Accessibility links

სექტემბრიდან უფილტრო სიგარეტის ფასი საქართველოში დაახლოებით 5 თეთრით, ფილტრიანის კი 20 თეთრით გაიზრდება. სიგარეტის გაძვირება თამბაქოს ნაწარმზე აქციზის არსებული განაკვეთის ზრდას უკავშირდება. ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ცვლილება ძალაში პირველი სექტემბრიდან შევიდა, ის თამბაქოს კონტროლის გაძლიერების გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია და ფისკალურ მოგებაზე გათვლილი არ არის. თამბაქოს მომხმარებლები, მისი იმპორტიორები და ექსპერტთა ერთი ნაწილი ამ გადაწყვეტილებას სკეპტიკურად უყურებენ და მიიჩნევენ, რომ სიგარეტის გაძვირება მის მოხმარებას არ შეამცირებს.

გაძვირებული სიგარეტი ჯერჯერობით თამბაქოთი მოვაჭრე ყველა მაღაზიასა თუ ჯიხურში არ შეუტანიათ, თუმცა მაღაზიების მფლობელებისა თუ მენეჯერებისთვის უკვე ცნობილია, რომ ფილტრიანი სიგარეტის ფასი, სულ ცოტა, 20 თეთრით გაიზრდება, უფილტრო კი 5 თეთრით მეტი ეღირება. სიგარეტის გაძვირებას უკვე მოჰყვა საზოგადოების ერთი ნაწილის პროტესტი სოციალურ ქსელებში, სხვადასხვაგვარი გამოხმაურებები სპეციალისტებს შორის - ზოგს მთავრობის განცხადების არ სჯერა, რომ ეს ნაბიჯი თამბაქოს მოხმარების შემცირების და არა ბიუჯეტის შევსების მიზნით გადაიდგა, ზოგიც კონტრაბანდის საფრთხეზე ლაპარაკობს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ პარლამენტის მიერ მხარდაჭერილ მთავრობის ამ ინიციატივას - აქციზის გაზრდას - ქვეყანაში კონტრაბანდის ზრდა არ მოჰყვება. ამის ერთ-ერთი გარანტი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაა, რომელიც საქართველოს ყოფილი საბჭოთა კავშირის იმ ქვეყნებთან აქვს დადებული, საიდანაც სიგარეტი შემოდის. რაც შეეხება აქციზური გადასახადის გაზრდის მოტივაციას, ტყემალაძე განმარტავს, რომ ამ გადაწყვეტილებას ქვეყანა რამდენიმე ფაქტორის გამო იღებს:

პირიქით, ის ადამიანები, რომლებიც მოიხმარენ თამბაქოს პროდუქციას, იძულებულები იქნებიან იყიდონ უფრო იაფი და, შესაბამისად, დაბალი ხარისხის სიგარეტი, რაც უფრო საზიანო იქნება საზოგადოებრივი ჯანდაცვისათვის...
„თუ სახელმწიფოს სურს ამა თუ იმ პროდუქციის მოხმარების შეზღუდვა, მისი მავნებლობიდან გამომდინარე, მაშინ აწესებენ აქციზზე მაღალ განაკვეთს ან, თუ მაღალრენტაბელური პროდუქციაა. ამ შემთხვევაში, როგორც მავნე პროდუქციის მოხმარების შემცირება ნამდვილად არ იქნება ცუდი საქართველოს ტერიტორიაზე. რაც შეეხება რისკებს, მთავრობა, შემოსავლებისა და ფინანსთა სამინისტროები მყარ გარანტიას იძლევიან, რომ საზღვარი ისეა დაცული, რომ კონტრაბანდის შემოტანა შეუძლებელი იქნება“.

აქციზის გადასახადის მატებას აკრიტიკებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე, რომელმაც 2 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება არ შეამცირებს მწეველების რიცხვს:

„პირიქით, ის ადამიანები, რომლებიც მოიხმარენ თამბაქოს პროდუქციას, იძულებულები იქნებიან იყიდონ უფრო იაფი და, შესაბამისად, დაბალი ხარისხის სიგარეტი, რაც უფრო საზიანო იქნება საზოგადოებრივი ჯანდაცვისათვის. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ გადასახადის ზრდის რეალური მიზეზი არის არა საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე ზრუნვა, არამედ საბიუჯეტო შემოსავლების თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული პრობლემები“.

თამბაქოს ნაწარმზე აქციზის განაკვეთის ზრდასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 1 სექტემბრიდან თამბაქოს ნაწარმზე აქციზის არსებული განაკვეთის ზრდა „თანხვედრაშია თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის სამთავრობო კომისიის მიერ ინიცირებულ კომპლექსურ მიდგომასთან, რომელიც მიმართულია ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის გაძლიერების გრძელვადიანი სტრატეგიის შექმნისკენ და რომლის მიზანია, თამბაქოსგან გამოწვეული ჯანმრთელობისა და სოციალური ზიანის შემცირება, ასევე ქვეყნის მიახლოება თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციით გათვალისწინებულ რეგულაციებთან“.

თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის მატებაც ამ სტრატეგიის ნაწილია.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ადგილობრივი და იმპორტირებული ფილტრიანი სიგარეტებისათვის აქციზის არსებული განაკვეთი იზრდება მხოლოდ 0.60-დან 0.75 ლარამდე, ხოლო უფილტრო სიგარეტისთვის - 0.15-დან 0.20 ლარამდე. შესაბამისად, აღნიშნული რეგულაციები არ არის გათვლილი ფისკალური ეფექტის მიღებაზე.

შემოვა ზუსტად იგივენაირი, სომხეთში განბაჟებული სიგარეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დავკარგავთ შემოსავალს - ის კომპანიები, რომლებიც ლეგალურად ვვაჭრობთ საქართველოში სიგარეტით - და თანხებს დაკარგავს ბიუჯეტიც...
ფინანსთა სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ გაანალიზებულია კონტრაბანდის შესაძლო მატებასთან დაკავშირებული რისკები. რაც შეეხება სიგარეტის ფასის შესაძლო მატებას, „თამბაქოს აქციზის განაკვეთის ზრდა უპირობოდ არ იწვევს საცალო გაყიდვებზე ფასის მატებას და მისი მოცულობა დამოკიდებულია ბაზარზე არსებულ ვითარებაზე", - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„JTI Caucasus”-ის კორპორაციული საკითხებისა და კომუნიკაციების დირექტორი ნიკოლოზ მჭედლიშვილი აცხადებს, რომ სიგარეტის ინდუსტრია ამ ცვლილებას მომზადებული შეხვდა, რადგან აქციზის ზრდას ფინანსთა სამინისტროში მათთან არაერთი კონსულტაცია უძღოდა წინ. მისი შეფასებით, აქციზის ფასის 15 თეთრიანი ზრდა ნორმალურია, თუმცა ეს - ამ ეტაპზე, მომავალში კი, შესაძლო ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, მთავრობამ რეგიონში ამ პროდუქციაზე არსებული ფასები და შესაძლო რისკებიც უნდა გაითვალისწინოს:

„თუ აქციზის ფასის აწევა ისე მოხდა, რომ საქართველოში სიგარეტის ფასსა და რეგიონში სხვა ქვეყნების - განსაკუთრებით, საქართველო-სომხეთის (რადგან იქ ყველაზე დაბალი ფასებია სიგარეტზე) - ფასებს შორის სხვაობა კიდევ გაიზარდა, ცხადია, მაშინ გაჩნდება კონტრაბანდის შემოსვლის რისკი. შემოვა ზუსტად იგივენაირი, სომხეთში განბაჟებული სიგარეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დავკარგავთ შემოსავალს - ის კომპანიები, რომლებიც ლეგალურად ვვაჭრობთ საქართველოში სიგარეტით - და თანხებს დაკარგავს ბიუჯეტიც, რადგან აქ აღარ გაიყიდება სიგარეტი და გაიყიდება სომხეთში“.

რისკები იზრდება აქციზის ფასის მკვეთრ ზრდასთან ერთადაც. ნიკოლოზ მჭედლიშვილი იხსენებს ზურაბ ნოღაიდელის მთავრობისდროინდელ გადაწყვეტილებას 2005 წელს, როდესაც ფასმა 40-90 თეთრამდე აიწია, რამაც გამოიწვია ის, რომ ბაზრის 70-80 პროცენტი არალეგალური პროდუქციით გაივსო. მკვეთრ ზრდას შესაძლოა კიდევ ერთი უარყოფითი ტენდენცია მოჰყვეს:

„თუ მკვეთრად გაიზრდება ფასი, ხალხი ძვირად ღირებული სიგარეტიდან იაფ სიგარეტზე გადასვლას დაიწყებს. მთავრობის მხრიდან გაუთვლელი ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში მე ამ საფრთხეს უფრო ვხედავ“.

ძალიან ცუდია... მე ორ კოლოფს ვეწევი დღეში. მე კიდევ არა მიშავს, მაგრამ პატარებზე უფრო ვდარდობ - ვინც ეწევა, ფული რომ არ ექნება, შეიძლება გამოართვას სიგარეტი გამყიდველს და გაიქცეს...
სიგარეტის ინდუსტრიას ყოველწლიურად საქართველოს ცხრამილიარდიან ბიუჯეტში 500-600 მილიონი ლარი შეაქვს. აქედან გამომდინარე, ამბობს ნიკოლოზ მჭედლიშვილი, აქციზის გაზრდის დროს მთავრობა ყოველთვის ფიქრობს ფისკალურ ეფექტზეც. თუმცა, მისი პროგნოზით, მთავრობის ამჟამინდელი გადაწყვეტილება ბაზრის შემცირებაზე მეტად შედარებით უხარისხო სიგარეტზე მოთხოვნილების გაზრდას უფრო ვარაუდობს.

აქციზის გაძვირება, პირველ რიგში, სიგარეტის მწარმოებლების შემოსავლებზე იმოქმედებს, ამბობს „ახალი ეკონომიკური სკოლის“ ხელმძღვანელი პაატა შეშელიძე. ხოლო მთავრობის არგუმენტაცია, რომ ამ გადაწყვეტილებით ერი გაჯანსაღდება, მისი შეფასებით, სიყალბეა, რის უკანაც დამატებითი შემოსავლების მიღების მიზნები დგას. შეშელიძის თქმით, „თუკი მომხმარებელი არ იქნება მზად გადაიხადოს მეტი, მაშინ მწარმოებლებს მოუწევთ თავიანთი გეგმები შეცვალონ და თავიანთი შემოსავლებიდან გადაიხადონ გადასახადი:

„ისინი იძულებულები იქნებიან შეამცირონ გეგმა ან ასორტიმენტი, ან, რაც ყველაზე საგანგაშო არის, შესაძლოა, ხარისხი გაუარესდეს. შესაძლოა გამოიყენონ არალეგალური გზები თავიანთი პროდუქციის გასასაღებლად“.

ხალხის აზრი ორად იყოფა - მწეველებისათვის მთავრობის გადაწყვეტილება უშედეგოა, რადგან, მათი თქმით, სიგარეტის მოწევაზე უარის თქმის შანსი ძალიან ნაკლებია, არამწეველები კი, პირიქით, მიიჩნევენ, რომ რაც მეტი აკრძალვა დაწესდება, მით მოიკლებს სიგარეტის მოხმარება:

„ძალიან ცუდია... მე ორ კოლოფს ვეწევი დღეში. მე კიდევ არა მიშავს, მაგრამ პატარებზე უფრო ვდარდობ - ვინც ეწევა, ფული რომ არ ექნება, შეიძლება გამოართვას სიგარეტი გამყიდველს და გაიქცეს. მე მგონი, საქართველოში ჯერ არ უნდა გაძვირდეს სიგარეტი“.

„არა მგონია რაიმე შედეგი ჰქონდეს, - მწეველი მაინც მოწევს, ასე მგონია“.
„ხო იყო სიგარეტი იაფი? მერე რომ გაძვირდა, შეიცვალა რამე? მაინც ყველა ეწევა“.

„კიდევ უფრო უნდა გაძვირდეს, რომ ვეღარ იყიდონ ვერც მამაკაცებმა და ვერც ქალებმა, რომლებიც ეწევიან. სულ არ უნდა გაიყიდოს. ბოლოს და ბოლოს, „სიკვდილი“ აწერია სიგარეტის კოლოფს“.
XS
SM
MD
LG