Accessibility links

logo-print

საქართველოში მცხოვრები ყოველი მეხუთე ადამიანი ხანდაზმული, ანუ 60 წელზე მეტი ასაკისაა. ხანში შესულთა წილის ზრდაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ემიგრაციის ზრდა და შობადობის მკვეთრი დაცემა. მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, საქართველოში სიბერე უმუშევრობასთან, ავადმყოფობასა და მარტოობასთან ასოცირდება. ვითარების შეცვლის მიზნით, საქართველოს მთავრობა, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, დაბერებასთან დაკავშირებული პოლიტიკის გზამკვლევის შემუშავებაზე მუშაობს. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში ჩაატარა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისმა თხზულებათა კონკურსი, სახელწოდებით „დაბერება საქართველოში“, რომელშიც საპენსიო ასაკის მოქალაქეებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორია ხანდაზმული ადამიანების თვალით დანახული სიბერე?

ყოფილი პედაგოგი, 76 წლის აკაკი მაკარაძე, რომელიც მთიანი აჭარის სოფელ ოლადაურიდანაა, შთამბეჭდავი ასაკის მიუხედავად, ფიზიკურადაც ბევრს შრომობს და ღამით წიგნების კითხვის ჩვეულებასაც არ ღალატობს. როგორც თავად ბატონი აკაკი ამბობს, პედაგოგიურმა გამოცდილებამ და წიგნების სიყვარულმა დიდი დახმარება გაუწია გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, რომლის მონაწილეებმა თავიანთი ნაშრომებით უპასუხეს შემდეგ შეკითხვებს: რას ნიშნავს დაბერება საქართველოში, როგორია ცხოვრებისგან მიღებული გაკვეთილები და რჩევები, რომლებსაც ახალ თაობას გაუზიარებდნენ.

„ზოგიერთი ჩემი ტოლი ჯოხით დადის, იმიტომ რომ პაპიროსს ეწევიან, ღვინოს სვამენ, მე კი ფიზიკურად ვმუშაობ, ვმოძრაობ და ხომ გაგიგიათ, მოძრაობა და მოძრაობა არის სიცოცხლისა და ძალის მომცემი“, უთხრა აკაკი მაკარაძემ რადიო თავისუფლებას.

აკაკი მაკარაძე

აკაკი მაკარაძე

სულ საკონკურსოდ 43 თხზულება შეიქმნა, თუმცა მათგან შეირჩა მხოლოდ 10, რომლებიც, კონკურსის ორგანიზატორის, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის ლელა ბაქრაძის თქმით, სრულად დაიბეჭდება სპეციალურ გამოცემაში:

„საქართველოში ბოლო დროს იზრდება 60-65 წლის ასაკობრივი ჯგუფი და ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს ქმედითი და ეფექტური პოლიტიკა, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ დაბერების საკითხის ინტეგრირება არსებულ პოლიტიკაში, რომ ხანდაზმული ადამიანები იყვნენ არა მარგინალური ჯგუფი, არამედ ინტეგრირებულნი ყველა პოლიტიკის მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკის, შრომის, ჯანდაცვის მიმართულებით და, ამავე დროს, გავითვალისწინოთ მათი აზრიც და მათი ხედვაც“.

სიბერეში კიდევ შეიძლება ადამიანმა რამე გააკეთოს. სიბერე არ არის ავადმყოფობა. სიბერე არის ფიზიოლოგიური მდგომარეობა. თუ სწორად გავივლით ცხოვრების ეტაპებს, მაშინ სიბერეც გარანტირებული იქნება...

კონკურსის მონაწილეთა შორის იყო 80 წლის ზაირა ორჯონიკიძე, მედიცინის დოქტორი, რომლის თქმითაც, სიბერე ორგანიზმის ასაკობრივი განვითარების გარდაუვალი ეტაპია, განპირობებული იმ ცვლილებებით, რომლებიც წლების მანძილზე მიმდინარეობს ორგანიზმში მოლეკულურ, უჯრედულ თუ ორგანულ დონეზე, თუმცა, ზაირა ორჯონიკიძის თქმით, სიბერე არ არის დასასრული:

„სიბერეში კიდევ შეიძლება ადამიანმა რამე გააკეთოს. სიბერე არ არის ავადმყოფობა. სიბერე არის ფიზიოლოგიური მდგომარეობა. თუ სწორად გავივლით ცხოვრების ეტაპებს, მაშინ სიბერეც გარანტირებული იქნება და თუ სწორად ვიცხოვრებთ, მაშინ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 70 წელი კი არა, 125 წელი იქნება. ძალიან მწყდება გული, რომ ყვავი და თევზი ცოცხლობენ 300 წელი და ადამიანი, ეს ცხოვრების გვირგვინი, მხოლოდ 70 წლამდე“.

მაგრამ სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის მხოლოდ ცალკე აღებული ინდივიდის ძალისხმევა საკმარისი არ არის. როგორც გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მოსახლეობის განყოფილების ხელმძღვანელი ვიტალია გაუკაიტე ვიტიჩი ამბობს, მნიშვნელოვანია ხელისუფლებისა და მთელი საზოგადოების ძალისხმევა, რათა ხანდაზმულმა მოქალაქეებმა არ იგძნონ თავი გარიყულად, მით უფრო, რომ დემოგრაფების პროგნოზით, სულ მალე საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედაც რომ ხანდაზმული იქნება.

ვიტალია გაუკაიტე ვიტიჩი

ვიტალია გაუკაიტე ვიტიჩი

„უნდა დავრწმუნდეთ, რომ აქტიურ მონაწილეობას იღებენ საზოგადოების ცხოვრებაში ან იმ საქმეში, რომელშიც ხელფასს უხდიან ანდა მოხალისედ მუშაობენ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ შეუძლიათ დამოუკიდებელი ცხოვრება, მაინც სჭირდებათ შესაბამისი გარემო, რომელიც უზრუნველყოფს მათ ეკონომიკურ სტაბილურობას, ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას. ჩვენი პროექტის კიდევ ერთი მიზანია იმის გარკვევა, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ მთავრობასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ერთობლივად იმისათვის, რომ სათანადო გარემო შეიქმნას ხანდაზმულებისთვის, როგორ უნდა მოხდეს შრომის ბაზრის ადაპტაცია. დამქირავებლებმა გაიაზრონ, რომ სხვადასხვა ასაკის ერთიანი გუნდი ბევრად უფრო ეფექტიანად მუშაობს და რომ არ უნდა იყვნენ უარყოფილი 40 წლის და მეტი ასაკის ადამიანები. კიდევ ერთი სფეროა სოციალური დაცვა - საპენსიო სქემები, დანამატები, სოციალური მომსახურება. გარდა ამისა, ხანდაზმულებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი საცხოვრებელი და ტრანსპორტი. რომ ხელმისაწვდომი იყოს ჯანდაცვის მომსახურება და მედიკამენტები.

მოგეხსენებათ ასაკი, ოჯახური ტრაგედიები, ზოგმა ბინა დაკარგა, ზოგს მეუღლის ავადმყოფობამ და გარდაცვალებამ ბინა გააყიდვინა და უმძიმესმა სოციალურმა მდგომარეობამ მოიყვანა აქ...

ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ეგრეთ წოდებულ გრძელვადიან ზრუნვას. ასაკში შესული ადამიანი სომატურად შეიძლება ჯანმრთელი იყოს, მაგრამ ხანდაზმულობას თავისი მიაქვს და რაც უფრო ბერდება, მით მეტი ზრუნვა სჭირდება მას“, უთხრა რადიო თავისუფლებას გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მოსახლეობის განყოფილების ხელმძღვანელმა ვიტალია გაუკაიტე ვიტიჩმა, რომლის თქმითაც, ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რამდენად ხელმისაწვდომი და კეთილმოწყობილია პანსიონატები მოხუცებისთვის. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის მკვიდრია 74 წლის მურმან ხაჭაპურიძე, ყოფილი ჟურნალისტი და სოციალური დახმარების სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც თავისი მეგობრების ყოფასა და შემოქმედებაზე გვიამბო, თუმცა, ოპტიმისტური განწობის შესაქმნელად, გალაკტიონის ლექსი წაგვიკითხა.

„ჩვენთან ბევრი წერს კარგ ლექსებს, მაგრამ წერენ სევდიან ლექსებს. მოგეხსენებათ ასაკი, ოჯახური ტრაგედიები, ზოგმა ბინა დაკარგა, ზოგს მეუღლის ავადმყოფობამ და გარდაცვალებამ ბინა გააყიდვინა და უმძიმესმა სოციალურმა მდგომარეობამ მოიყვანა აქ. ერთ ლექსს ჰქვია „სევდიანი სიბერე“, მაგრამ მე მინდა ცოტა ოპტიმისტური განწყობა შევქმნა და გალაკტიონის ლექსს „დარჩება ხსოვნად შთამომავლობას“ წაგიკითხავთ“.

თხზულებათა კონკურსი, სახელწოდებით „დაბერება საქართველოში“

თხზულებათა კონკურსი, სახელწოდებით „დაბერება საქართველოში“

რაც შეეხება ხანდაზმულთა სამედიცინო მომსახურებას, ასაკობრივი ხაზით სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამა 2012 წლის სექტემბრიდან მოქმედებს და ამჟამად მიმდინარეობს მისი ინტეგრირება საყოველთაო ჯანდაცვაში, თუმცა როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი მაია დარახველიძე ამბობს, სხვადასხვა დაავადების მიხედვით, ხანდაზმულებისთვის მუშაობს მიზნობრივი პროგრამებიც:

„როგორიც არის, მაგალითად, დიაბეტი, პალიატიური მზრუნველობა, რაც ხშირად სჭირდებათ ამ ასაკის ადამიანებს. ასევე ინფექციური დაავადებები... სულ, ჯამში, ასეთი დაავადებებისა და მიზნობრივი პროგრამების რიცხვი 20-მდეა, გარდა საყოველთაო ჯანდაცვისა“.

საქართველოს მთავრობა იმედოვნებს, რომ ვითარება მკვეთრად გაუმჯობესდება დაბერებასთან დაკავშირებული პოლიტიკის გზამკვლევის შემუშავების შემდეგ. გზამკვლევმა ხელი უნდა შეუწყოს „დაბერების შესახებ მადრიდის საერთაშორისო სამოქმედო გეგმის“ განხორციელებას და უზრუნველყოს გლობალური მიდგომები დაბერებასთან დაკავშირებული პოლიტიკის შემუშავებაში - ეკონომიკური ჩარჩოს, შრომითი ბაზრის, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სისტემების, სოციალური ჩართულობისა და გენდერის საკითხების გათვალისწინებით. აღნიშნულ პროცესში კი გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება თავად ხანდაზმულთა ხედვასა და პოზიციას. 76 წლის აკაკი მაკარაძე, მთიანი აჭარის სოფელ ოლადაურიდან, დარწმუნებულია, რომ თაობათა შორის სოლიდარობა ხანდაზმულთა ყველა პრობლემას გადაჭრის.

„ახალგაზრდობა ჩვენ, ხანდაზმულმა ხალხმა რომ არ დავაფასოთ, ეს იქნება კომედია, სასაცილო, ხოლო თუ ახალგაზრდობა არ დაგვაფასებს ჩვენ, ეს იქნება საშინელება, ტრაგედია. მხოლოდ ერთმანეთის პატივისცემითა და თანადგომით მიიღწევა ჰარმონია! ცხადია, სიბერის არ უნდა შეგეშინდეს. სიბერე ეს არის ღმერთის საჩუქარი და ჯილდო“, უთხრა აკაკი მაკარაძემ რადიო თავისუფლებას.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG