Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართულ-ებრაული მეგობრობის 26 საუკუნე“ – ახალციხეში სინაგოგის 275 წლის იუბილე აღინიშნა


ახალციხე
ახალციხე

ახალციხეში უძველესი სინაგოგის აშენებიდან 275 წელსა და მისი განახლებიდან 153 წლის იუბილეს აღნიშნავენ.

ღონისძიებას, სახელწოდებით "ქართულ-ებრაული მეგობრობის 26 საუკუნე“, მინისტრთა კაბინეტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს სხვა ქალაქებიდან და ასევე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მომლოცველები დაესწრნენ. ქართულ-ებრაული მეგობრობის კვირეულის ფარგლებში ევროპაში ყველაზე უძველესი სინაგოგის მონახულება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

„მეგობრობის დიდი ისტორიის დასტური“ – ასე უწოდა ზაზა ვაშაყმაძემ სამახსოვრო წიგნში ქართველ-ებრაელთა მეგობრობის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებებს ახალციხეში. ტოლერანტობის სიმბოლო, ახალციხე, ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება სხვადასხვა ეთნოსისა და რელიგიის წარმომადგენელთა მშვიდობიანი და მეგობრული მრავალსაუკუნოვანი ცხოვრება ერთ ქალაქში, მიაჩნია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს ზაზა ვაშაყმაძეს.

კვირეულის გახსნის ღონისძიებაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. ისრაელის ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი ამბობს, რომ ახალციხეში უძველესი სინაგოგის არსებობა ორი ერის მეგობრობის სიმბოლოა.

სინაგოგაში შესრულდა ნაშუადღევის ლოცვა, მინხა, რისთვისაც მინიმუმ 10 მამაკაცია საჭირო. სტუმრები ახალციხეს სხვადასხვა ქალაქიდან და ქვეყნიდან ეწვივნენ.

სპეციალურად ქართულ-ებრაული ოცდაექვსსაუკუნოვანი მეგობრობის აღსანიშნავად ახალციხის ციხეზე ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების მიერ შესრულებული კონცერტი გაიმართა. სტუმრებმა სამხატვრო სკოლისა და თვითნასწავლი მხატვრის მიხეილ იაძის ნამუშევრები, ასევე ციხის კომპლექსი და მუზეუმი დაათვალიერეს. ქართულ-ებრაული მეგობრობის კვირეულის ფარგლებში ევროპაში ყველაზე უძველესი სინაგოგის მონახულება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG