Accessibility links

logo-print

როგორ გადაწყვეტს გადავადების კომისია დაავადებულ პატიმართა ბედს?


გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულება

გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულება

”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” ორგანიზაციების ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” და ”ახალგაზრდები სამართლიანობისათვის”, ასევე დამოუკიდებელი ადვოკატების მიერ წარმოებული 23 საქმის მიხედვით მოამზადა გამოკვლევა, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მსჯავრდებულთა გათავისუფლებისა და სასჯელის გადავადების მექანიზმების ნაკლოვანებებს ეხება. ეს გამოკვლევა მოიცავს როგორც საკანონმდებლო ხარვეზებს, ისე იმ არაეფექტურ პრაქტიკას, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში არსებობდა და ჯანდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროებში არსებულ ე.წ. გადავადების კომისიის მუშაობას უკავშირდება. სწორედ ამ კომისიის პასუხის მოლოდინში, ციხეებში ბოლო წლების განმავლობაში არაერთი დაავადებული პატიმარი გარდაიცვალა.

მსჯავრდებული გ.ნ. სასჯელს იხდის N19 მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. დიაგნოზი - ფილტვების დისიმინირებული ტუბერკულოზი - მიეკუთვნება მძიმე ავადმყოფობათა კატეგორიას. მისთვის სასჯელის გადავადების არაერთი თხოვნის წერილი დაიწერა - მათ შორის, ჯანდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროებთან შექმნილი ერთობლივი კომისიის სახელზეც. კომისიის პასუხი დღემდე უცნობია, საქალაქო სასამართლომ კი მსჯავრდებულის მოთხოვნა სასჯელის გადავადების შესახებ არ დააკმაყოფილა.

”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მიერ მომზადებულ გამოკვლევაში წარმოდგენილი 23 საქმიდან, ერთი გამონაკლისის გარდა, კომისიას არც ერთი საქმე არ განუხილავს. თითქმის ყველა უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ კომისია ყველა მსგავს თხოვნას ან უარით პასუხობდა, ან საერთოდ უპასუხოდ ტოვებდა.
პატიმრების ჯანმრთელობის შესახებ გამოკვლევის პრეზენტაცია

პატიმრების ჯანმრთელობის შესახებ გამოკვლევის პრეზენტაცია


”მძიმე პატიმრები ხშირად მიმართავდნენ ამ კომისიას, თუმცა ის ვერ ახდენდა დროზე რეაგირებას. არაერთი შემთხვევა არსებობს, როცა, კომისიის გადაწყვეტილების მოლოდინში, პატიმარი ციხეში გარდაიცვალა, მათი პასუხგაუცემელი განცხადებები კი კომისიაში რჩება”, - ამბობს გამოკვლევის ერთ-ერთი ავტორი, საიას იურისტი ეკა ფოფხაძე.

მისი კოლეგა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან“ ნინო გობრონიძე კი ფიქრობს, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა ყოფილიყო კომისიის წევრთა მოუცლელობაც: როგორც ცნობილია, კომისიაში შედიოდნენ ჯანდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროების მაღალჩინოსნები, რომელთათვისაც ამ კომისიაში ყოფნა არ იყო ძირითადი საქმიანობა. საიას პირველი რეკომენდაცია ამ კომისიის დაკომპლექტებას ეხება.

კომისიის უმოქმედობას, შენიშნავს გამოკვლევის ერთ-ერთი ავტორი, ნინო გობრონიძე, ემატება მოუწესრიგებელი საკანონმდებლო ბაზა:

”მაგალითად, არ არის განსაზღვრული განაცხადის დასაშვებად ცნობის ვადა ან ვადა, თუ როდის, რამდენ ხანში უნდა მოხდეს განცხადების განხილვა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება; არც ის, თუ რა დრო აქვს კომისიასთან მომუშავე ექიმთა ჯგუფს, ვინც დასკვნა უნდა მოამზადოს..."

პრობლემაა ისიც, რომ შეუძლებელია კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება. ამ შესაძლებლობის შესახებ არაფერია მითითებული შესაბამის ნორმატიულ აქტებში.
ექსპერტიზა, როგორც ვიცით, საკმაოდ ძვირი ღირს, რისი საშუალებაც პატიმარს არ გააჩნია. შესაძლოა ეს იყოს ათასი ლარი ან მეტიც... ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მიდგომაც უნდა შეიცვალოს და საკმარისი გახდეს სამედიცინო დასკვნა და არ მოითხოვონ ექსპერტიზა...


ორგანიზაცია ”კონსტიტუციის 42-ე მუხლს”, რომელიც, ძირითადად, სისხლის სამართლის საქმეებზე მუშაობს, დაავადებული პატიმრის სასჯელის გადავადების ან ვადაზე ადრე გათავისუფლების მოთხოვნით არაერთგზის მიუმართავს შესაბამისი კომისიისათვის, თუმცა, როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილიც იხსენებს, ადეკვატური რეაგირება, ფაქტობრივად, ამ მოთხოვნებს არასოდეს მოჰყოლია. ბრძოლის ალტერნატიულ გზად რჩებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და მხოლოდ ამ ინსტანციიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გამოგზავნილი შეკითხვის ან პირდაპირი მოთხოვნის შემდეგ გადაჰყავდათ ესა თუ ის დაავადებული პატიმარი ციხის საავადმყოფოში, ენიშნებოდა მკურნალობა და ა.შ.

”არაერთი შემთხვევა მახსენდება, როდესაც ადამიანს მკურნალობდნენ იმ პრეპარატებით, რომელიც მისი დაავადების სამკურნალოდ საერთოდ არ იყო საჭირო. შეცდომას შეგნებულად უშვებდნენ. ხან ამბობდნენ, რომ პატიმრისთვის საჭირო პრეპარატები არ ჰქონდათ, ან კიდევ უფრო რთული დაავადების სამკურნალო პრეპარატებს იყენებდნენ ამ ადამიანების მიმართ”.

დასკვნის გაკეთების საშუალებას კი საზოგადოებისათვის ცნობილი ოფიციალური სტატისტიკაც იძლევა: 140 გარდაცვლილი პატიმარი ყოველწლიურად. ცალკე პრობლემაა ექსპერტიზა.

სასჯელაღსრულება, იმის დასტურად, რომ პატიმარს სასჯელი ნამდვილად უნდა გადაუვადდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ექსპერტიზას მოითხოვს, ამისათვის სამედიცინო დასკვნა არ კმარა. ექსპერტიზის ჩატარების ფუფუნება კი პატიმარს, როგორც წესი, არ გააჩნია, სახელმწიფო მას ამ მომსახურებას არ სთავაზობს:

”ექსპერტიზა კი, როგორც ვიცით, საკმაოდ ძვირი ღირს, რისი საშუალებაც პატიმარს არ გააჩნია. შესაძლოა ეს იყოს ათასი ლარი ან მეტიც... ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მიდგომაც უნდა შეიცვალოს და საკმარისი გახდეს სამედიცინო დასკვნა და არ მოითხოვონ ექსპერტიზა”.

საიას იურისტი და ასევე გამოკვლევის ერთ-ერთი ავტორი, კახა კოჟორიძე, მიიჩნევს, რომ ამ საკითხში მთავარი, რაც უნდა შეიცვალოს, მიდგომაა. ცუდი კანონმდებლობის არსებობის შემთხვევაშიც კი, გულისხმიერი და შედეგზე ორიენტირებული მიდგომის შემთხვევაში, მისი აზრით, ამ კომისიის წევრებს შეეძლოთ დადებითი გადაწყვეტილებების მიღება. იმის დასტურად, თუ როგორი იყო როგორც კომისიის, ისე სასამართლოს დამოკიდებულება დაავადებული პატიმრების მიმართ, კოჟორიძე ერთ კონკრეტულ ამბავს იხსენებს:
კახა კოჟორიძე

კახა კოჟორიძე


”მახსენდება ერთ-ერთი მსჯავრდებული, დადიანი, რომელსაც უამრავი დაავადება ჰქონდა და მკურნალობასაც აღარ ექვემდებარებოდა. მის განცხადებას კომისიამ არ უპასუხა. პირველმა ინსტანციამ არ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა, გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოშიც გასაჩივრდა, რომლის გადაწყვეტილებაშიც წერია, რომ მსჯავრდებული არ არის ისე მძიმედ დაავადებული, რომ ამ დაავადებამ ხელი შეუშალოს მას სასჯელის მოხდაში! ეს გადაწყვეტილება სააპელაციომ 2012 წლის 15 მარტს მიიღო, 7 მარტს კი, სწორედ ამ დაავადების გამო, ეს პატიმარი უკვე გარდაცვლილი იყო!”

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ ”ემპათიას” დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი გამოსავალს ციხის ექიმების დამოუკიდებლობაში ხედავს. მისი აზრით, ციხეებში ჯანდაცვის პირობები ვერ შეიცვლება, თუ ის სასჯელაღსრულების სისტემის დაქვემდებარებაში დარჩება. მისი აზრით, თუ ყველა პრობლემა კომპლექსურად არ გადაიჭრა, შეიცვლება მხოლოდ კომისიის შემადგენლობა და არა მისი მიდგომა.

ამ მხრივ, ემთხვევა მარიამ ჯიშკარიანისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლის, ნათია იმნაძის პოზიციები. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად და, რაც მთავარია, შედეგის მისაღებად, პენიტენციური ჯანდაცვის მართვა, პირველ ეტაპზე მაინც, იმნაძის აზრით, სწორედ ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა იტვირთოს:

”იმედი მაქვს, მალე დაიწყება ამ საკითხის განხილვა, თუ როგორ უნდა გადაეცეს ეს სისტემა ჯანდაცვის სამინისტროს. მე ვფიქრობ, თუ არ მოხდა პენიტენციური ჯანდაცვის ჰარმონიზაცია სამოქალაქო ჯანდაცვასთან, ვითარების გაუმჯობესებაზე ლაპარაკი ზედმეტი იქნება. ყველასთვის ცნობილია, რომ ყოველთვის ხდებოდა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება და არსებობდა ინტერესთა კონფლიქტი ამ კომისიასა და სასჯელაღსრულების სამინისტროს შორის”.
პირველი რიგის ამოცანა იქნება, ამ კრიტერიუმებმა დაიწიოს, ოღონდ ეს სამედიცინო წრის წარმომადგენლებთან ერთად უნდა მოხდეს. ჩვენი სამინისტრო მექანიკურად ამ კროტერიუმებს ვერ შევცვლით, მაგრამ გვაქვს პოზიცია, რომ ეს კრიტერიუმები უნდა შეიცვალოს...


სამედიცინო სფეროს ექსპერტების კრიტიკას ვერ უძლებს ვერც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში შესული იმ დაავადებების ჩამონათვალი, რომლებიც პატიმრის ვადაზე ადრე გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საფუძველი ხდება - ამას ვკითხულობთ საიას გამოკვლევაშიც და ამასვე გვიდასტურებს სასჯელაღსრულების ახალი ხელმძღვანელობაც, კერძოდ კი, მინისტრის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე:

”ეს კრიტერიუმები იყო უმძიმესი, რადგან ბევრი მსჯავრდებული ლეტალურ შედეგამდე მიდიოდა ისე, რომ ამ კრიტერიუმებს ვერც კი უახლოვდებოდა. ამიტომ ჩვენი პირველი რიგის ამოცანა იქნება, ამ კრიტერიუმებმა დაიწიოს, ოღონდ ეს სამედიცინო წრის წარმომადგენლებთან ერთად უნდა მოხდეს. ჩვენი სამინისტრო მექანიკურად ამ კროტერიუმებს ვერ შევცვლით, მაგრამ გვაქვს პოზიცია, რომ ეს კრიტერიუმები უნდა შეიცვალოს. რაზეა ლაპარაკი, როდესაც მომაკვდავი ადამიანი ვერ ტოვებდა სისტემას!..”

არჩილ თალაკვაძე გვეუბნება, რომ კომისიის დაკომპლექტების, მისი შეკრების და საჩივრების განხილვის ვადებისა და მსგავს საკითხებზე კონსულტაციები ყოველდღიურად მიმდინარეობს და მალე ამ კომისიის შემადგენლობაც გახდება ცნობილი. მისივე პირობის თანახმად, თუ საჭირო გახდა, ეს კომისია შესაძლოა ერთეული შემთხვევების გამოც კი შეიკრიბოს ხოლმე.

პრობლემების არსებობას არ უარყოფს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, ზემოთ აღნიშნული კომისიის მდივანი ეკა ადამია, თუმცა რატომ ვერ იკრიბებოდა კომისია, რატომ იგვიანებდა პასუხები და ა.შ., ამაზე ის პასუხს ვერ იძლევა.

ეკა ადამიას თქმით, სამინისტროში მოამზადეს დებულების ხელახალი ვარიანტი, რომელიც ახალ ხელმძღვანელობასაც წარუდგინეს და სასჯელაღსრულების სამინისტროსაც გაუგზავნეს. თუმცა შეცვლის თუ არა ერთი დებულება დაავადებული პატიმრებისადმი ამ კომისიის დამოკიდებულებას, ჯერჯერობით ძნელი სათქმელია. როგორც გაირკვა, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი - მათ შორის, „ციხის საერთაშორისო რეფორმა“, „წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი“ და სხვა ორგანიზაციებიც, ზოგი ერთად, ზოგიც დამოუკიდებლად - ასევე მუშაობს კონკრეტულ წინადადებებზე, თუ როგორ შეიძლება მოგვარდეს ჯანდაცვის პრობლემები ციხეებში, შემცირდეს პატიმართა სიკვდილიანობა და დაავადებულ პატიმართა უფლებები იყოს დაცული.
XS
SM
MD
LG