Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სინათლე 23 წლის შემდეგ


გაგლოაანთუბანში 23 წლის შემდეგ ნათურა პირველად აინთო. სოფელი გორიდან სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 40 კილომეტრში, ტანას ხეობაში მდებარეობს. მაღალმთიან სოფელში მანქანით ჩასვლას ცუდი გზის გამო საათ-ნახევარში ვახერხებთ. გაგლოაანთუბანში უკვე ზამთარია. სოფელში მცხოვრებ 7 ოჯახს შეშა მომარაგებული აქვს. ლამპისთვის ნავთიც ნაყიდი ჰქონდათ, მაგრამ საწვავი ახლა სხვა საქმისთვის გამოადგებათ. რევაზ გაგლოშვილის სახლში 23 წლის შემდეგ ნათურა პირველად აინთო. ქალაქიდან ჩასულ სტუმრებს დიასახლისი ოსური ხაჭაპურებით ხვდება. ოჯახი გახარებულია. რევაზ გაგლოშვილი ამბობს, რომ დიდი ხანია ცდილობდნენ სოფელში ელექტროენერგია აღედგინათ, მაგრამ მათი განცხადებები ამ დრომდე უპასუხოდ რჩებოდა.

სოფელი გაგლოაანთუბანი ერთ დროს ძლიერ სოფლად ითვლებოდა. აქ ძირითადად კარტოფილი მოჰყავდათ, მისდევდნენ მეცხოველეობას, მაგრამ 1991 წელს სოფელი თითქმის მთლიანად დაიცალა. ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს გაგლოაანთუბნელი ოსების დიდი ნაწილი იძულებული გახდა მშობლიური სახლები მიეტოვებინა და ვლადიკავკაზში გადასახლებულიყო, მათი სახლები კი სხვადასხვა შეიარაღებული ფორმირების წარმომადგენლების მიერ იძარცვებოდა. ახლა მთების კალთებიდან მხოლოდ ნასახლარებიღა მოჩანს. სოფლის ტრანსფორმატორი და ელექტროგადამცემი სადენებიც მაშინ გაძარცვეს. სოფლის მცხოვრები მარგალიტა თოფჩიშვილი ამბობს, რომ მაღალმთიან სოფელში, სადაც არც გზაა ნორმალური და არც საცხოვრებელი პირობები, გაჩერება უკვე შეუძლებელია, მაგრამ ხანში შესული ადამიანები აქაურობას არ ტოვებენ.

გორის საკრებულოში ბოშურის თემის მაჟორიტარი წარმომადგენელი მურად თოფჩიშვილი აცხადებს, რომ სოფლისთვის ახლა უმთავრესი პრობლემა გზის აღდგენაა. მისი აზრით, ხეობაში ტურიზმის განვითარებასთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობაც გაუმჯობესდება, მაგრამ მანამდე სახელმწიფომ მაღალმთიან სოფლებს ყურადღება უნდა მიაქციოს, რადგან ასეთი სოფლებიდან მიგრაციაა დაწყებული.

გაგლოაანთუბანში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავიდნენ. სოფელში ახალი ტრანსფორმატორი დამონტაჟდა, აღდგა ელექტროგადამცემი ბოძები და სადენები, მალე გამრიცხველიანებაც დაიწყება. პროექტი ენერგეტიკის სამინისტროს დაფინანსებით „ენერგოპროჯორჯიამ“ განახორციელა. გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ სოფლისთვის ელექტროენერგიის მიწოდება მოსახლეობის უკან დაბრუნებას ხელს შეუწყობს.

გორის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან ზონაში კიდევ არის რამდენიმე სოფელი, სადაც ელექტროენერგია არა აქვთ. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ამ სოფლებშიც სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება. გაგლოაანთუბნიდან ღამით ვბრუნდებით, გზის ნაპირებზე ახალმოსული თოვლი მთვარის შუქს ირეკლავს, მთაზე შეფენილი სახლების ფანჯრებიდან კი ლამპის მკრთალი შუქის ნაცვლად ხარისხიანი სინათლე გვხვდება თვალში.

XS
SM
MD
LG