Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს მკურნალობა დაუფინანსდებათ


„სოლიდარობის ფონდმა“, რომელიც რამდენიმე ხნის წინ პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნა, დაფინანსების მსურველთა პირველი განაცხადები განიხილა. პირველ ეტაპზე ფონდი 18 წლამდე ასაკის სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების კონკრეტული ფინანსური დახმარების საკითხს განიხილავს. ცნობილია, რომ 31 აგვისტოს მონაცემებით, ფონდში 124 ათას 458 ლარია ჩარიცხული. როგორ განაწილდება თანხები და რა ვითარებაა საქართველოში სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების მკურნალობის თვალსაზრისით?

4 წლის სოფიო ჭინჭარაძე გამოჯანმრთელდა, თუმცა მაშინ, როცა მას მენჯის ძვლის სარკომის დიაგნოზი დაუსვეს, ოჯახი ორი უმძიმესი საფიქრალის წინაშე დადგა, რომელი კლინიკისთვის მიემართათ და შემდეგ უკვე რა სახსრები იქნებოდა საჭირო სამკურნალოდ. სოფიო ჭინჭარაძის ბებია ნუნუ ქემაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში იხსენებს იმას, თუ რა იყო მთავარი პრობლემა დიაგნოზის შეტყობისას:

„აღმოჩნდა, რომ საქართველოში სოლიდური სიმსივნეების მართვა ვერ არის გამართული. არის ლეიკემიაზე აქცენტი, იაშვილის კლინიკაში მთელი აქცენტი ამაზეა, მაგრამ, მადლობა ღმერთს, აღმოჩნდა, რომ არის თითო-ოროლა ექიმი, რომლებსაც კვალიფიკაცია და სხვა საკითხები გარკვეული აქვთ და გარკვეულ ეტაპამდე იყო მართვის საშუალება, მაგრამ რაც შეეხება მერე ოპერატიულ ჩარევებს, საერთოდ არ არის ბაზა, არ არიან სპეციალისტები, ვისაც ეს შეუძლია, ამიტომ ჩვენ, როგორც ბევრ სხვას, მოგვიწია საზღვარგარეთ კვლევა-ძიება, რომ გვეპოვა ისეთი კომპეტენტური კლინიკა, რომელიც ასეთ პატარა ასაკში სწორ სტრატეგიას აირჩევდა და ეს იყო ყველაზე რთული“.

იმ პერიოდში ამ მშობლებს უხდებოდათ აბსოლუტურად ყველაფრის გაყიდვა, მერე ქირით გადადიოდნენ და უკიდურეს გაჭირვებაში ვარდებოდნენ. არც ახლაა სახარბიელო მდგომარეობა და ზუსტად „სოლიდარობის ფონდის“ ჩართვა იქნება გამოსავალი...
კახა ჯანაშვილი

ნუნუ ქემაშვილის თქმით, ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში ჩატარებული ოპერაცია 55 ათასი დოლარი დაჯდა, მას შემდეგ ჩატარებული ქიმიო თერაპიის 14 კურსი კი - დაახლოებით 40 ათასი დოლარი. თანხების მობილიზებაში ოჯახს დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი დაეხმარა.

დიმიტრი ცინცაძის ფონდის დამფუძნებლის კახა ჯანაშვილის თქმით, წელიწად-ნახევრის წინ საქართველოში თითქმის არაფერი არსებობდა სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად. ჯანდაცვის სამინისტრო გამოყოფდა 10 ათას დოლარს, რაც, პრაქტიკულად, არაფერზე იყო საკმარისი, მათ შორის, ოპერაციის შემდეგ საჭირო მედიკამენტებზე, მხოლოდ ერთი ფილტვის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატზე. კახა ჯანაშვილის თქმით, დიმიტრი ცინცაძის ფონდი წელიწადში თითო ბავშვზე 8 ათას ევროს ხარჯავს:

„იმ პერიოდში ამ მშობლებს უხდებოდათ აბსოლუტურად ყველაფრის გაყიდვა, მერე ქირით გადადიოდნენ და უკიდურეს გაჭირვებაში ვარდებოდნენ. არც ახლაა სახარბიელო მდგომარეობა და ზუსტად „სოლიდარობის ფონდის“ ჩართვა იქნება გამოსავალი. ჩვენ ვითანამშრომლებთ მათთან და მიხარია, რომ გაჩნდა ფონდი, რომელიც ამ ბავშვებზე იზრუნებს“.

საქველმოქმედო ფონდ Wehelp.ge-ს დირექტორი ბორის კიკნაძე ამბობს, რომ მათი ორგანიზაციის გამოცდილება ცხადყოფს, რომ საქართველოში ამ ტიპის დაავადებების მართვა ძალიან პრობლემურია და პაციენტები ძირითადად უცხოეთის კლინიკებს მიაშურებენ, მათ შორის, უმთავრესად, თურქეთის, ისრაელისა და გერმანიის კლინიკებს, ოპერაციისა და მკურნალობის თანხები კი ხშირად 500 ათას დოლარამდეც კი ადის:

„რა თქმა უნდა, კატასტროფული ფასია, თუმცა საშუალო ფასი მაინც არის 50-100 ათასი დოლარი, არის ასევე მკურნალობის მცირე კურსებიც, როცა მცირე თანხაა საჭირო და ყველაზე მარტივი მსგავსი საჭიროებების მქონე ბენეფიციარების დახმარებაა და სოლიდური თანხის შეგროვება ყოველთვის უფრო ჭირს“.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილმა სოლიდარობის ფონდმა 5 სექტემბერს პირველი სხდომა გამართა. როგორც ფონდის არჩეული დირექტორი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში განმარტავს, ფონდში 124 ათას ლარზე მეტი თანხაა მობილიზებული, იმ გაანგარიშებით, რომ თუ ფონდში ყოველთვიურად 100 ათასი ლარი შევა, საქართველოში სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების მკურნალობის პრობლემა მთლიანად მოგვარდება. მარიამ ჯაშის თქმით, სტატისტიკის თანახმად, ყოველწლიურად სოლიდური სიმსივნით დაავადების 50 ახალი შემთხვევა ვლინდება, ფონდში კი დახმარების მოთხოვნით 15 განაცხადი იყო შესული. ოთხი განცხადება ვერ ჯდებოდა დიაგნოსტიკურ ან ასაკობრივ კრიტერიუმებში. შესაბამისად, მათ უარი ეთქვათ:

„11-ვე ბავშვი, რომელსაც სჭირდებოდა თანადაფინანსება საქართველოში ან საზღვარგარეთ ჩასატარებელი მკურნალობის, დაფინანსდა კომისიის გადაწყვეტილებით. 11 ბავშვიდან 3 ბავშვის შემთხვევაში ფინანსდება საზღვარგარეთ მკურნალობისთვის, 8 ბავშვის შემთხვევაში საქართველოში ქიმიოთერაპიის თანადაფინანსება იქნა უზრუნველყოფილი“.

ადამიანებს, მეწარმეებს, რომელთაც საკუთარი ვალდებულება სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე გასტუმრებული აქვთ, გადასახადები გადახდილი აქვთ, ამ ადამიანებს ნებსით თუ უნებლით უწევთ რაღაც დამატებითი თანხების გადახდა „სოლიდარობის ფონდში“...
ლევან კალანდაძე

მარიამ ჯაშის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ შემდგომში რომელიმე ბენეფიციარისთვის სასწრაფო ოპერაციის აუცილებლობა დადგება დღის წესრიგში და ამ დროისთვის ფინდში შესაბამისი თანხა არ იქნება მობილიზებული, ფონდი საგარანტიო წერილით ჩადგება თავდებში და ოპერაცია მაინც ჩატარდება.

თუმცა, მიუხედავად კეთილშობილური მიზნებისა, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე ფონდის მიზნებს მაინც კრიტიკულად აფასებს. მისი თქმით, ხელისუფლება თავის სოციალურ ვალდებულებებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, „სოლიდარობის ფონდს“ აკისრებს:

„ადამიანებს, მეწარმეებს, რომელთაც საკუთარი ვალდებულება სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე გასტუმრებული აქვთ, გადასახადები გადახდილი აქვთ, ამ ადამიანებს ნებსით თუ უნებლით უწევთ რაღაც დამატებითი თანხების გადახდა „სოლიდარობის ფონდში“ იმისთვის, რომ სახელმწიფოს მიერ აღებული გასტუმრებულ იქნეს“.

ლევან კალანდაძის თქმით, ბავშვებში ონკოდაავადებების კურირება არის ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო პროგრამის დისკრეცია და ვალდებულება. ცნობილია, რომ „სოლიდარობის ფონდში“ თავისი შემოწირულებები შეაქვთ საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG