Accessibility links

logo-print
საახალწლო, სადღესასწაულო განწყობის სრულყოფისთვის ქალი ახალი წლის ღამეს შესაბამისადაც უნდა გამოიყურებოდეს, ამბობენ თბილისელი ქალბატონები და თავის მოსაწესრიგებლად სილამაზის სალონებს მიაშურებენ. სილამაზის სალონ ”ოცნებაში” წინასწარ ჩაწერილი კლიენტების გრძელი სია უკვე შედგენილი აქვთ. იმის გასარკვევად, თუ როგორ ემზადებიან ქალბატონები საახალწლოდ, მეც სწორედ ამ სალონში შევიხედე.

31 დეკემბერი კვირის სამუშაო დღეს დაემთხვა, ამიტომაც მომუშავე, დასაქმებულმა ქალბატონებმა თადარიგი დილიდანვე დაიჭირეს. საახალწლო წვეულებისთვის თუ სახლში ახალი წლის შესახვედრად თავის მოწესრიგებას საღამოს ვეღარ მოასწრებდნენ. დილიდან სალონში თმის ფენების, უთოების, სხვადასხვა ხელსაწყოების ხმაურია. შამპუნების, სახისა და თმის მოსაწესრიგებელი საშუალებების მოტკბო სურნელი ერთმანეთში ირევა. ვიღაცას თავს ჰბანენ, ვიღაც უკვე თავზე პირსახოცშემოხვეული დადის.

სტილისტი ეკა სირაძე ამბობს, რომ ახალი წლის მოახლოებასთან ერთად სალონებში ყოველთვის ”ქალმრავლობაა”, დეკემბრის ბოლოს სალონში მხოლოდ ჩაწერით თუ მოხვდები:

”დეკემბრის შუა რიცხვებში უფრო მიჩუმებულია ხოლმე აქაურობა, ყველა დეკემბრის ბოლოსთვის ინახავს თავს. განსაკუთრებით ცდილობენ რაღაც განსაკუთრებული ფერები შეარჩიონ, მით უმეტეს, თუ რაიმე ტენდენციებია ნაკარნახევი ახალი წლისთვის - შეიცვალონ თმის ფერი, მელირებებს იკეთებენ, ვარცხნილობას იცვლიან, თუ რაიმე ვარცხნილობაზეა ხაზი გასმული. უნდათ, რომ განსაკუთრებულები იყვნენ”.

სტილისტი ეკა სირაძე ამბობს, რომ სილამაზის სალონში წინასაახალწლოდ ყოველთვის იყო ხალხმრავლობა - მაშინაც კი, როცა ქვეყანაში ძალიან რთული ეკონომიკური და სოციალური ვითარება იყო. ეკა იხსენებს, რომ თბილისში სამოქალაქო ომის დროსაც კი, როცა რუსთაველის პროსპექტზე მძიმე ვითარება იყო, დედაქალაქის ცენტრში მდებარე სალონს ქალბატონები საახალწლოდ მაინც სტუმრობდნენ:
გვთხოვენ პრიალა მანიკიურს, კვასკვასა ფერებს. ფრენჩი და წითელი მანიკიური მოდიდან არასდროს გადის ...

”ყოველთვის, მიუხედავად რთული ვითარებისა, მაინც მოდიოდნენ. ახალი წელი, ალბათ, ყველაფერს ავიწყებს ხალხს. სწორედ იმიტომ, რომ რაც უფრო რთულია, უნდათ, რომ უკეთესის იმედი ჰქონდეთ და ცდილობენ, რომ მოწესრიგებულები შეხვდნენ”.

სტილისტი ეკა 2013 წლის ტენდენციებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ახალ წელს მკვეთრი და ხასხასა ფერებით უნდა შევხვდეთ:

”აქტუალური არის უფრო მწვანე, ლურჯი. გველის წელი მოდის და ამიტომ. ოქროსფერიც, ანუ ყველაფერი მკვეთრი შეფერილობის”.

ეკას სიტყვებით, როგორც წესი, მაკიაჟს ქალბატონები სამოსის შეფერილობისა და დიზაინის მიხედვით იკეთებენ, თუმცა მანიკიურის სპეციალისტ დიანას სიტყვებით, ეს ტენდენცია არ ვრცელდება ფრჩხილის ლაქის არჩევაზე:

”გვთხოვენ პრიალა მანიკიურს, კვასკვასა ფერებს. ფრენჩი და წითელი მანიკიური მოდიდან არასდროს გადის. უყვართ სხვადასხვანაირი ფრენჩის წასმა, მაგალითად, ლურჯ ფერზე წითლით ან უფერო ლაქზე წითელი ფრენჩი. ეს სიახლეა. კლიენტები ახალი იდეებით მოდიან ხოლმე. ასევე მოდაშია ფრჩხილების მოხატვა ყვავილებით ან სხვადასხვა ქვებით. ზოგიერთი ფრჩხილებს იგრძელებს და იკრავს ერთი დღით”.
მე ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდად ვიქცევი და ყველამ უნდა მოახერხოს, რომ საკუთარი თავისთვის მოიცალოს. ვფიქრობ, ყოველდღე კარგი იქნებოდა, მაგრამ, აი, მაგალითად, თავის დაბადების დღეზე ...

სილამაზის სალონში მისულ 43 წლის ლალის მარცხენა ხელის მტევანი აქვს მოტეხილი. თაბაშირიან ოდნავ გამოყოფილ სამ თითზე ფრჩხილის ლაქი მაინც უსვია. საახალწლოდ თაბაშირის მოხატვასაც აპირებს, რომ სადღესასწაულო სამოსთან თაბაშირიანი ხელი დისონანსში არ მოვიდეს. ლალი ამბობს, რომ ასე სადღესასწაულო განწყობაც არ გაუფუჭდება, რადგან მეგობრებთან ერთად ახალი წლის ღამის გატარებას რესტორანში გეგმავს:

”ყოველ მესამე დღეს ქალბატონ ეკასთან ვარ, ვინც ვარცხნილობას მიკეთებს. შესაბამისად, ვიკეთებ მანიკიურსაც. 31-ში დილიდან სალონში ვარ, რომ საღამოსთვის მოვწესრიგდე. საღამოს მივდივარ აბანოთუბანში, რესტორან ”გორგასალში”, სადაც სასიამოვნო საღამოს გვპირდებიან და იმედია, ძალიან კარგ დროს გავატარებ. სამოსიც შესაფერისი მეცმევა, შავ და ლურჯ ფერში, რაც არის წლევანდელი წლის ტენდენცია”.

32 წლის თამუნა ამბობს, რომ საქართველოში ქალები საკუთარი თავის მოვლის გარდა ყველაფერს აკეთებენ: სახლის ლაგება, საჭმელების კეთება, სხვებზე ზრუნვა, სტუმრების მიღება და გამასპინძლება... ამიტომ იმისათვის, რომ სადღესასწაულო განწყობა საკუთარ თავსაც შეუქმნას, სალონში შეირბინა. თამუნა ამბობს, რომ განსაკუთრებულ პროცედურებს არ გეგმავს - უბრალოდ, თმის დავარცხნით და მანიკიურის გაკეთებით შემოიფარგლება:

”მე ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდად ვიქცევი და ყველამ უნდა მოახერხოს, რომ საკუთარი თავისთვის მოიცალოს. ვფიქრობ, ყოველდღე კარგი იქნებოდა, მაგრამ, აი, მაგალითად, თავის დაბადების დღეზე, ახალ წელს თავის თავისთვის აუცილებლად უნდა მოიცალოს. ახლა ”მანიკიურშასთან” ჩავეწერე, რომ ფრჩხილები გავიკეთო და ვარცხნილობასაც მივხედავ. ეს კიდევ ერთი დეტალია სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად. სამწუხაროდ, წელს სახლში ვხვდები ახალ წელს. იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს სახლში არ შევხვდები”.

თამუნას სიტყვებით, ახალ წელს ურჩევნია მას მოემსახურონ და კარგად გაერთოს, ვიდრე თავად ზრუნავდეს სახლში სტუმრად მისული მეგობრებისა და ნათესავების გამასპინძლებაზე. ახალი წლის ღამით ერთ-ერთ სურვილად სწორედ იმას ჩაიფიქრებს, რომ შემდეგ ახალ წელს დღესასწაულის სახლში შეხვედრამ არ მოუწიოს.
XS
SM
MD
LG