოდენობას შეამცირებს.

სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სპეციალისტი თეონა გონაშვილი განმარტავს, თუ რა იგულისხმება შინაპატიმრობაში. მისი თქმით, არასრულწლოვანი, რომელსაც სამაჯურს გაუკეთებენ, ვალდებული იქნება დღის გარკვეულ პერიოდში სახლში იმყოფებოდეს. ის ვერ შეძლებს დამოუკიდებლად მოიხსნას სამაჯური. გონაშვილი ასევე ამბობს, რომ სერვერი აფიქსირებს, თუ სად გადაადგილდება სამაჯურის მფლობელი, თუმცა სამინისტროსთვის მხოლოდ ის არის საინტერესო, იქნება თუ არა მსჯავრდებული დათქმულ დროს სახლში:

„დღე-ღამის განსაზღვრულ დროს ის საცხოვრებელ ადგილას უნდა იმყოფებოდეს. თუმცა მთავარი პრინციპი აქ არის ის, რომ ხელი არ უნდა შეეშალოს სწავლაში და მუშაობაში, თუ სამსახური აქვს“.

მისივე თქმით, მიესაჯოს თუ არა პირს შინაპატიმრობა, ამას მოსამართლე წყვეტს. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული სამმართველოს მრჩეველი სოფო აბულაშვილი ამბობს, რომ სამაჯურების საყიდლად ამერიკულ კომპანიასთან ხელშეკრულება მზადდება. ამის შემდეგ შესაბამისი კადრებიც უნდა მოამზადონ.

„ფაქტობრივად, ოქტომბრიდან უკვე შეგვეძლება ამ ღონისძიებების განხორციელება. გადამზადებულები იქნებიან თანამშრომლები. როდესაც სასამართლო შეუფარდებს ამ სახის სასჯელს მსჯავრდებულს, პრობაციის სამინისტრო მზად იქნება ამ სასჯელის აღსასრულებლად“.

შინაპატიმრობა საქართველოსთვის ახალი არ იქნება, 2006 წლამდეც იყო, მაგრამ ამ ელექტრონული სამაჯურების მეშვეობით ტექნიკურად უკეთ იქნება უზრუნველყოფილი...

არასამთავრობო ორგანიზაცია „42-ე მუხლის“ წარმომადგენელი არჩილ ჩოფიკაშვილი სიახლეს დადებითად აფასებს, თუმცა ამბობს, რომ კანონპროექტის შემუშავებისთვის თვალყურის მიდევნების საშუალება ნაკლებად იყო:

„მუშაობა მიმდინარეობს ამ ცვლილებებისთვის, მაგრამ ცვლილებები ჯერჯერობით არ არის. კანონპროექტის სამუშაო ვარიანტი არ გავრცელებულა, თუმცა შინაპატიმრობა საქართველოსთვის ახალი არ იქნება, 2006 წლამდეც იყო, მაგრამ ამ ელექტრონული სამაჯურების მეშვეობით ტექნიკურად უკეთ იქნება უზრუნველყოფილი“.

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ შინაპატიმრობის სისტემა ამოქმედდეს საზოგადოების ფართო ჩართულობით. არჩილ ჩოფიკაშვილი ამბობს, რომ ამ სიახლის დანერგვაში დარგის სპეციალისტები და სამოქალაქო სექტორიც თუ ჩაერთვება, ყველაფერი გაცილებით უმტკივნეულოდ ჩაივლის.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG